1575 წლის 2 თებერვალს, წმ. კამილო დე ლელისი მოექცა. 2025 წელს წმინდანის მოქცევიდან ზუსტად 450 წელი გავიდა. catholic.ge გთავაზობთ საქართველოში მოღვაწე კამილიელი ბერების მოკლე ჩანაწერს, საკუთარი ორდენისა და იუბილეს შესახებ.

კამილიელთა ორდენის ლოგო
კამილიელთა ორდენის ლოგო ეფუძნება უძველეს სიბრძნეს: "ღმერთი ადამიანთა მრუდე ხაზებზე სწორად წერს". იგი მარტივია, თუმცა სიღრმისეულად ასახავს წმიდა კამილოს მოქცევის გზას.
თავდაპირველად, კამილოს ცხოვრების გზა კლაკნილი იყო. აზარტული თამაშების ვნებამ იგი სრულ გაკოტრებამდე მიიყვანა. თუმცა მოქცევის შემდეგ ეს გზა გასწორდა - ღმერთმა თავად აიღო მისი ცხოვრება საკუთარ ხელში.
ჯვრის სახედ ქმნილი წრფელი გზა გვიჩვენებს, რომ კამილო ამიერიდან მარტო აღარ ივლის - მასთანაა უფალი, რომელიც აქამდეც ელოდა და ბოლომდე გაჰყვება.
წითელი ჯვარი კამილიელთა დიდი ოჯახის ქარიზმასა და თვითმყოფადობას გამოხატავს.
ფერადი სხივები ღვთაებრივი ნათლის სიმბოლოა - ნათლისა, რომელმაც კამილოს გზა გაუნათა და ქრისტესთან, თავის ძმასა და მხსნელთან, მიიყვანა. ამავდროულად, ეს სხივები ხუთ კონტინენტზე მიმობნეულ კამილიელებსაც წარმოადგენს.

მუხლმოყრილი კაცის ფიგურა, ერთი მხრივ, წმინდა კამილოს განასახიერებს მონანიების ჟამს - უფლის მოწყალებით შეძრულს, ცრემლმორეულს, რომელიც ლოცულობს: "აღარასდროს დავუბრუნდები ამქვეყნიურს, მომეცი დრო გამოსწორებისთვის, უფალო ჩემო". მეორე მხრივ კი, ეს ფიგურა ყველა იმ ადამიანს წარმოადგენს - მამაკაცსა თუ ქალს - ვინც ღვთის წყალობის მისაღებად მუხლს იყრის. არავინაა ღვთის მადლისა და შენდობის მიღმა. უფალი გვანიჭებს სიმამაცეს ახალი გზების გასაკვლევად, მოთმინებას განსაცდელში გასაძლებად და სიმტკიცეს რწმენის შესანარჩუნებლად. მისი ღვთაებრივი და კაცობრივი თანაყოფნა გვიძღვება წინ და გვაძლიერებს.
დაე, ეს იუბილე გახდეს ჩვენი ცხოვრების განახლების დრო, შემოქმედის თავდაპირველი ჩანაფიქრის შესაბამისად.
2025 წლის იუბილე: „ქრისტეს მიერ შეძენილნი“, „იმედის მოგზაურნი“.
რომი, 2024 წლის 3 დეკემბერი
ძვირფასო ძმანო და დანო, კათოლიკური ეკლესიის საყოველთაო იუბილე ოფიციალურად გაიხსნება 2024 წლის 24 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს მიერ აღვლენილი საზეიმო წირვით, რასაც წმინდა კარის გახსნის საიდუმლო მოჰყვება. ესე დღესასწაული დასაბამს მისცემს განსაკუთრებულ წელიწადს - ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ სვლას და მადლით ცხებულ ჟამს, რომლის დროსაც შეგვეძლება შევხვდეთ უფალს, განვაახლოთ ჩვენი სასოება და ვეზიაროთ მის გარდამქმნელ სიყვარულს.
იუბილეს თემა - "იმედის მოგზაურნი" - შეგვახსენებს ქრისტიანული იმედის უმთავრეს არსს, რომელიც ადამიანის მომავალს საზრდოობს და ნათელს ჰფენს. როგორც პაპი ფრანცისკე გვახსენებს საიუბილეო ბულაში "Spes non confundit" ("იმედი არ გვიმტყუნებს"), იმედი ის ძალაა, რომელიც სიხარულით გვიბიძგებს მომავლის შესაქმნელად, თუნდაც ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში.
გარდამსახველი შეხვედრა
საიუბილეო დღესასწაული მხოლოდ ზეიმი როდია - ის ღრმა შეხვედრის გამოცდილებად იქცევა. ეს გახლავთ პირადი ურთიერთობა ცოცხალ იესო ქრისტესთან, რომელიც ჩვენი გულებისა და ცხოვრების განახლებას ელის. ეს შეხვედრა არ შემოიფარგლება მხოლოდ განსაკუთრებული წუთებით - ეს მოწოდებაა ყოველდღიურად ვიცხოვროთ განახლებული რწმენითა და გულმოდგინებით.
ქრისტე ამ იუბილეს ჭეშმარიტი მოთავეა. მისი ნათელი გზას გვინათებს და მისი სიყვარული ყველაფერს აახლებს. მისი მადლი გვიწვევს, ვიყოთ იმედის მატარებელნი და მიღებული საბოძვარი გავუზიაროთ სხვებს სიმამაცითა და სიყვარულით, რათა გავხდეთ მისი წყალობის ჭეშმარიტი მოწაფენი და მოწმენი.
იუბილე გვიწვევს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი რწმენა და ვიქცეთ სახარების ჭეშმარიტ მაუწყებლებად. ეს მძლავრი მოწოდებაა განვაახლოთ ჩვენი რწმენა და ვიყოთ ქვეყნის მარილი და სოფლის ნათელი.

