• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

Catholic.ge–ს ვიზიტი პოლონეთში

Catholic.ge–ს გუნდი, პოლონეთში, საზოგადოებრივი მაუწყებლის TVP –ის მიწვევით იმყოფებოდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რედაქცია გაეცნო ბავშვებისა და მოზრდილთათვის განკუთვნილი რელიგიური გადაცემის ჩაწერის თავისებურებებს, ტელევიზიის მუშაობის პრინციპებს. ასევე მომავალი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, იმყოფებოდა სხვადასხვა გამოცემის რედაქციაში.


19–23 მაისს, პოლონეთში ხუთდღიანი ვიზიტი სალეზიელთა ორდენის მღვდლის, მამა მიხალ იახის ორგანიზებით დაიგეგმა, რომელიც საქართველოში კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის სულიერი მოძღვარია.


ვიზიტის ფარგლებში, სწავლების ძირითადი ადგილი პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TVP იყო, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ტელევიზიას, მათ შორის რელიგიურ მიმართულებას – TVP2.


პირველი სამი დღის განმავლობაში Catholic.ge–ს თანამშრომლები დაესწრნენ საბავშვო გადაცემის „მარცვალი“ (Ziarno) ჩაწერას. დააკვირდა სცენარის დაწერისა და პროგრამის ჩაწერის თავისებურებებს. პროგრამისა, რომლის საფუძველი ბიბლია და ევანგელიზაციაა.


გარდა ამისა, გუნდმა დაათვალიერა სატელევიზიო სტუდიები თუ როგორ ხდება მათი მომზადება და გადაწყობა სხვადასხვა გადაცემისათვის.


ვიზიტისას, სალეზიელთა ორდენის მისიის ცენტრში, catholic.ge–მ საქართველოსა და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა ორდენის მოხალისეებთან, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევიან მოხალისეობრივ საქმიანობას.





ყველაზე მეტად დატვირთული აღმოჩნდა ვიზიტის ბოლო დღე. პირველ ეტაპზე, გუნდი სალეზიელთა მისიის რედაქციას ესტუმრა, სადაც ვებ–გვერდების სპეციფიკაზე, ტექსტების თავისებურებებსა და ფოტოს დამუშავების ხერხებზე ისაუბრეს და გამოცდილება გაცვალეს.


შემდეგი ვიზიტი იყო საინფორმაციო სააგენტო Kai–ში, რომელიც პოლონეთში ერთ–ერთი უდიდესი სააგენტოა და რომლის მომზადებული მასალები პოლონეთის სხვადასხვა მედიასაშუალება აჩვენებს.


Kai-s რედაქციაში catholic.ge–ს გუნდმა საკუთარ გამოწვევებზე, პრობლემებზე, თხოვნებსა და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. სააგენტომ კი, ქართული ჯგუფის ვიზიტზე სტატია მოამზადა.


ვიზიტი „პოლონეთის კარიტასში“ (Caritas Polska) გაგრძელდა, სადაც გუნდი გაეცნო თუ როგორ მუშაობენ ისინი საკუთარ ყოველთვიურ ჟურნალზე, რა მასალები ხვდება ამ ჟურნალში და რას ანიჭებენ უპირატესობას.


კიდევ ერთი რედაქცია, რომელსაც გუნდი ესტუმრა გაზეთი –WSZYSTKO CO NAJWAZNIEJSZE–ო იყო. ამგაზეთს განსხვავებული მიმართულება აქვს და ქმნის პროდუქტს, რომელიც არის მაღალხარისხიანი და არ არის გათვლილი საზოგადოების ფართო ნაწილისათვის. მასში მკითხველი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტის, მინისტრების, ცნობილი ადამიანებისა და სხვათა შორის, თავად პაპის მიერ დაწერილ სტატიებს.

პოლონეთში ვიზიტი რედაქციისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო, რისთვისაც catholic.ge მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ ვიზიტისთვის იზრუნა. მათ შორის, მადლობა სალეზიელთა ორდენს, რომელმაც პოლონეთში გუნდს უმასპინძლა. სამომავლოდ, პოლონურ რედაქციებთან დაიგეგმა არაერთი თანამშრომლობა.


Catholic.ge

0 comments