top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘2025 წელს კათოლიკეები და მართლმადიდებლები აღდგომას ერთ დღეს აღნიშნავენ’ – მიტროპოლიტი


მიტროპოლიტმა ემანუელმა „ვატიკან ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია "დიდი აღფრთოვანებით" ელის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდს, რომელიც 2023 წელს შედგება და რომლის მთავარი თემაც „სინოდური ეკლესიის გზაზე: თანაზიარება, მონაწილეობა და მისიაა“.


„კათოლიკე ეკლესიის სინოდურ გზას, რომელიც წმინდა მამის დამსახურებით დაიწყო, დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“, - განაცხადა, წმინდა პეტრესა და წმინდა პავლე მოციქულების დღესასწაულზე, რომში მყოფმა კონსტანტინეპოლის დელეგაციის წარმომადგენელმა, ქალკედონის მიტროპოლიტმა ემანუელმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ დიდი გულისყურით ელის ეპისკოპოსთა სინოდს, რომელიც 2023 წელს ჩატარდება, თემაზე: „სინოდური ეკლესიის გზაზე: თანაზიარება, მონაწილეობა და მისია“.


იერარქის აზრით, თემატიკის შერჩევა ეკუმენური ურთიერთობის ნაყოფია და ამაზე მეტყველებს ასევე დიალოგის საკითხებში კათოლიკე და მართმადიდებელი ეკლესიების საერთაშორისო შერეული კომისიის დოკუმენტებიც, რომლებიც შერიგებასა და პირველობას მიეძღვნა.


„კიეტიში (იტალია) მიღებული დოკუმენტების თანახმად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები, პირველათასწლეულში ერთიანნი იყვნენ: მოციქულთა რწმენის დაცვაში, ეპისკოპოსთა სამოციქულო მემკვიდრეობის უწყვეტობაში, სინოდური სტრუქტურის განვითარებაში, პირველობისა და ძალაუფლების, როგორც სიყვარულის მსახურების შეგნების (დიაკონია) განუყოფელ კავშირში. იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხდებოდა უთანხმოებები, ორივე მხარის ეპისკოპოსებს კარგად ესმოდათ, რომ ეკუთვნოდნენ ერთიან ეკლესიას.


2025 წელს, ეს ორი ეკლესია აღნიშნავს ნიკეის კრებიდან 1700 წლისთავს. წარსულში, სწორედ ამ კრებაზე იქნა მიღებული წესი აღდგომის თარიღების გამოთვლის შესახებ.

2025 წელს კი, კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთ დღეს აღნიშნავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.


მიტროპოლიტი ემანუელი თვლის, რომ კალენდარული საკითხების გადახედვისთვის, იუბილე ხელსაყრელი მომენტი იქნება:


„აღდგომის დღესასწაულის ერთ დღეს აღნიშვნა ნელ-ნელა გადაიქცა უმთავრესი მნიშვნელობის მქონე ეკუმენურ საკითხად. როგორ ვიქნებით ამ ქრისტიანული კულმინაციური დღესასწაულის ჭეშმარიტი მოწმეები, თუ აღნიშნულ საკითხში არ ვიქნებით ერთიანნი? მე ვფიქრობ, რომ მომავალმა იუბილემ უნდა აღძრას ჩვენში სურვილი ვიფიქროთ ჩვენი ლიტურგიის პრაქტიკაზე, ქრისტეს სხეულის ერთიანობის სულისკვეთებით. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კალენდრის საკითხი უმნიშვნელოვანესია, რადგან როგორც ისტორია გვაჩვენებს, მსგავს საკითხებს მივყავდით განხეთქილებამდე. კრებამდელ, სრულიად მართლმადიდებლურ კონტექსტშიც კი, ვერ იქნა გადაწყვეტილი აღნიშნული საკითხი, რათა არ გამოეწვია პოლარიზაცია, რომელიც უფრო იდენტურობის პრობლემას ეხებოდა, ვიდრე საღვთისმეტყველოს. თუ ამ ისტორიული კრების საფუძველზე აღდგომის დღესასწაული აღინიშნება სრულიად საქრისტიანოში ერთ დღეს, მაშინ ეს გახდება დამოწმებისა და შერიგების ძლიერი გზავნილი“, - აღნიშნავს იერარქი.


წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page