top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიო ლიდერები ბენედიქტე XVI-ს შესახებ

ჯორჯა მელონი, სერჯიო მატარელა, ურსულა ფონ დერ ლიაენი და სხვა საერო თუ სასულიერო ლიდერები გარდაცვლილი ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI - ს შესახებ საუბრობენ.


ჯორჯა მელონი, იტალიის პრემიერ–მინისტრი - „რწმენისა და გონების გიგანტი“


“ბენედიქტე XVI იყო რწმენისა და გონების გიგანტი; იყო უფალზე შეყვარებული ადამიანი, რომელმაც თავი მიუძღვნა საყოველთაო ეკლესიის მსახურებას. იგი გვესაუბრება და კვლავ განაგრძობს საუბარს ჩვენს გულებსა და გონებაში თავისი სწავლების სულიერ, კულტურულ და ინტელექტუალურ სიღრმეებში. იყო ქრისტიანი, მწყემსი, ღვთისმეტყველი, უდიდესი ფიგურა, რომელსაც ისტორია არ დაივიწყებს. მე, წმინდა მამა ფრანცისკეს გადავეცი მთავრობისა და პირადად ჩემი თანაგრძნობა, პაპისადა მთელი საეკლესიო საზოგადოების ტკივილის გამო”, – განაცხადა იტალიის პრემიერ–მინისტრმა.




სერჯიო მატარელა,იტალიის პრეზიდენტი - „კეთილშობილი და ბრძენი“


“ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI - ს გარდაცვალება გლოვაა იტალიისათვის. მისმა კეთილშობილებამ და სიბრძნემ დიდი სიკეთე მოუტანა, როგორც ჩვენს,ისე საერთაშორისო საზოგადოებას. იგი ემერიტუსი პაპის რანგში თავდაუზოგავად და უპრეცედენტოდ, თავმდაბლობითა და სიმშვიდით განაგრძობდა მსახურებას თავისი ეკლესიისადმი. მისი პიროვნება იტალიელი ხალხისათვის დაუვიწყარი დარჩება. ინტელექტუალი და ღვთისმეტყველი, იგი დახვეწილად განმარტავდა დიალოგის, მშვიდობის, პიროვნების, ადამიანის ღირსების მნიშვნელობას, როგორც უმაღლეს რელიგიურ ინტერესს. ჩვენ, მადლიერებით ვუცქერთ მის მოწმობასა და მაგალითს”.


ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი - „იგი მუშაობდა გონებით“


“მას შემდეგ, რაც განცხადება გავრცელდა მისი უწმინდესობის, ბენედიქტე XVI - ის გარდაცვალების შესახებ, გონებით საფრანგეთისა და მთელი მსოფლიოს კათოლიკეებთან ერთად ვარ. იგი მთელი გულითა და გონებით შრომობდა, უფრო ძმური სამყაროს შესაქმნელად”, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ტვიტერზე.



ურსულა ფონ დერ ლიაენი, ევროკომისიის პრეზიდენტი - „მისი გადადგომა იყო ძლიერი ნიშანი“


“პაპ ბენედიქტე XVI - ის გარდაცვალებამ გული დამწყვიტა. ჩემი სოლიდარობა ყველა კათოლიკეს. მან თავისი გადადგომით ძლიერი ნიშანი მისცა საზოგადოებას. იგი თავდაპირველად საკუთარ თავში ხედავდა ღმერთისა და ეკლესიის მსახურს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ფიზიკური ძალების ნაკლებობა განიცადა, მსახურებას ლოცვის ძალით განაგრძობდა ”.






ილია II, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი – „მან მოიპოვა ხალხის სიყვარული“


"ბენედიქტე XVI ჩვენთვის დარჩება, როგორც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებული ქრისტიანული ღირებულებების ერთგული დამცველი, ძლიერი და ფრიად ღირსეული პიროვნება, რომელმაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დამსახურებულად მოიპოვა".


გარეგან II, სომხური სამოციქულო ეკლესიისკათოლიკოსი – ეკლესიისადმი თავდადებული მსახური


“ჩვენ ვიხსენებთ მის უწმინდესობასთან ჩვენი შეხვედრის კარგ მოგონებებს და მადლობას ვუხდით ღმერთს გარდაცვლილი პაპის ეკლესიისადმი თავდადებული სამსახურისთვის. მხურვალედ ვლოცულობთ უფლისადმი მისი ერთგული მსახურის გარდაცვალების გამო, ვთხოვთ მოწყალე ღმერთს, მიიღოს იგი მარადიულ სიხარულში”.


Catholic.ge

bottom of page