პაპს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
13 ოქტომბერს, პაპ ლეონ XIV –ს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა ფილტვზე. მას მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოკვეთეს. ექიმების თქმით, გამოკვლევამ ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაადასტურა.

ოპერაციიდან რამდენიმე საათში, პაპის ექიმებმა ჩატარებული ქირურგიული ჩარევის დეტალები გაასაჯაროეს, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის მსვლელობისას ჩატარებულმა ჰისტოპათოლოგიურმა გამოკვლევამ ფილტვის ადენოკარცინომის დიაგნოზი დაადასტურა.
გთავაზობთ წმინდა საყდრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას:
„დოქტორი ლუიჯი კარბონე და პროფესორი სტეფანო მარგარიტორა დღეს, [13 ოქტომბერი] ნაშუადღევს ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შესახებ, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებენ:
წმინდა მამას, წინასწარ დაგეგმილის შესაბამისად, გულმკერდის ღრუს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. პაპს მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოკვეთეს. ოპერაციის მსვლელობისას ჩატარებულმა ჰისტოპათოლოგიურმა გამოკვლევამ ფილტვის ადენოკარცინომის დიაგნოზი დაადასტურა, რაც წინასაოპერაციო გამოკვლევების საფუძველზე გამოთქმულ ეჭვებს შეესაბამებოდა.
წმინდა მამამ საოპერაციოში დაახლოებით სამი საათი გაატარა, უშუალოდ ოპერაცია კი დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და არანაირი გართულება არ გამოვლენილა. ოპერაციის შემდეგ პაპამ ნორმალურად გაიღვიძა და ხანმოკლე დაკვირვების შემდეგ მეათე სართულზე მდებარე თავის პალატაში დაბრუნდა.
ქირურგიულ გუნდს პროფესორი სტეფანო მარგარიტორა ხელმძღვანელობდა. მას ეხმარებოდნენ პროფესორი ელისა მეაჩი, დოქტორი მარია ტერეზა კონგედო და დოქტორი ლეონარდო პეტრაკა ჩიარაველა. ანესთეზიოლოგთა გუნდში შედიოდნენ პროფესორი მასიმო ანტონელი, დოქტორი ჯოვანი პუნცო და დოქტორი ჯუზეპე ბელო“.
შემდგომი გამოკვლევები
უახლოეს დღეებში ჩატარდება ოპერაციის შემდგომი გამოკვლევები, ასევე ამოკვეთილი სიმსივნისა და სხვა ქსოვილების დეტალური დიაგნოსტიკა.
წინასაოპერაციო ანალიზების საფუძველზე ექიმებმა წინასწარ იცოდნენ, როგორ უნდა ემოქმედათ. რაც შეეხება ჩატარებული ოპერაციის „რადიკალურ ხასიათს“, მათ მიზნად დაისახეს აღმოჩენილი პათოლოგიური ცვლილებების სრულად მოცილება და ყველაფერი გააკეთეს სიმსივნის მთლიანად ამოსაკვეთად.
რაც შეეხება პაპის საავადმყოფოში დარჩენის ხანგრძლივობას, ამ ეტაპზე ძალაში რჩება მანამდე გამოცხადებული ვადა – დაახლოებით ერთი კვირა“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
პირველი ღამე საავადმყოფოში
14 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში, ვატიკანი იუწყება, რომ ოპერაციის შემდეგ, პაპმა ღამე მშვიდად გაატარა: "რომის ჯემელის საავადმყოფოში პაპმა ლეონ XIV-მ პირველი ღამე მშვიდად გაატარა. დამატებითი ინფორმაცია დღის განმავლობაში გავრცელდება", – წერია განცხადებაში.
დიაგნოზის დასმამდე
ქირურგიული ოპერაციის საჭიროების შესახებ, პაპმა ლეონ XIV–მ საზოგადოებას ტავად განუცხადა. კვირას, 11 ოქტომბერს, "ანგელუსის" ლოცვის დასრულების შემდეგ, პაპმა მორწმუნეეს უთხრა, რომ უახლოეს დღეებში ფილტვის კვანძის ამოკვეთის მიზნით, ქირურგიული ოპერაცია აქვს დაგეგმილი.
„ცოტა ხნის წინ, გამოკვლევების დროს, ექიმებმა ფილტვში პატარა კვანძი აღმომიჩინეს. ის ძალიან ადრეულ ეტაპზეა გამოვლენილი და კარგადაა ლოკალიზებული. ექიმების აზრით, ჩარევა აუცილებელია, ამიტომ მათი რეკომენდაციით, ამ წარმონაქმნის ამოსაკვეთად ოპერაცია გადავწყვიტე. პროცედურა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. მადლობას გიხდით სულიერი მხარდაჭერისთვის და ლოცვას გთხოვთ“, – განაცხადა მან.
თაკო ფეიქრიშვილი




Comments