top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

21 ივნისი – წმინდა ალოიზ გონზაგას, ახალგაზრდების მფარველის მოხსენიება


ალოიზ გონზაგა ახალგაზრდა იეზუიტი იყო. მაშინ როცა იეზუიტთა საზოგადოება აღმავლობის გზაზე იდგა, მან მთელი საქრისტიანოდან ბევრი ახლგაზრდას გული მიიზიდა.


ალოიზი იტალიაში, 1568 წლის 9 მარტს დაიბადა. გონზაგების უძველეს არისტოკრატულ ოჯახში, მანტუისთან ახლოს არსებულ საგვარეულო სასახლეში. იგი მამასთან ერთად, ბავშვობიდანვე მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში.


ალოიზი თავიდანვე ტრიალდებდა დიდგვაროვანთა და სამეფო წრეებში. ჯერ ტოსკანის ჰერცოგის, ფრანჩესკოს გვერდით იყო, შემდგომ კი ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის „მარჯვენა ხელს“ წარმოადგენდა.


ალოიზი გამოირჩეოდა ინტელექტით და რამდენიმე ენას ფლობდა. სწორედ ამ ნიჭის დამსახურებით, მან უმაღლესი განათლება მიიღო.


როგორც არისტოკრატთა ოჯახის უფროსი შვილი, იგი იყო ოჯახის მემკვიდრე და სამხედრო კარიერის მოწყობაც შეეძლო, მაგრამ გრძნობდა სულიერი ცხოვრებისაკენ უდიდეს წყურვილს. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, მან უბიწოებისა და ღვთის მსახურებისადმი თავის მიძღვნის პირადი აღთქმა დადო საკურთხეველთან და ოჯახის წევრებს გაუცხადა, რომ იეზუიტობა სურდა.


მსგავსი პრაქტიკა მანამდეც არსებობდა, როცა არისტოკრატული ოჯახიდან ვინმე სასულიერო პირი ხდებოდა. დიდგვაროვნებს შორის სასულიერო კარიერა საერო კარიერის ტოლფასად განიხილებოდა და მას ძირითადად, უმცროსი შვილები ირჩევდნენ. თუმცა ელოიზის შემთხვევაში, კარიერას მნიშვნელობა არ ჰქონდა.


იეზუიტთა განაწესი კრძალავდა ეკლესიაში მაღალი თანამდებობის დაკავებას. ორდენი იმით გამოირჩეოდა, რომ ღვთისთვის უნდა ემსახურა ყველაზე რთულ და სახიფათო ადგილებშიც კი. ახალგაზრდა ალოიზს ურთულესი გზის გავლა მოუწია, სანამ მამას დაითანხმებდა, რომ ქონება უმცროსი ძმისთვის, როდოლფოსთვის ეანდერძა, ხოლო თავად რომში წავიდა და იეზუიტთა ორდენის ნოვიციატს შეუერთდა.


ალოიზის სასულიერო გზისკენ მიდრეკილება წმინდა კარლო ბორომეოსთან ურთიერთობით დაიბადა, რომელმაც 1580 წელს პირველი ზიარება მიაღებინა მშობლიურ სასახლეში. ნოვიცატში კი მისი სულიერი მოძღვარი კიდევ ერთი წმინდანი იყო – წმინდა რობერტ ბელარმინი, შემდგომში კარდინალი და იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კათოლიკე ღვთისმეტყველი, რომელიც ტრიდენტის კრების ტექსტების განმაახლებელი იყო.


1587 წელს ალოიზმა პირველი საბერმონაზვნო აღთქმები დადო და მღვდლობისთვის მომზადება გააგრძელა, მაგრამ მღვდლად ხელდასხმა და სწავლის დასრულება ვერ ხერხდებოდა, რადგან რომში თავი იჩინა „შავი ჭირის“ ეპიდემიამ, ახალგაზრდა იეზუიტები კი მუხლჩაუხრელად ემსახურებოდნენ „შავი ჭირით“ დაავადებულებს.

ალოიზი ცდილობდა ყველაზე მძიმე ავადმყოფებისთვის მოევლო. მაშინ, როცა საავადმყოფოში არ მორიგეობდა, იგი რომში, დიდგვაროვანთა ოჯახებში მიდიოდა, რომელთაგან უმრავლესობა მისი ბავშვობის მეგობარი ან ნათესავი იყო და მათგან შემოწირულობებს კრეფდა ავადმყოფების მოსავლელად და საავადმყოფოს შესანახად.


ერთხელ, როცა შემოვლიდან ბრუნდებოდა, ხიდზე ავადმყოფი კაცი დაინახა. დაუფიქრებლად მოიკიდა მხრებზე და იეზუიტთა ორდენის მიერ დაარსებულ საავადმყოფოში მიიყვანა.


ბოლოს, ალოიზი თავადაც დაავადდა. მისმა ახალგაზრდა ორგანიზმმა სამი თვის განმავლობაში იბრძოლა ავადმყოფობასთან, მაგრამ 1591 წლის 21 ივნისს, 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის თვალებში უფლისადმი სასოება იგრძნობოდა. იგი ვერ მოესწრო მღვდლად ხელდასხმას და დიდ ღვთისმეტყველად გახდომას, თუმცა ორდენი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა.


1605 წელს, პაპმა პავლე V-მ ალოიზ გონზაგა ნეტარად შერაცხა, ხოლო 1726 წელს, პაპმა ბენედიქტე XIII-მ – წმინდანად. სამი წლის შემდეგ, პაპმა იგი სტუდენტებისა და ახალგაზრდების ზეციურ მფარველად გამოაცხადა.


შოთა გიქოშვილი
bottom of page