იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენცია (CEI) თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის, პირველადი დახმარების სახით, 500 000 ევროს გამოყოფს.
მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი. დანგრეულია უამრავი შენობა-ნაგებობა, ადგილობრივი „კარიტასის“ ხელმძღვანელთა წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს.
თურქეთში დაზიანების მასშტაბები დიდია,ზოგი ადგილი რთულად მისადგომია. ამასთან, მკაცრი ამინდის პირობების გამო, ჩამოინგრა ისქანდერუნის საკათედრო ტაძარი, ნანგრევებად არის ქცეული სკოლები და ეპისკოპოსის კურია.
„სირიაში, როგორც კათოლიკური სამრევლო, ასევე მართლმადიდებლური ტაძარი სრულად განადგურდა. სიტუაცია ყოველ წუთში იცვლება“, - ამბობს ანატოლიის სამოციქულო ვიკარიუსი და თურქეთის „კარიტასის“ პრეზიდენტი, ეპისკოპოსი პაოლო ბიძეტი.
ომებისგან ისედაც განადგურებულ სირიას, სადაც მოსახლეობის 80% სიღარიბის ზღვარზე და მის მიღმაა, მიწისძვრამ დიდი დაღი დაასვა. “იტალიის ეკლესიის სახელით, ღრმა მწუხარებასადა სიახლოვეს გამოვხატავ მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ და ლოცვებში ვიხსენიებ დაღუპულთა სულებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს. გულში ვიკრავ მათ, ვის თავზეც ეს უბედურება დატრიალდა. იმედს გამოვთქვამ, რომ საერთაშორისო სოლიდარობის მანქანა სწრაფი აღდგენის მიზნით მყისვე იქნება მოყვანილი მოქმედებაში”, - ამბობს ბოლონიის არქიეპისკოპოსი და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი, კარდინალი მათეო ძუპი.
შოთა გიქოშვილი
Comments