top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ჰოი პურო’ – 1879 წელს, ქართულად დაბეჭდილი კათოლიკური გალობა

ქართულ ენაზე დაბეჭდილი, უძველესი კათოლიკური გალობანის სანოტო ჩანაწერი, იშვიათობაა. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში, ქალაქ მონთობანში XIX სუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში არსებულ ქართველ მამათა სავანეში, პატრ იოსებ წალდაძეს (წალდაძოვი) უზრუნია, რომ თავისსავე შექმნილ ლითონის სტამბაში დაებეჭდა კათოლიკური საგალობლები ნოტებითა და ქართულ–ლათინური ტექსტებით.

სწორედ ამის შესახებ გვაწვდის ცნობასა და თანდართულ ფოტოებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "წიგნის მუზეუმი", რომელიც ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენაა.


"წიგნის მუზეუმის" ინფორმაციით:


XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი კათოლიკე ბერები კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდნენ საზღვარგარეთ: კონსტანტინოპოლის, ვენეციის და მონთობანის სავანეებში. იქ დაარსებულ სტამბებში ბეჭდავდნენ ქართულ წიგნებს, როგორც სასულიეროს, ისე საეროს, უმეტესად სახელმძღვანელოებს.


ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით („ივერია“, 1898 წელი, N 221), მონთობანში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ ბერს იოსებ წალდაძეს , „საქართველოს საუკეთესო მამულიშვილს“, იქ ლითოგრაფია დაუარსებია. იგი ფართო განათლების მქონე პიროვნება ყოფილა, ფლობდა მრავალ უცხო ენას, გამოირჩეოდა განსაკუთრებული პიროვნული თვისებებითაც.


იოსებ წალდაძეს უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიუღია და სასტამბო საქმესაც დაუფლებია.


1879 წელს, მონთობანში, თავისივე დაარსებულ „მონათა უმანკო შთასახების ლითოგრაფიაში“, პირველად „კონა საღმრთოთა გალობათა“ დაუბეჭდავს, გალობის ნოტები ქართულ-ლათინური პარალელური ტექსტით.


ეს რიგით მესამე ქართული სანოტო გამოცემა იყო.


პირველი, კი იყო დიმიტრი ერისთავის მიერ შეკრებილი და ფორტეპიანოსთვის გადმოღებული ქართული სიმღერების „პოპური“, დაბეჭდილი სანკტ-პეტერბურგში, [1872 – 1874 წლებში], რუსულ ენაზე.


მეორე, ქართული სანოტო გამოცემა სასულიერო სემინარიის სიმღერა-გალობის მასწავლებლის მ. მაჭავარიანის მიერ შეკრებილი და ნოტებზე გადატანილი საბავშვო სიმღერები იყო, გამოცემული თბილისში, 1878 წელს.


„კონა საღმრთოთა გალობათა“


„კონა საღმრთოთა გალობათა“ ერთადერთ ეგზემპლარადაა დაცული ქალაქ მონთობანის (საფრანგეთი) მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში, საიდანაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო გამოცემათა ფონდს შეემატა ამ გამოცემის ელექტრონული ვერსია.


ნოტებზე მითითებული არ არის კომპოზიტორი. გარეკანზე, საგამომცემლო მონაცემებში, ლითოგრაფიული საწარმო გადმოქართულებული სახელითაა აღნიშნული– ქვამწერლობა.

ლ ი თ ო გ რ ა ფ ი ა ბეჭდვის შედარებით მარტივი ტექნიკაა, რომელიც ბრტყელი ქვის ზედაპირზე სპეციალური ფანქრითა თუ მელნით შესრულებული გამოსახულებიდან მრავალი ანაბეჭდის მიღების საშუალებას იძლევა.

ნოტების გარეკანზე ფრანგულადაა მიწერილი: „სასულიერო სიმღერათა კრებული (დაუმთავრებელი ნაშრომი)“. მართლაც, გალობათა „კონა“ შეიცავს მხოლოდ ერთ კათოლიკურ საუფლო საგალობელს – „ჰოი პურო“, რომელიც არ არის აგებული ქართული გალობის ტრადიციულ წესებზე.

ამ ნოტების დაბეჭდვით იოსებ წალდაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ გამომცემელად გვევლინება.


© წიგნის მუზეუმი


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page