კამილიელთა ოჯახი: კვლავ აღმოსაჩენი მოწოდება
ჩვენთვის, კამილიელთა ოჯახისთვის, სნეულთათვის იმედის მიტანა ვალდებულებაც არის და პატივიც. წმინდა კამილომ გვასწავლა, რომ ავადმყოფები ჩვენი მწყალობელნი არიან, რადგან სასუფევლის კარს გვიღებენ. მზრუნველობის თითოეულ ჟესტში ჩვენ უნდა გამოვვლინდეთ როგორც ღვთის სიყვარულის ხილული ნიშანი და მისი მოწყალების მოწმენი.
2025 წლის იუბილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი საძმოსთვის - აღვნიშნავთ წმიდა კამილოს მოქცევის 450-ე წლისთავს და ეს გვიწვევს დავფიქრდეთ ღვთის მადლის გარდამქმნელ ძალაზე.
შერჩეული თემა - "ქრისტეს მიერ დაპყრობილნი" (ფილ. 3,12) - პირდაპირ მიგვანიშნებს ჩვენი ქარიზმის არსზე: უღრმეს სიყვარულზე სნეულთა მიმართ, რომელშიც ღვთის თანაგრძნობა ცხადდება.
წმინდა კამილო გვასწავლის, რომ სიწმინდე ყველასთვის მისაწვდომი გზაა, რომელიც ჩვენს მოწოდებაში ერთგულებითა და შემოქმედებითი სულით ვლინდება. ეს წლისთავი მოგვიწოდებს განვაახლოთ ჩვენი ქარიზმატული თვითმყოფობა, განვამტკიცოთ ძმური ერთობა და ყოველდღიურ მსახურებაში ცხადვყოთ სახარების სიხარული.
ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიცხოვროთ ჩვენი ქარიზმით შემოქმედებითი ერთგულებით, რომელიც სიყვარულსა და მოწყალებაზეა დაფუძნებული სნეულთა მიმართ. იუბილე გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ახალი გზები ჩვენი მოწოდების აღსასრულებლად, რათა იგი იქცეს იმედისა და კურნების წყაროდ მთელი მსოფლიოსთვის.
მოწოდება მოქმედებისკენ
ვეცადოთ 2025 წლის იუბილე იქცეს ახალ შესაძლებლობად განვაახლოთ ჩვენი მსახურება სნეულთა და გაჭირვებულთა მიმართ, რათა მათ ცხოვრებასა და ტანჯვაში დავინახოთ იესოს სახე. მოწყალების თითოეული ჟესტი და უანგარო მსახურება შეიძლება იქცეს იმედისა და სიყვარულის ნაყოფად, რაც ღვთის მოწყალების მაუწყებლებად გვაქცევს.

ძმური სიყვარულითა და წმინდა კამილოს ლოცვა-კურთხევით,
კამილიელი ბერები
Comments