Urbi et Orbi | დადუმდეს იარაღი და შეიცვალოს გულები - პაპი ლეონ XIV
- Apr 6
- 3 min read
პაპმა ლეონ XIV-მ ვატიკანის ბაზილიკიდან წარმოთქვა ტრადიციული სააღდგომო მიმართვა – “ქალაქსა და მსოფლიოს” (Urbi et Orbi): „უფალმა მიანიჭოს მშვიდობა ომებით გატანჯულ, სიძულვილითა და გულგრილობით დაღდასმულ მსოფლიოს“.

პაპმა მსოფლიოს მშვიდობისა და მოქცევისკენ მოუწოდა, ისაუბრა იმ გულგრილობის საფრთხის შესახებ, რომელიც ათასობით ადამიანს სიკვდილს უქადის და მომავალი შაბათისთვის მორწმუნეები მოუხმო ლოცვისთვის, რომელიც ვატიკანის ბაზილიკაში გაიმართება.
“ვისაც ხელში იარაღი უჭირავს, დააგდოს იგი! ვისაც ომების გაჩაღების ძალაუფლება აქვს, აირჩიოს მშვიდობა! არა ძალით მოპოვებული მშვიდობა, არამედ დიალოგით; არა სხვისი დათრგუნვის სურვილით, არამედ მასთან შეხვედრისა და ურთიერთგაგების ნებით”.
ლეონ XIV არ ყვირის, არ უწევს ტონს; მისი ხმა მტკიცე რჩება, როდესაც ვატიკანის ბაზილიკის ლოჯიდან წარმოთქვამს სააღდგომო მიმართვას „Urbi et Orbi“. ამ მიმართვისას იგი აანონსებს მშვიდობისთვის ღამისთევის ლოცვას, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში 11 აპრილს გაიმართება. მისი სიტყვები მარმარილოსავით მძიმედ აწვება მათ სინდისს, ვინც მსოფლიოს ომის ლოგიკითა და მოქმედებებით ღუპავს, ვინც სიძულვილს თესავს და ვინც გულგრილია ტანჯულთა და დაღუპულთა მიმართ; მათ სინდისს, ვისაც- როგორც წითელ პარასკევს, „ჯვრის გზის“ ლოცვისას ითქვა — მოუწევთ ღვთის წინაშე პასუხისგება საკუთარი ნამოქმედარის გამო.
პაპი, რომელსაც ემოსა წითელი მოცეტა (პაპის მოსასხამი) და ოლარი, რომელიც მას მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა გასული წლის ნოემბერში, ნიკეაში გამართული ღონისძიების შემდეგ უსახსოვრა, ზუსტად 12 საათზე გამოჩნდა ცენტრალური ლოჯიდან, მანამდე კი წმინდა პეტრეს მოედანზე სადღესასწაულო წმინდა წირვა აღავლინა, სადაც 50 ათასზე მეტი მორწმუნე იყო შეკრებილი, ხოლო კიდევ 10 ათასი ბერნინის კოლონადის მიღმა იმყოფებოდა), რომლებიც ამ შეხვედრას ლოცვებითა და საგალობლბებით ელოდნენ. გაისმა ვატიკანის სახელმწიფო ჰიმნიც, რასაც იტალიის ეროვნული ჰიმნის ფრაგმენტი მოჰყვა. შემდეგ გაიმართა სამხედრო ცერემონია და შვეიცარიული გვარდიის საპატიო ყარაულის წარდგენა.
იმავე აივნიდან, საიდანაც დაახლოებით ერთი წლის წინ იგი მსოფლიოს წინაშე წარდგა, აღდგომის ამ ბრწყინვალე დღეს ხალხს „განიარაღებული და განმაიარაღებელი მშვიდობისკენ“ მოუწოდა. პაპი ლეონ XIV კვლავ ითხოვს მშვიდობას და მშვიდობისკენ მოქცევას. არა მხოლოდ ქმედებები, არა მხოლოდ შეთანხმებებით ან სიტყვებით, არამედ მშვიდობით, რომელიც გულიდან იბადება და იქიდან კვლავ აღორძინდება.
„მშვიდობა, რომელსაც იესო გვიბოძებს, არ არის მხოლოდ ის მშვიდობა, რომელიც იარაღის დადუმებით შემოიფარგლება, არამედ ის, რომელიც თითოეული ჩვენგანის გულს ეხება და ცვლის. მოვიქცეთ ქრისტეს მშვიდობისკენ. შევღაღადოთ მშვიდობისათვის იმ ღაღადით, რომელიც გულიდან ამოიფრქვევა“.
პაპი მოუწოდებს ყველას, მორწმუნეებსა და არა მხოლოდ მათ, შეუერთდნენ მშვიდობისთვის ღამისთევის ლოცვაში, რომელიც მომავალ შაბათს ვატიკანის ბაზილიკაში გაიმართება. ეს ღონისძიება აგრძელებს 2025 წლის 11 ოქტომბრის ტრადიციას, როდესაც წმინდა მამას სურდა, რომ მოედანზე მშვიდობისთვის ლოცვას გაძღოლოდა.
შაბათის ლოცვა ასევე არის შესაძლებლობა, რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და არ გავხდეთ მსხვერპლი იმ „გულგრილობის გლობალიზაციისა“, რომელსაც პაპი ფრანცისკე მუდმივად ამხელდა. “სწორედ ერთი წლის წინ, ამავე ლოჯიდან პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს თავისი უკანასკნელი სიტყვებით მიმართა და შეგვახსენა, თუ სიკვდილის რამხელა სურვილს ვხედავთ ყოველდღიურად იმ მრავალ კონფლიქტში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხში მძვინვრაებს.
