ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ისტორიულად კათოლიკური ტაძარი, რომელიც ამჟამად მართლმადიდებლების მფლობელობაშია დაზიანდა. მისი ისედაც ავარიული სახურავი დიდთოვლობის გამო სრულიად ჩამოინგრა.
ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და VIII-XX საუკუნეებით თარიღდება. ამჟამად, იგი იმ ექვს სადავო ტაძრს შორისაა, რომლის ისტორიული მესაკუთრეც კათოლიკე ეკელსიაა და მის დაბრუნებას მოითხოვს.
1991 წლიდან ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს კი, აქ მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ კათოლიკე მისიონერის საფლავი.
ამ დრომდე, ეკლესიაში წირვა–ლოცვას მხოლოდ მართლმადიდებლები აღავლენენ.
დაზიანებული სახურავის შესახებ ადგილობრივი კათოლიკეები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ფაქტთან დაკავშირებით, კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წერილით მიმართა. იგი შიშობს, რომ ტაძარი ამ მდგომარეობამდე შეგნებულად იქნა მიყვანილი და სააგენტოს სთხოვს, კათოლიკე ეკლესია, როგორც ივლიტის ეკლესიის ისტორიული მესაკუთრე, საქმის კურსში ჩააყენოს.
„შემატყობინეს, რომ ა.წ. 17 თებერვალს ახალციხის რაიონის სოფელ ივლიტის კათოლიკური ეკლესიის სახურავმა ვერ გაუძლო თოვლს. ეს ფაქტი შედეგია არა მხოლოდ უამინდობისა, არამედ უმთავრესად უყურადღებობისა და უზრუნველობისა, რომელშიც იყო მიტოვებული ტაძარი, სწორედ ამგვარი დღის მოლოდინში. ადგილობრივი კათოლიკენი დიდიხანია აღნიშნავდნენ დაზიანების აშკარა ნიშნებს და ამგვარი შედეგი მოსალოდნელი იყო. ვშიშობ, რომ ამჯერადაც შეგნებულად იქნა მიყვანილი მდგომარეობა იქამდე, რომ შენობა დაინგრეს და შემდეგ მავანმა აღადგინოს ის თავის გემოზე.
ვითხოვ, როგორც ამ შენობით დაინტერესებული მხარე, რაკი საქმე გვაქვს კათოლიკურ, თუმცა ამჟამად მართლმადიდებელთა მფლობელობაში მყოფ ნაგებობასთან, რომლის დაბრუნებასაც წლებია მოითხოვენ ქართველი კათოლიკენი, რომ ყოველივე აღდგენილი იქნას პირვანდელი სახით, დაცულ იქნას ამ ტაძრის სტრუქტურა, ისტორია და იერსახე და ჩამაყენონ საქმის კურსში გადაწყვეტილებების მიღებისას“, – წერია ეპისკოპოსის წერილში.
ამჟამად, ივლიტის ეკლესიაში, კათოლიკე სასულიერო პირებს მსახურების შესაძლებლობა არ ეძლევათ. შენობის მხოლოდ ერთ კედელზე კათოლიკე ეკელსიის სიმბოლოები და ხატებია დატანილი. კათოლიკე მრევლი კი წირვას ამავე სოფელში სამრევლო სახლში აღავლენს.
აქაური მრევლისთვის წლების განმავლობაში მსახურებას აღავლენდა მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, შემდეგ კი ახალციხის სამრევლოს წინამძღვრები.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments