top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა და ეპისკოპოსებმა ტრამპის კომენტარებს „უპატივცემულობა“ უწოდეს

  • 5 hours ago
  • 3 min read

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2026 წლის 12 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში მწვავედ გააკრიტიკა პაპი ლეონ XIV (პირველი ამერიკელი პაპი, რომელიც 2025 წელს აირჩიეს). ტრამპმა მას „კრიმინალის მიმართ სუსტი“ და „საგარეო პოლიტიკაში საშინელი“ უწოდა.

 


კათოლიკე ეპისკოპოსებმა და აშშ-ის არჩეულმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ გააკრიტიკეს პრეზიდენტის განცხადებები პაპ ლეონ XIV-ის შესახებ.

 

მინესოტას უინონა-როჩესტერის ეპარქიის ეპისკოპოსმა, რობერტ ბარონმა, ტრამპის თავდასხმას პაპზე „უპატივცემულობა“ უწოდა. ბარონმა, რომელიც ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის წევრია, სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ტრამპის კომენტარები იყო სრულიად შეუსაბამო და უპატივცემულო: „ვფიქრობ, პრეზიდენტი პაპს ბოდიშს უნდა უხდიდეს“.



“ტრამპის კომენტარებს არანაირი წვლილი არ შეაქვს კონსტრუქციულ დიალოგში. კათოლიკური დოქტრინისა და იმ პრინციპების ჩამოყალიბება, რომლებიც მორალურ ცხოვრებას მართავს, პაპის პრეროგატივაა. რაც შეეხება ამ პრინციპების კონკრეტულ გამოყენებას, კეთილი ნების ადამიანებს შეუძლიათ და აქვთ კიდეც განსხვავებული აზრი“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.


ეპისკოპოსმა ბარონმა მოუწოდა ტრამპის ადმინისტრაციაში მყოფ კათოლიკე მაღალჩინოსნებს, მოაწყონ შეხვედრა ვატიკანის ოფიციალურ პირებთან, რათა შედგეს რეალური დიალოგი. მან აღნიშნა, რომ ეს გაცილებით სჯობს სოციალურ ქსელებში გაკეთებულ განცხადებებს.


ვირჯინიის შტატის არლინგტონის ეპისკოპოსმა, მაიკლ ბერბიჯმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:


 

„აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტთან, მთავარეპისკოპოს პოლ კოკლისთან და ჩემს ძმა ეპისკოპოსებთან ერთად, გულდაწყვეტილი ვარ პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელი კომენტარების გამო პაპ ლეონ XIV-ისა და ეკლესიის მისამართით. ვლოცულობ, რომ სრულად აღდგეს პატივისცემა, რათა ერთად, ღვთის მადლით, ვიშრომოთ მშვიდობისა და ჰარმონიისთვის ყველა ადამიანს შორის. დაე, ვიყოთ ერთიანი ლოცვაში ომისა და ძალადობის დასასრულებლად, რათა ქრისტეს მშვიდობამ დაისადგუროს მთელ მსოფლიოში და ჩვენს გულებში”.



პალმ-ბიჩის (ფლორიდა) ეპისკოპოსმა, მანუელ დე ხესუს როდრიგესმა X-ზე დაწერა: „პალმ-ბიჩის ეპარქია მტკიცედ დგას ჩვენი წმინდა მამის გვერდით და მკაცრად უარყოფს იმ უპატივცემულო და ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებიც დონალდ ტრამპმა წმინდა მამის წინააღმდეგ წარმართა“.


ნიუ-იორკის შტატის ბუფალოს ეპისკოპოსმა, მაიკლ ფიშერმა კი X-ზე გამოაქვეყნა: „ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს ეხება კაცობრიობის უმთავრეს საქმეს“.



„კათოლიკური ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ეშლი მაკგუაიერმა განცხადებაში აღნიშნა:

„კათოლიკური ეკლესია არანაირად არ ჯდება ამერიკულ პოლიტიკურ ჩარჩოებში. ის ყოველთვის პრიორიტეტს ანიჭებს უდანაშაულო სიცოცხლის დაცვას მის ყველა ეტაპზე, ისევე როგორც ღარიბთა და მარგინალიზებულთა ინტერესებს. პაპის და შესაბამისად, ყველა კათოლიკეს შეურაცხყოფა იმ იმედით, რომ ეკლესია ამერიკულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოერგება, არის უკუეფექტის მომტანი. ჩვენ ვლოცულობთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ბოდიში მოუხადოს პაპს“.


აშშ-ის ოფიციალური პირების რეაქცია


რესპუბლიკელ ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, რომელიც კათოლიკეა, ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ასევე არ გაუკეთებია განცხადება სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომელიც ასევე კათოლიკეა.


არაგონელი სენატორი, დემოკრატი მარკ კელი, რომელიც აგრეთვე კათოლიკეა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს:


„ჩემთვის აღმაშფოთებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საჯაროდ ესხმის თავს წმინდა პეტრეს მემკვიდრეს“.


