top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი მიესალმება ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას

  • 2 hours ago
  • 1 min read

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცნობას პაპი ლეონ XIV მიესალმება და ყველა მხარეს მოუწოდებს, ჩაერთონ ხანგრძლივ და გულწრფელ დიალოგში, რათა კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს.



ოთხშაბათს, 8 აპრილს, აუდიენციის დასასრულს, პაპმა ყურადღება გაამახვილა ბოლო კვირებში, ახლო აღმოსავლეთში არსებულ მზარდ დაძაბულობაზე და წინა დღით, 7 აპრილს გამოცხადებულ ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის შესახებ ცნობაზე აღნიშნა, რომ „კმაყოფილებითა და ღრმა იმედით“ მიესალმება.


ცნობისთვის, ირანმა, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე იმ ომში, რომელიც ახლო აღმოსავლეთს ანადგურებს. 7 აპრილის საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა მუქარა ირანის „ცივილიზაციის განადგურებაზე“.


წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებთან მიმართვისას, წმიდა მამამ ხაზი გაუსვა, რომ „ომის დასრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებით“. მან ყველას მოუწოდა ამ დელიკატურ დიპლომატიურ პროცესს ლოცვით შეუწყონ ხელი, იმ იმედით, რომ დიალოგისთვის მზაობა იქცეს გზად მსოფლიოს სხვა კონფლიქტური კერების მოსაგვარებლადაც.


ბოლოს, პაპმა მორწმუნეებს შეახსენა, რომ 11 აპრილს, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, მშვიდობისთვის ლოცვა აღევლინება და მასში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია ყველა — როგორც პირადად, ისე სახლიდან თვალის დევნებით.


8 აპრილს, დილით გავრცელებულ განცხადებაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ დარტყმების ორი კვირით შეჩერების შესახებ, ცეცხლის შეწყვეტა არ გავრცელდება ლიბანზე, სადაც უკვე 1,500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


თაკო ფეიქრიშვილი


Comments


bottom of page