ცხრა კოლაელი ყრმა — გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი, ხსენების დღე ახალი სტილით - 6 მარტი. წმინდანები VI საუკუნეში აღესრულნენ მოწამეობრივად. ისინი საკუთარმა მშობლებმა, ქრისტეს აღიარებსათვის მდინარე მტკვრის სათავეში ჩაქოლეს.
ეს ამბავი მეექვსე საუკუნეში სამხრეთ საქართველოში, სოფელ კოლაში მოხდა. ის ადგილი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაა. სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავესთან მდებარეობდა. იმ ადგილას, რომელიც მტკვრის სათავედაა მიჩნეული, ნაკადული ჩამოედინება, რომელსაც მუსლიმები კურიუხ-ბაჩაის ეძახიან, ქრისტიანები – აიაზმას, ანუ ნაკურთხ წყალს.
არსებობს ვარაუდი, რომ ეს სახელი ძველთაგან მომდინარეობს და ქართველებს მდინარე ნაკურთხი ჰქონდათ. წყაროსთან აშენებული ყოფილა თეთრი ქვის ეკლესია – ერთნავიანი ბაზილიკა, მისი ნანგრევები დღესაც არსებობს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც წარმართი მშობლებისაგან ფარულად 9 კოლაელი ყრმა ქრისტიანად მოინათლა.
გადმოცემის მიხედვით, სოფელ კოლაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. მათი ბავშვები მთელ დღეს ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში სალოცავად შედიოდნენ. მათ ხშირად აედევნებოდათ ხოლმე ცხრა წარმართი ყრმა – გუარამი, ადარნასე, ბაქარი, ვაჩე, ბარძიმი, დაჩი, ჯუანშერი, რამაზი და ფარსმანი. ეკლესიის კართან მათ აჩერებდნენ და ეუბნებოდნენ, თქვენ კერპთაყვანისმცემელთა შვილები ხართ და არ შეძლება უფლის წმინდა სახლში თქვენი შემოსვლაო. ბავშვები უკან დაღონებულები ბრუნდებოდნენ.
ერთხელ წარმართმა ბავშვებმა ძალით მოინდომეს ქრისტიანულ ტაძარში შესვლა. ქრისტიანებმა აუხსნეს, თუ მართლა გულით გინდათ ჩვენს ტაძარში შემოსვლა, უნდა იწამოთ იესო ქრისტე, მოინათლოთ ქრისტიანებად და ეზიაროდ მის საიდუმლოსო. ყრმებმა სიხარულით გამოთქვეს თანხმობა. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და ყრმათა სურვილი აუწყეს. მღვდელი არ შეუშინდა წარმართა მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს, სხვა ქრისტიანებთან ერთად, ყრმები მდინარეზე მოსანათლად წაიყვანა. ხუცესმა ბავშვები მდინარეში ჩაიყვანა. სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, გაყინული წყალი გათბა და ყრმებმა ცაზე ნათლის ანგელოზი იხილეს. გაქრისტიანებულმა ბავშვებმა წარმართ მშობლებთან დაბრუნება აღარ ისურვეს.
წარმართმა მშობლებმა როცა შვილების გაქრისტიანების ამბავი შეიტყვეს, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან ცემითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში. ვერც მშობლების მოფერებამ, ვერც საჩუქრებმა და სხვა სიკეთეთა დაპირებამ, ვერც დასჯამ ვერ შეაცვლევინა რწმენა კოლაელ ბავშვებს. ისინი მოთმინებითა და სულიერი სიმტკიცით იტანდნენ ყოველგვარ შევიწროებას, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი ერთსა და იმავეს იძახდნენ – ქრისტიანები ვართ, არ გვინდა თქვენთან, მოგვეცით უფლება ქრისტიანებთან ვიყოთო. შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები წარმართ მთავართან მივიდნენ და მომხდარი უამბეს. მთავარმა უთხრა, თქვენი შვილები არიან, უფლება გაქვთ რაც გსურთ ის უყოთო. მაშინ მშობლებმა მთავრისგან შვილების ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს და დასტურიც მიიღეს.
თავდაპირველად წარმართებმა ის უხუცესი შეიპყრეს, რომელმაც ბავშვები მდინარეში ქრისტიანებად მონათლა, მრავალი ტანჯვა-წამება მიაყენეს. ჯერ შებილწეს და გაანადგურეს ქრისტიანული სალოცავი, შემდეგ კი დაისაკუთრეს. რისხვით შეპყრობილმა წარმართებმა იმ ადგილზე, სადაც ყრმები მოინათლნენ, დიდი ორმო ამოთხარეს და თავიანთი შვილები შიგ ჩაყარეს. წამების დროს ბავშვები გამუდმებით ერთსა და იმავეს იძახდნენ, ქრისტიანები ვართ და მოვკვდებით იმისათვის, ვისთვისაც ნათელი მივიღეთო. მათმა სიმტკიცემ კიდევ უფრო განარისხა წარმართები. მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები და დაიწყეს ორმოში ჩაყრილი შვილების ჩაქოლვა. მალე ორმო ქვებით აივსო….
ამ ამბიდან 1 საუკუნის შემდეგ 9 კოლაელი ბავშვი ქრისტიანულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. მათგან უფროსი 9 წლის ხოლო უმცროსი 4ის იყო. მათი ხსენების დღე პირობითად 6 მარტადაა მიჩნეული. მათ სახელზე აგებული ეკლესია თბილისში ვაზისუბანში მდებარეობს.
მოამზადა შოთა გიქოშვილმა
Comentarios