top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რა მოხდა ბუზმარეთში - ინციდენტი მართლმადიდებელ ბერსა და კათოლიკეებს შორის /ვიდეო/

მესხეთში, საქართველო–თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი კათოლიკე მორწმუნეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. იგი ეცადა მომლოცველებისთვის, ტაძრის ეზოს გარეთაც კი, წირვის აღვლენის შესაძლებლობა შეეზღუდა – ტერიტორია მანქანით ჩახერგა და კათოლიკე მღვდელმსახურებს მიუთითა ტყეში წასულიყვნენ და წირვა იქ აღევლინათ.


2023 წლის 18 მაისს კათოლიკე ეკლესიამ ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. ტრადიციულად, მესხეთში მცხოვრები კათოლიკეები ამ დღეს ბუზმარეთში, თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზონაში არსებულ ტაძარს მოილოცავენ და წირვასაც იქ აღავლენენ.


გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო. მიუხედავად დილით არსებული უამინდობისა, კათოლიკეები კვლავ გაუდგნენ ბუზმარეთის გზას. ეს არის დღე, როცა ისინი ათობით კილომეტრს ფეხით გადიან, რათა წინაპრების სალოცავ ადგილზე აღავლინონ წირვა და ილოცონ.


კათოლიკე სასულიერო პირებმა წინასწარ დაიჭირეს თადარიგი და მრევლის სასაზღვრო ზონაში შესვლისთვის შესაბამისი ორგანოებისგან ნებართვაც ითხოვეს და საშვებიც დაამზადებინეს. შესაბამისად, გასული წლებისგან განსხვავებით, კათოლიკეები ბუზმარეთის ზედა ტაძრამდე მისასვლელად სასაზღვრო ზონაში უპრობლემოდ შევიდნენ, თუმცა პრობლემა სწორედ ტაძართან შეიქმნა:


პირველი, რაც მომლოცველებს თვალში მოხვდათ, ტაძრის ეზოს ჩაკეტილი მთავარი შესასვლელი იყო, სადაც სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

კარები რატომ არის დაკეტილი, ეკლესიაში ვერ შევალთ? – კითხულობდნენ მომლოცველები.

პრობლემას ნუ შექმნით ქალბატონო, გვერდით მიბრძანდით, გვერდითა კარია ღია და იქიდან შედით, – მიანიშნებდა სამართალდამცველი.


ბუზმარეთის პატარა ტაძარში, რომელიც 2006–2007 წლებში, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მამამ და ბიძამ, სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს, მლოცველები მორიგეობით შედიოდნენ.


ხელი არაფერს ახლოთ!, – აფრთხილებდა კათოლიკეებს ტაძარში მყოფი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომლისგანაც მომლოცველები სანთლებს ყიდულობდნენ.


მას შემდეგ, რაც მომლოცველებმა სანთლები დაანთეს, წირვისთვის მზადება დაიწყო. „სად უნდა ჩატარდეს წირვა?“, – კითხულობდნენ მომლოცველები, რადგან ის ტერიტორიები, სადაც გასულ წლებში წირვა აღევლინა, ახლა ჩახერგილი იყო. ერთ ადგილას მართლმადიდებელი მღვდლის მანქანა იდგა, მეორე ადგილას კი, ტაძრის ეზოდან გამოსული წყლის გუბეები იდგა.


ცნობისთვის, ბოლო წლებში, მართლმადიდებელი სასულიერო პირები კათოლიკე მღვდელმსახურებს არ აძლევენ უფლებას ტაძრის ეზოში წირვა აღევლინათ, ამიტომ ბოლო წლებში, წირვა ყოველთვის ეზოს გარეთ, ტყეში აღევლინებოდა. თუმცა წელს ეზოს გარეთ წირვის აღვლენაზეც პრობლემა შეიქმნა.


კათოლიკე სასულიერო პირმა, არლის სამრევლოს ვიკარმა, მამა ბექა ჩილინგარაშვილმა მართლმადიდებელ სასულიერო პირს, (როგორც თავად გაეცნო) ბერ იოანეს, სთხოვა მანქანა სხვა ადგილას გადაეყენებინა, რათა კათოლიკეებს ტაძრის ეზოს გარეთ მაინც შესძლებოდათ წირვის აღვლენა. ამაზე მართლმადიდებელმა ბერმა უარი განაცხადა და თქვა, რომ მანქანას „არ გაიყვანდა!“.


ამ მანქანას არ გავწევ მე, ტო. ტყე ამხელაა და სადაც გინდა იქ ჩაატარე, – განუცხადა მან.


მისი პასუხის შემდეგ, მამა ბექა ჩილინგარაშვილმა ბერსაც და სამართალდამცველებსაც უთხრა, რომ წირვას ზუსტად ეზოს მთავარი შესასვლელის წინ აღავლენდა და ვერავინ დაუშლიდა ამას, რადგან ტერიტორია ყველას ეკუთვნოდა.


ინციდენტში ადგილობრივი კათოლიკეებიც ჩაერთნენ:

„საუკუნეებია ამ ეკლესიაში მოვდივართ კათოლიკეები და ვლოცულობთ, თქვენ ვინ ხართ რომ მიკრძალავთ? 5 საათი გზაში ფეხით იმისთვის მოვდიოდი, რომ თქვენთან ვიჩხუბო?!“ – იძახდნენ მომლოცველები.


კათოლიკე მღვდელმსახურმა საკურთხეველი ნამდვილად მთავარი შესასვლელის წინ მოაწყო და ლიტურგია დაიწყო. მთელი წირვის განმავლობაში, ეზოს მთავარ შესასვლელ კართან იდგნენ სამართალდამცველები და სპეციალურად მიჩენილი პირი, რომელიც კარს მხოლოდ მართლმადიდებელი ბერისთვის აღებდა და მისი შესვლის შემდეგ მაშინვე კეტავდა, რომ კათოლიკე ადამიანი ეზოში მთავარი შესასვლელიდან არ მოხვედრილიყო.

ამაღლების სადღესასწაულო წირვა გორის სამრევლოს მოძღვარმა მამა დარიუშ კომადოვსკიმ აღავლინა, რომელმაც კათოლიკეებს უთხრა, რომ თავიანთი რწმენის არ უნდა შერცხვეთ და წინაპრების სალოცავ ადგილებს პატივი უნდა მიაგონ ისევე, როგორც მათი მამა–პაპა იქცეოდა.


საბოლოოდ, ლიტურგიამ მშვიდად ჩაიარა და ამას ამინდმაც ხელი შეუწყო.

ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან.


ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძრების მოსალოცად, როგორც კათოლიკეები (რომაული და სომხური წესის) ასევე მართლმადიდებლები (საკუთარი ლიტურგიული კალენდრის მიხედვით) დადიან.


თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე



bottom of page