• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

4 დეკემბერს კათოლიკე ეკელსიაში წმ. ბარბარეს ხსენების დღეა


კათოლიკე ეკლესია წმ. ბარბარობეს ხსენების დღეს 4 დეკემბერს აღნიშნავს. წმინდა ბარბარე IV საუკუნეში, კეისარ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა.


მისი მშობლები წარმართები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. ახალგაზრდა ბარბარე ისე დამშვენდა, ვრავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს, მამამისს, მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ღვთის განგებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მოხდა ისე, რომ მღვდელმთავარმა ბარბარე ქრისტიანულად მონათლა.

როდესაც დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, განრისხდა. რისხვისგან გონებდაკარგულს მახვილით უნდოდა მისთვის თავი მოეკვეთა. ბარბარე გაექცა მამას და მთას მიაშურა, რომელიც გადაიხსნა და წმინდანი დიდ ნაპრალში შეიფარა. წმ. ბარბარემ აქ, ამ ნაპრალში დაიწყო ცხოვრება.

ერთხელაც დიოსკორემ ორი მწყემსის დახმარებით იმ გამოქვაბულს მიაგნო, სადაც ბარბარე ცხოვრობდა. მამამ ქალიშვილი დაუნდობლად სცემა, დილეგში ჩააგდო, მცველები მიუჩინა და დიდხანს აშიმშილა. ამის შემდეგ ქალაქის თავს მარტიანეს გადასცა. მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.

წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის. კათოლიკურ ეკლესიაში იგი მიიჩნევა: არქიტექტორების, არტილერისტების, მეზღვაურების, მეშახტეების, მეხანძრეების მფარველად.


0 comments