top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

21 hours ago
2 min read

საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი, რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებს.



15 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბერს დასრულდება კათოლიკე ეკლესიისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრა, სახელწოდებით: „კათოლიკური მოქმედება: სინოდალობა და მისია“. ღონისძიებას მასპინძლობს კათოლიკური მოქმედების საერთაშორისო ფორუმი (FIAC), რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კათოლიკურ ორგანიზაციებს აერთიანებს.


ოთხდღიან კონფერენციაში საქართველოს კათოლიკე ეკლესიას სახელით იმყოფებოან ახალგაზრდების ცენტრის ორი წარმომადგენელი: მამა ბექა ჩილინგარაშვილი და სედა ხითარიანი.


შეხვედრაში 30 ქვეყანა მონაწილეობს. მათთვის ეს არის შესაძლებლობა, კათოლიკე საერო და სასულიერო პირებმა, ასევე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, ერთად იმსჯელონ ეკლესიის დღევანდელ გამოწვევებზე და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობის გზები.


კონფერენციის მთავარი საკითხებია:


• ეკლესიაში საერო პირთა როლი – როგორ უნდა ჩაერთონ ისინი უფრო აქტიურად ეკლესიის ცხოვრებაში;


• რწმენის გადაცემა და განათლება – როგორ უნდა ეხმარებოდნენ კათოლიკური ორგანიზაციები ბავშვებსა და ახალგაზრდებს რწმენაში ზრდაში.


• ხელოვნური ინტელექტი და ციფრული სამყარო;


• მშვიდობა და სოლიდარობა – განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ომითა და ძალადობით დაზარალებულ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას, მიანმარსა და წმინდა მიწას.


15 ოქტომბერს, კონფერენციის გახსნის დღეს, მონაწილეებს მიმართეს კარდინალმა კევინ ფარელიმ და იერუსალიმის ლათინურმა პატრიარქმა, კარდინალმა პიერ-ბატისტა პიცაბალამ.


მომდევნო დღე დაეთმო გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფებში, განიხილეს ეკლესიის სინოდალური გზა და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება. გაიმართა სხვადასხვა კონტინენტის წარმოსადგენად, კულტურული საღამოც.


17 ოქტომბერს მონაწილეებმა ერთობლივად ილოცეს პაპ ლეონ XIV-სათვის. ხოლო 18 ოქტომბერს, მსოფლიო მისიების დღეს, შეხვედრა დასრულდება მსოფლიო მისიების 100–ე დღის აღნიშვნაში მონაწილეობით.



კათოლიკური მოქმედების საერთაშორისო ფორუმი (FIAC) 1987 წელს ჩატარებული ეპისკოპოსთა სინოდის შემდეგ დაიბადა, ხოლო მისი დამფუძნებელი ასამბლეა 1991 წელს, რომში გაიმართა.

ფორუმის შექმნის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის კათოლიკური მოქმედების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და სოლიდარობის გაძლიერება იყო.


1995 წელს მას პაპისეული სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარება მიენიჭა. დღეს ფორუმი ხელს უწყობს ერისკაცთა აქტიურ მონაწილეობას ეკლესიის ცხოვრებასა და მისიაში, ახალგაზრდების ფორმირებასა და სახარებისეული ღირებულებების დამოწმებას თანამედროვე სამყაროში.


რომში მიმდინარე შეხვედრაც ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკლესიის მოწოდებას, სინოდალური სულისკვეთებით: მოსმენით, დიალოგითა და ერთობლივი მოქმედებით ემსახუროს ადამიანებსა და საზოგადოებას.


თაკო ფეიქრიშვილი


Comments


bottom of page