top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ფერან ტორესი - კათოლიკე თავდამსხმელი, რომელმაც ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა

  • 2 days ago
  • 2 min read

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ფერან ტორესი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, ვინც ღიად გამოხატავს კათოლიკურ რწმენას. კათოლიკობას საჯაროდ აღიარებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტეც.


2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ფერან ტორესმა გოლი გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს არგენტინასთან 1:0 მოაგებინა. შეხვედრა 19 ივლისს, კვირას, ნიუ-ჯერსიში გაიმართა.


„გოლი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ახლა მხოლოდ ის მინდა, მსოფლიო ჩემპიონატის თასი ხელში ავიღო და მთელი ძალით ჩავიხუტო, რადგან მჯერა, რომ ეს იმ 47 მილიონი ესპანელის ოცნებაა, რომლებსაც დღეს მოედანზე წარმოვადგენდით. ვფიქრობ, ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით და ამისთვის ყველაფერი გავიღეთ“, –განაცხადა ფერან ტორესმა, ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ.


ტორესმა, რომელიც ესპანურ „ბარსელონაში“ თამაშობს, აღნიშნა, რომ გატანილმა გოლმა დიდი შვება მოჰგვარა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო.


„მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის მაძლევს ძალას, წინ ვიარო. ბოლოს კი, როგორც ყოველთვის ვამბობ, ღმერთი თავის მადლს ყველაზე მეტად მათ ანიჭებს, ვინც ამას იმსახურებს“, – აღნიშნა თავდამსხმელმა.


ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტორესი საკუთარ ცხოვრებაში ღმერთის მნიშვნელობაზე საუბრობდა.

„ვატარებ ჯვარს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. მტკიცე რწმენა ჩემთვის უდიდესი საყრდენია და ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში“, – თქვა ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელიც ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.


ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ფერან ტორესი თავისი კათოლიკური რწმენით გამოირჩევა, ისევე როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე.


საფრანგეთთან ნახევარფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ესპანეთმა მოგვიანებით 2:0 გაიმარჯვა, დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ ყოველდღე ლოცულობს, თუმცა არა იმის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება ან კონკრეტული შედეგის მიღწევა სურს.


„ყოველდღე მადლობას ვწირავ ღმერთს. ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ და ვხედავ, რომ კარგად ვარ, საკუთარ თავს ვეუბნები: ‘კიდევ ერთი დღე მაქვს იმისთვის, რომ სიცოცხლით ვიხარო.’ სწორედ ამ მცირე, მაგრამ ძვირფასი ნიჭისთვის ვმადლობ ღმერთს. დიახ, ყოველდღე ვლოცულობ, მაგრამ არა იმისთვის, რომ მეტი დახმარება ვითხოვო“, — განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.


ესპანეთის მამაკაცთა ნაკრებმა მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. პირველად ესპანელებმა ეს მწვერვალი 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიპყრეს, როდესაც ფინალში ნიდერლანდები დაამარცხეს ანდრეს ინიესტას ლეგენდარული გოლით. ახლა კი, უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონები არიან და თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს ფეხბურთის ისტორიაში!


ტურნირზე მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი უპირატესობა და უმაღლესი კლასის ფეხბურთი აჩვენეს.


2026 წლის 19 ივლისს, დრამატულ და დაძაბულ ფინალში ესპანეთის ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი არგენტინა დაამარცხა ანგარიშით 1:0. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო ბედი დამატებით დროში გადაწყდა. გადამწყვეტი გოლი 106-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა გაიტანა და ესპანეთს ნანატრი ტიტული მოუტანა. არგენტინელთა ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი 90+2 წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს. ესპანეთი უკვე მეორედ მსოფლიოს ჩემპიონია.

თაკო ფეიქრიშვილი
შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page