„ჩვენ ვეჩვევით ძალადობას, ვეგუებით მას და ვხდებით გულგრილნი. გულგრილნი ათასობით ადამიანის სიკვდილის მიმართ. გულგრილნი იმ სიძულვილისა და განხეთქილების ნაყოფის მიმართ, რომელსაც კონფლიქტები თესავს. გულგრილნი იმ ეკონომიკური და სოციალური შედეგების მიმართ, რომლებსაც ისინი წარმოშობს და რომელთაც, სინამდვილეში, ყველა ჩვენგანი გრძნობს“.
„ეს არის ქრისტე. დღეს, აღდგომის დღესასწაულზე, ჩვენ ვზეიმობთ მის „გამარჯვებას“; გამარჯვებას სიცოცხლისა სიკვდილზე, სინათლისა ბნელზე, სიყვარულისა სიძულვილზე. ეს არის გამარჯვება, რომელიც უძვირფასესი ფასით იქნა მოპოვებული. ჯვარზე ღვთის ძის სიკვდილით, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო წუთისოფლის ცოდვები და ამით ყველა ჩვენგანი, ჩვენთან ერთად კი მთელი ქმნილება, ბოროტების ბატონობისგან გაგვათავისუფლა. მაგრამ როგორ გაიმარჯვა იესომ? ქრისტემ, ჩვენმა ძლევამოსილმა მეფემ, თავისი ბრძოლა მოიგო მამა ღმერთის ნებისამებრ, მისი გამომსყიდველი ჩანაფიქრისადმი მინდობილი მორჩილებით“, — აღნიშნავს პაპმა.
„ძალა, რომლითაც ქრისტე აღდგა, სრულებით არაძალადობრივია“
„ის ჰგავს ხორბლის მარცვლის ძალას, რომელიც მიწაში ლპება, შემდეგ კი იზრდება, გზას იკაფავს ბელტებს შორის, აღმოცენდება და ოქროსფერ თავთავად იქცევა. ის კიდევ უფრო მეტად ჰგავს ადამიანის გულს, რომელიც შეურაცხყოფით მიყენებული ჭრილობის მიუხედავად, უკუაგდებს შურისძიების ინსტინქტს და სიბრალულით აღვსილი, ლოცულობს მათთვის, ვინც მას აწყენინა. სწორედ ეს არის ის ჭეშმარიტი ძალა, რომელსაც კაცობრიობისთვის მშვიდობა მოაქვს, რადგან იგი წარმოშობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კავშირებს ყველა დონეზე. ადამიანებს, ოჯახებს, სოციალურ ჯგუფებსა და ერებს შორის. ეს არ არის ძალა, რომელიც პირადი ინტერესებისკენ მიისწრაფვის, არამედ საერთო სიკეთისკენ. იგი არ ცდილობს საკუთარი გეგმის თავს მოხვევას, არამედ სურს წვლილი შეიტანოს მის დაგეგმვასა და განხორციელებაში სხვებთან ერთად. დიახ, ქრისტეს აღდგომა არის ახალი კაცობრიობის დასაბამი და იგი კიდევ უფრო მძლავრად გვაყენებს ჩვენი თავისუფლების დრამის წინაშე. ცარიელი საფლავის წინაშე ადამიანი შეიძლება აღივსოს იმედითა და განცვიფრებით, როგორც მოწაფეები, ან შიშით, როგორც გუშაგები და ფარისევლები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ეცრუათ, ოღონდ არ ეღიარებინათ, რომ ის, ვინც სიკვდილით დასაჯეს, ჭეშმარიტად აღდგა“.
„ქრისტეს ჯვარი მუდმივად გვახსენებს იმ ტანჯვასა და ტკივილს, რომელიც სიკვდილს ახლავს და იმ სულიერ ტანჯვას, რაც მას მოაქვს. ჩვენ ყველას გვეშინია სიკვდილის და ამ შიშის გამო ზურგს ვაქცევთ მას, გვირჩევნია არ ვუყუროთ. ჩვენ არ შეგვიძლია კვლავ გულგრილნი ვიყოთ; არ შეგვიძლია შევეგუოთ ბოროტებას”.
„დღეს, ამ დიდდღესასწაულზე, უკუვაგდოთ ყოველი სურვილი დაპირისპირებისა, ბატონობისა და ძალაუფლებისა. შევევედროთ უფალს, მიანიჭოს თავისი მშვიდობა ომებით გატანჯულ. იმ სიძულვილითა და გულგრილობით დაღდასმულ მსოფლიოს, რომელიც ბოროტების წინაშე უძლურების განცდას გვიჩენს“.
„პაპი უფალს მიანდობს ყველა იმ გულს, რომელიც იტანჯება და ელის ჭეშმარიტ მშვიდობას, რომლის ბოძებაც მხოლოდ აღმდგარ იესოს შეუძლია“.
შემდგომ, კარდინალმა დომინიკ მამბერტიმ გამოაცხადა სრული ინდულგენციის მინიჭების შესახებ ყველა იქ მყოფი მორწმუნისათვის და მათთვისაც, ვინც მის კურთხევას მიიღებს. ბოლოს, პაპმა ლეონ XIV-მ ისევე როგორც შობას, ათ სხვადასხვა ენაზე წარმოთქვა აღდგომის მილოცვა: იტალიურად, ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად, პორტუგალიურად, პოლონურად, არაბულად, ჩინურად და ლათინურად:
Felix sit vobis Domini resurrectionis festivitas! Iesu resuscitati, inter nos adstantis, laetitiam cum omnibus communicate. (ბედნიერი იყოს თქვენთვის უფლის აღდგომის დღესასწაული. აღმდგარი იესოს სიხარული, რომელიც ჩვენ შორის მკვიდრობს, ყველას გაუზიარეთ.
შოთა გიქოშვილი





Comments