2021 წელს, საქართველოს კათოლიკე ეკლსია რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. ესენია:
– წმ. იოსების წელიწადი, რომელიც პაპმა ფრანცისკემ დაადგინა;
– ქართველი კათოლიკე წმინდანის, დემეტრე თბილელის 700 წლისთავი;
– ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკების საქართველოში ჩამობრძანება.
იმისათვის, რომ ამ თარიღების აღნიშვნა ორგანიზებულად მოხდეს, ეკლესიაში სპეციალური კომისია შეიქმნა. მასში, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები არიან ჩართული.
დღეს, 24 თებერვალს კომისიის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური ესწრებოდნენ.
შეხვედაზე, სამივე თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. დაიგეგმა, რომ წმიდა იოსების წელიწადის მასშტაბური აღნიშვნა მარტის თვეში მოხდება, რადგან 19 მარტი წიდანის მოხსენიების დღეა;
დემეტრე თბილელის 700 წლისთავი აპრილის პირველ ნახევარში აღინიშნება;
ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკებას კი საქართველოში, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ჩამოაბრძანებენ. ქანდაკება საქართველოს ყველა კათოლიკურ სამრევლოში დაბრძანდება და მრევლს მასთან ლოცვის საშუალება ექნება.
შეხვედრის მონაწილეებს, ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკების ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, დეტალები ვატიკანის ელჩმა გააცნო.
კომისია შეხვედრებს განაგრძობს, რათა ღონისძიებების საბოლოო განრიგი და ფორმა დადგინდეს.
ცნობილია, რომ წლის განმავლობაში კათოლიკე მრევლისთვის თარიღებთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა დაიგეგმება.
თაკო ფეიქრიშვილი, კოტე აკოფაშვილი
Comments