top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

11 minutes ago
1 min read

​ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, პაპი ლეონ XIV, პარასკევს, ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს. საუბრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იყო.



ჟურნალისტებისთვის გავრცელებულ კომუნიკეში ვატიკანმა განაცხადა, რომ პონტიფიკოსმა, რომელიც ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება, ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. მან ითხოვა ზავის გამოცხადება, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია.


საუბარი ლეონ XIV-ის ჰოსპიტალიზაციის მეოთხე დღეს შედგა. პაპს სამშაბათს, რომის ჯემელის პოლიკლინიკაში ფილტვის სიმსივნის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდა.


სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ იმ ქალაქის მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების დაბლოკვაში, რომლის დაბრუნებასაც უკრაინული ძალები ცდილობენ.


ტექსტში ასევე მოყვანილია კრემლის განცხადება: „მხარდაჭერილია ვატიკანის განზრახვა, ხელი შეუწყოს ქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აუცილებელი მარაგების მიწოდებისთვის საჭირო პირობების შექმნას“.


​„ამ საკითხზე თანამშრომლობა შეთანხმებულია“, – განაცხადა რუსეთის ხელისუფლებამ.


​უკრაინის ხელისუფლება მანამდეც საუბრობდა იმის შესახებ, რომ ოლეშკიში ტრაგიკული ვითარებაა. საკვებისა და წყლის გარეშე, ქალაქში დაახლოებით 2 000 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 50 ბავშვი.


​ოლეშკი, ხერსონიდან დაახლოებით 4 კილომეტრში, დნეპრის მარცხენა მხარეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სანაპიროზე მდებარეობს. ცნობების თანახმად, ქალაქისკენ მიმავალი გზები დანაღმულია და იქ მუდმივად პატრულირებენ რუსული დრონები, რაც მაცხოვრებლებს ოლეშკის დატოვებას კიდევ უფრო ურთულებს.


​რუსულმა ჯარებმა ქალაქი 2022 წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში დაიკავეს. 2023 წლის ივნისში, რუსების მიერ ნოვა-კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად, ქალაქი წყლით დაიტბორა.


​ოლეშკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტეტიანა ჰასანენკომ სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მაცხოვრებლებს ართმევენ იმ საკვებს, რომელსაც უკრაინული არმია დრონების მეშვეობით აწვდის, ხოლო არა-რუსული წარმოშობის პროდუქტების ქონა შესაძლოა დაკავების მიზეზი გახდეს.


შოთა გიქოშვილი


 

Comments


bottom of page