top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

XV საუკუნის მონეტა 2025 საიუბილეო წლის სიმბოლოდ შეირჩა

2025 საიუბილეო წლის სიმბოლოდ, ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის ნუმიზმატიკური კოლექციიდან XV საუკუნის უნიკალური მონეტა აირჩიეს. ეს მონეტა 1450 წელს, საიუბილეო წელიწადში მოჭრეს და იგი შუა საუკუნეებში სიწმინდეების მომლოცველობის ყველაზე ავთენტური მაგალითია.  

 


მონეტა მცირეა, მისი დიამეტრი მხოლოდ 12 მილიმეტრია და დამზადებულია იაფფასიანი ლითონისგან. მიუხედავად ამისა, იგი ღრმა ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობას ატარებს. ბიბლიოთეკის კოლექციაში ორიათასზე მეტ ნივთს შორის, იგი საიუბილეო წლის, ამ მოვლენის მნიშვნელობის სიმბოლოდ შეირჩა.

 

მონეტა მოიჭრა რომის ზარაფხანაში ნიკოლოზ V-ის (1447-1455) პაპობის დროს. მის რევერსზე (უკანა მხარეს) გამოსახულია ჯვარედინი გასაღები წარწერით "NI PP V" (Nicolaus Pontifex Quintus), ხოლო ავერსზე (წინა მხარეს) გამოსახულია იესოს წმინდა სახე (ვერონიკას ტილო), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიკვიაა. ეს დასამახსოვრებელი არტეფაქტი მოწმობს შუა საუკუნეების მომლოცველების სულიერ მისწრაფებებზე, რომლებიც ცდილობდნენ მოელოცათ მარადიული ქალაქი და პატივი მიეგოთ მოციქულთა რელიკვიებისათვის.

 

ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის ნუმიზმატიკური კოლექცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა წმიდა პეტრეს ბაზილიკის არქეოლოგიური გათხრების წყალობით, რომელიც 1940 –1949 წლებში პაპ პიუს XII-ის ინიციატივით განხორციელდა. სწორედ ამ კვლევების დროს აღმოაჩინეს წმიდა პეტრეს საფლავი და სხვა მნიშვნელოვანი სიძველეები, მათ შორის მომლოცველთა მიერ დატოვებული მონეტები, მოციქულთა თაყვანისცემის ნიშნად. ჩანს, რომ ასეთ მონეტებს მომლოცველები საუკუნეების განმავლობაში ტოვებდნენ, იქამდე, სანამ 1506 წელს წმიდა პეტრეს ახალი ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო.

 

მიუხედავად აღმოჩენილი მონეტების შთამბეჭდავი რაოდენობისა, ისინი მაინც  მცირე ნაწილის წარმოადგენენ იმ მრავალრიცხოვანი შესაწირავებიდან, რომლებსაც მომლოცველები ყოველდღიურად ტოვებდნენ წმიდა პეტრეს საფლავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზილიკის თანამშრომლები ასეთ მონეტებს  რეგულარულად აგროვებდნენ.

 


კარდინალ ჯაკომო გაეტანო სტეფანესკის წყაროების თანახმად, 1300 წელს, საიუბილეო წელიწადში შეგროვებული მონეტების საერთო რაოდენობამ 30 ათასი ფლორინი შეადგინა. ნაპოვნი მონეტების უმეტესობა - დინარი, პენი და შილინგია. მათ შორის იყო ერთი იშვიათი აღმოჩენა -  ტოსკანის ქალაქ ლუკეში მოჭრილი ოქროს მონეტა, რომელიც ლეგენდის თანახმად, კარლოს დიდმა რომში მომლოცველობის დროს დატოვა.

 

როგორც ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის ნუმიზმატიკური კოლექციის დირექტორი ელეონორა ჯამპიკოლო აღნიშნავს, რომში მოჭრილმა ახალმა მონეტამ მომლოცველობის მცირე მანძილი გაიარა, მაგრამ მის ღირებულებას  არა მისი ფიზიკურ მანძილი, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობა განაპირობებს. ის განასახიერებს მომლოცველთა სულს, რომელიც ადამიანს ამოძრავებს უძველესი დროიდან.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 


Comentarios


bottom of page