აშშ-ის წარმომადგენლობოთი პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა, X-ზე განაცხადა, რომ ტრამპი პაპს „სამარცხვინოდ დაესხა თავს“. ამ საკითხზე რესპუბლიკელი არჩეული ოფიციალური პირებიდან მხოლოდ რამდენიმემ ისაუბრა.


კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, X-ზე დაწერა: „ჰეი, რესპუბლიკურო პარტიავ, მისაღებია თქვენთვის, რომ თქვენი კანდიდატი ახლა უკვე პაპს პირდაპირ ესხმის თავს“?


მონტანას შტატის რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, კონგრესმენმა ლუკას შუბერტმა, ეჭვქვეშ დააყენა პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ პაპი „ლიბერალია“.

„პაპი ლეონ XIV აბორტის, ერთსქესიანთა ქორწინებისა და ოჯახური ღირებულებების საკითხებში მნიშვნელოვნად უფრო მემარჯვენეა, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ასევე, ირანის ომთან დაკავშირებით ის უფრო მეტად ატარებს პრინციპს - “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, -  განაცხადა შუბერტმა.


ტრამპმა ასევე გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გამოსახულება Truth Social-ზე, რომელიც მას იესო ქრისტეს მსგავსად წარმოაჩენდა, როდესაც ის სნეულებს კურნავს. ამან რამდენიმე კათოლიკეს უბიძგა, პრეზიდენტი მკრეხელობაში დაედანაშაულებინა.


ედვარდ ფეზერმა, კათოლიკე ფილოსოფოსმა და პასადენას კოლეჯის პროფესორმა, X-ზე დაწერა, რომ ტრამპის კომენტარები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ხდის ამპარტავნების ცოდვისადმი სრული დამონება ადამიანს პრეზიდენტობისთვის შეუფერებელს.


„მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა, წინა პრეზიდენტებს ჰქონდათ შინაგანი განცდა იმ ჯეროვანი საზღვრებისა, რომ არ დასხმოდნენ თავს ქრისტეს ნაცვალს მაშინაც კი, როდესაც მას არ ეთანხმებოდნენ“,  -  განაცხადა ფილოსოფოსმა.


ფეზერმა ტრამპის მიერ საკუთარი თავის ქრისტეს სახით გამომსახველი სურათის საპასუხოდ დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან (11:36-37) ციტატა მოიყვანა:

„თავის ნებაზე მოიქცევა მეფე, აღზევდება და ყოველ ღმერთზე მეტად განდიდდება; ღმერთთა ღმერთზე საშინელებებს ილაპარაკებს. არც სხვა ღმერთებს მიხედავს, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება“.


ოჰაიოს შტატის წარმომადგენელმა, დემოკრატმა შონტელ ბრაუნმა X-ზე გააკრიტიკა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სურათი:  „სიტყვები არ მყოფნის იმის დასაგმობად, თუ რამდენად არასწორია ეს“.


ეს კომენტარები მოჰყვა პაპის მხრიდან ირანის ომისა და ტრამპის იმ რიტორიკის კრიტიკას, რომელიც ირანის მთელი ცივილიზაციის მიზანში ამოღებას ეხებოდა. პაპმა ლეონ XIV-მ პოსტის საპასუხოდ განაცხადა: „მე არ მეშინია არც ტრამპის ადმინისტრაციის და არც სახარებისეული გზავნილის ხმამაღლა ქადაგების“.


მარიორი ტეილორ გრინმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, რომელიც ტრამპის ძლიერი მოკავშირე იყო მანამ, სანამ ირანის ომისა და ჯეფრი ეპშტეინის ფაილების საკითხზე დაუპირისპირდებოდა, X-ზე დაწერა, რომ ტრამპი „პაპს თავს დაესხა იმიტომ, რომ პაპი სამართლიანად ეწინააღმდეგება ტრამპის ომს ირანში, შემდეგ კი გამოაქვეყნა ეს სურათი, თითქოს ის იესოს ანაცვლებს“.


მამა რობერტ სირიკომ, „აქტონის ინსტიტუტის“დამფუძნებელმა, განცხადებაში აღნიშნა, რომ პაპ ლეონ XIV-ს აქვს როგორც უფლება, ისე მოვალეობა, წინასწარმეტყველურად ისაუბროს ომისა და მშვიდობის საკითხებზე, ადამიანის ღირსებასა და ძალის გამოყენების მორალურ საზღვრებზე მაშინაც კი, როდესაც მისი სიტყვები პოლიტიკური ლიდერებისთვის დისკომფორტის შემქმნელია.


მისი თქმით, ტრამპის პოსტი არათუ აძლიერებს ამერიკის მორალურ მდგომარეობას, არამედ უბრალოდ თესავს განხეთქილებას.


სირიკომ ასევე დასძინა, რომ კათოლიკეებს შეუძლიათ არ დაეთანხმონ პაპებს კეთილგონივრულ მსჯელობებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა ან კრიმინალი, რაც, მისი თქმით, არ არის უცდომელი: „თავად ეკლესია გვასწავლის, რომ პრინციპების ასეთი გამოყენება დასაშვებს ხდის ლეგიტიმურ დებატებს“.


შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page