ივლიტის ტაძარში, რომელიც კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის სადავო შენობას წარმოადგენს, სახურავის ჩავარდა. ამ დრომდე სახურავი დაზიანებული იყო და შეკეთებას საჭიროებდა, თუმცა ახლა ტაძრის ნახევარი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ტაძრის სახურავის ჩამონგრევის შესახებ სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“ წერს. შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, უკვე წელიწად–ნახევარია სახურავის შეკეთებას ელოდება. სახურავის აღდგენისათვის პროექტის მოსამზადებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანია „LMC“–სთან ხელშეკრულება 54 490 ლარზე გაფორმდა.
როგორც სააგენტოსთან მართლმადიდებელი მღვდელი, იოანე გელაშვილი ამბობს, ნაგებობის სახურავის ჩამონგრევა ინტენსიურმა წვიმებმა გამოიწვია. ხოლო, ეკლესიის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტები, რომელიც კომპანია „LMC“–მ მოამზადა, სააგენტომ დაიწუნა.
„ვიყავი კულტურის სამინისტროში ერთი თვის წინ. პროექტის მოსამზადებლად გამოცხადდა ტენდერი. ტენდერში ვინც გაიმარჯვა, კულტურის სამინისტრომ დაუწუნა რამდენიმეჯერ ეს პროექტი. მოხდა შესწორებები და ბოლოს კიდევ კიდევ შეიტანეს პროექტი. როგორც ვიცი, ბოლოს კიდევ იხილებოდა. სამინისტრომ, ან მივცემთ პროექტს დადებით შეფასებასო, ან არაო. ველოდებით პასუხს, რა იქნება. მარტიდან მოყოლებული წვიმები რომ იყო, დასველდა მიწა და ჩამოინგრა სახურავი“,– ამბობს იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“.
ივლიტის ტაძრის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2021 წლის თებერვალში წერილით მიმართა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, თუმცა მას პასუხი არ მიუღია. იგი წერილში სააგენტოს სთხოვდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გათვალისწინებული ყოფილიყო კათოლიკე ეკლესიის ინტერესები, როგორც ამ ტაძრის ისტორიული მეპატრონისა.
„შემატყობინეს, რომ ა.წ. 17 თებერვალს ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტის კათოლიკური ეკლესიის სახურავმა ვერ გაუძლო თოვლს. ეს ფაქტი შედეგია არა მხოლოდ უამინდობისა, არამედ უმთავრესად უყურადღებობისა და უზრუნველობისა, რომელშიც იყო მიტოვებული ტაძარი, სწორედ ამგვარი დღის მოლოდინში. ადგილობრივი კათოლიკენი დიდიხანია აღნიშნავდნენ დაზიანების აშკარა ნიშნებს და ამგვარი შედეგი მოსალოდნელი იყო. ვშიშობ, რომ ამჯერადაც შეგნებულად იქნა მიყვანილი მდგომარეობა იქამდე, რომ შენობა დაინგრეს და შემდეგ მავანმა აღადგინოს ის თავის გემოზე.
ვითხოვ, როგორც ამ შენობით დაინტერესებული მხარე, რაკი საქმე გვაქვს კათოლიკურ, თუმცა ამჟამად მართლმადიდებელთა მფლობელობაში მყოფ ნაგებობასთან, რომლის დაბრუნებასაც წლებია მოითხოვენ ქართველი კათოლიკენი, რომ ყოველივე აღდგენილი იქნას პირვანდელი სახით, დაცულ იქნას ამ ტაძრის სტრუქტურა, ისტორია და იერსახე და ჩამაყენონ საქმის კურსში გადაწყვეტილებების მიღებისას“, – წერია ეპისკოპოსის წერილში.
დაზიანებული ტაძარი ეპისკოპოსმა 2021 წლის აპრილშიც მოინახულა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ისტორიულად კათოლიკური ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია. ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და VIII-XX საუკუნეებით თარიღდება. იგი იმ ექვს სადავო ტაძარს შორისაა, რომლის ისტორიული მესაკუთრეც კათოლიკე ეკლესიაა და მის დაბრუნებას მოითხოვს.
მიუხედავად სახურავის დაზიანებისა, კათოლიკე მრევლს ხატები ტაძრიდან არ გამოჰქონდა, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი ხატებს უკან არ შეატანინებდა და საკუთარ ეკლესიაში იმ ერთ კედელსაც დაკარგავენ, რომელიც ახლა ეკუთვნით.
1991 წლიდან ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს კი, აქ მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი.
ამ დრომდე, ეკლესიაში წირვა–ლოცვას მხოლოდ მართლმადიდებლები აღავლენენ.
catholic.ge
Opmerkingen