• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

25 მარტი - პაპი ფრანცისკე მარიამის უმანკო გულს რუსეთსა და უკრაინას მიუძღვნის

Updated: Mar 24

ხარების დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში 17:00 საათზე, მონანიების ღვთისმსახურებისას აღევლინება მიძღვნის აქტი, რომელსაც პაპი ფრანცისკე გაუძღვება. იმავე დღეს, ფატიმაში იმავე აქტს შეასრულებს კარდინალი კონრად კრაევსკი, როგორც პაპის წარმომადგენელი.



25 მარტს, მონანიების ღვთისმსახურებისას, პაპი ფრანცისკე რუსეთსა და უკრაინას მარიამის უმანკო გულს მიუძღვნის – ამის შესახებ განცხადება წმინდა საყდრის პრესსამსახურის უფროსმა, მატეო ბრუნიმ გააკეთა.


მიძღვნის აქტის შესრულების თარიღად უფლის ხარების დღესასწაული შეირჩა.


ინფორმაცია პაპ ფრანცისკეს "ტვიტერის" გვერდზეც გამოქვეყნდა. წმინდა მამა მოგვიწოდებს ვილოცოთ მშვიდობისთვის.


1917 წლის 13 ივლისს ფატიმაში გამოცხადებისას, ღვთისმშობელმა ითხოვა რუსეთის მიძღვნა მისი უმანკო გულისადმი და თქვა, რომ თუ ეს თხოვნა არ შესრულდებოდა, რუსეთი გაავრცელებდა თავის შეცდომებს მთელს მსოფლიოში, ხელს შეუწყობდა ომებს და ეკლესიის დევნას – „მართალნი მოწამეობრივად დაიღუპებიან, წმინდა მამას ბევრი ტანჯვა მოუწევს, განადგურდება სხვადასხვა ერი“.


ფატიმას გამოცხადების შემდეგ, 1942 წლის 31 ოქტომბერს პიუს XII-მ აკურთხა მთელი მსოფლიო და 1952 წლის 7 ივლისს მიუძღვნა რუსეთის ხალხები მარიამის უბიწო გულს. აღნიშნული დაწერილია სამოციქულო წერილში - Sacro Verente.


„როგორც რამდენიმე წლის წინ, ჩვენ მთელი მსოფლიო მივუძღვენით ღვთისმშობლის უმანკო გულს, ახლაც განსაკუთრებული სახით ვუძღვნი რუსეთის ყველა ხალხს იმავე უმანკო გულს“.


1964 წლის 21 ნოემბერს ვატიკანის მეორე კრებისას, პავლე VI-მ მამების თანდასწრებით განაახლა რუსეთის მიძღვნის აქტი ღვთისმშობლის უმანკო გულისადმი.


პაპმა იოანე პავლე II-მ კი, მიძღვნისთვის, რომელიც უნდა აღენიშნათ სანტა მარია მაჯიორეს ბაზილიკაში 1981 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის საზეიმო დღესასწაულზე, შეადგინა ლოცვა და მას "მინდობის აქტი" უწოდა.


ღვთისმშობლის თხოვნაზე უფრო სრულყოფილად რომ ეპასუხა, მას სურდა მინდობის აქტი გამოსყიდვის წმიდა წელს გამოეცხადებინა – 1981 წლის 7 ივნისის. ეს აქტი განმეორდა ფატიმაში 1982 წლის 13 მაისს.


1984 წლის 25 მარტს წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიოს ყველა ეპისკოპოსთან ერთად სულიერ კავშირში წმინდა პაპმა იოანე პავლე II-მ მარიამის უმანკო გულს მსოფლიოს ხალხები მიუძღვნა.


2000 წლის ივნისში წმინდა საყდარმა გამოავლინა ფატიმას საიდუმლოების მესამე ნაწილი და მაშინდელმა არქიეპისკოპოსმა ტარჩიზიო ბერტონემ, რწმენის დოქტრინის კრების მდივანმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონაზონმა ლუსიამ 1989 წლის წერილში პირადად დაადასტურა ეს ქმედება. საზეიმო და საყოველთაო მიძღვნა შეესაბამებოდა იმას, რაც ღვთისმშობელს სურდა.


დიახ! ეს შესრულდა 1984 წლის 25 მარტს, ისე, როგორც ღვთისმშობელმა ითხოვა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი