top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მიიღო

3 minutes ago
3 min read

ლეონ XIV-მ აუდიენციაზე მიიღო უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური, არქიეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩუკი, რომელმაც პაპის მიმართ მადლიერება გამოხატა პუტინთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრების გამო. მან პაპს ასევე მადლობა გადაუხადა ოლეშკიში დატრიალებული ტრაგედიით დაინტერესების, პაპის მოწოდებების, ტყვეებისა და ბავშვების დასახმარებლად წმინდა საყდრის ჰუმანიტარული მისიის, აგრეთვე მოსკოვსა და კიევში კარდინალ ძუპისა და არქიეპისკოპოს გალაგერის ვიზიტებისთვის.

 

​მთავარეპისკოპოსმა სვიატოსლავ შევჩუკმა პაპს საჩუქრად ჩაუტანა საფოსტო მარკები, წიგნები და ფოტოალბომები. ასევე უკრაინის ლოცვა და მადლიერება მოწოდებებისა და წმინდა საყდრის ჰუმანიტარული საქმიანობისთვის. აუდიენციის შემდეგ, მთავარეპისკოპოსმა პაპს გადასცა რუსეთში დაკავებული ასობით სამხედრო ტყვეს სია. 

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური უკვე მეხუთედ შეხვდა პაპ ლეონ XIV-ეს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისათვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. სწორედ ამ ძალისხმევას ეკუთვნის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ახლახან გამართული სატელეფონო საუბრებიც, რომლის დროსაც პაპმა მხარეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.


​კარდინალ ძუპისა და არქიეპისკოპოს გალაჰერის მისიები

​ვატიკანის წარმომადგენელთა მისიები, რომლებიც წინა პონტიფიკატის დროს დაიწყო და ახალი ენერგიით განახლდა ლეონ XIV-ის მიერ, გასულ ზაფხულს კიევსა და მოსკოვში განხორციელებულ ვიზიტებს მოიცავდა. 


ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებითა და სამწყემსო ხასიათის ვიზიტებით​ოთხი მოგზაურობა დაიტვირთა. 


​როგორც მთავარეპისკოპოსმა შევჩუკმა აღნიშნა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა შეძლო რუსეთში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მონახულება. „ეს იმის ნიშანია, რომ არავინ რჩება დავიწყებული. ღმერთს ყოველი ადამიანი ახსოვს. ხოლო დედა-ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ყველა სამხედრო ტყვე და უკანონოდ დაკავებული მძევალი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.


​მან ასევე გაიხსენა მთავარეპისკოპოს გალაჰერის მიერ მოსკოვში ნათქვამი სიტყვები, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია, რის გამოც აუცილებელია პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესის დასაწყებად პირობების შექმნა. 


​

მომავალი ზამთრის შიში

​სამოციქულო სასახლის ბიბლიოთეკაში გამართული საუბრისას, ხაზი გაესვა იმ გამოწვევებსაც, რომლებთან გამკლავებაც უკრაინას მომავალი ზამთრის განმავლობაში მოუწევს. ეს კი გამოწვეული იქნება დაბალი ტემპერატურითა და დაბომბვების შედეგად ინფრასტრუქტურის განადგურებით.


​უკრაინისთვის ამ მძიმე პერიოდში, მთავარეპისკოპოსმა პაპს სთხოვა საერთაშორისო კათოლიკური საზოგადოების მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობა. 

​ამ მოწოდების პასუხი იქნება პაპის სიკეთისა და ქველმოქმედების დიკასტერიის პრეფექტის, არქიეპისკოპოს ლუის მარინ დე სან მარტინის 27–30 ოქტომბერს დაგეგმილი ვიზიტი. იერარქი უკრაინაში ჩაიტანს საკვებს, მედიკამენტებსა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებს, რაც მთავარია, გადასცემს ლეონ XIV-ის სიახლოვისა და მხარდაჭერის გზავნილს. ამ მისიაში აქტიურადაა ჩართული უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია. 


​უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის სინოდი 

​იმ ეკლესიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი უძღვება, მთავარეპისკოპოსმა შევჩუკმა პაპს მიაწოდა ინფორმაცია ეპისკოპოსთა ბოლო სინოდის შესახებ, რომელიც სამღვდელო და ბერ-მონაზვნურ მოწოდებებს მიეძღვნა. 


​მისი განმარტებით, პაპთან შეხვედრა შესაძლებლობაა იმისა, რომ კიდევ ერთხელ განახლებულიყო მოწოდებებზე ზრუნვის აუცილებლობა იმ დემოგრაფიულ და ჰუმანიტარულ კრიზისში, რაც რუსულმა აგრესიამ გამოიწვია. 


​„მადლობა მოწმობისთვის“ 

ლეონ XIV-მ მადლობა გადაუხადა რწმენის იმ განსაკუთრებული მოწმობისთვის, რომელსაც ომის დროს უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერ-მონაზვნები და მორწმუნეები იჩენენ. 


არქიეპისკოპოსმა პაპს დაუდასტურა ყველა უკრაინელი მორწმუნის ლოცვა და სულიერი მხარდაჭერა ფილტვის ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში. 


​საჩუქრები 

​არქიეპისკოპოსმა შევჩუკმა კიევიდან არაერთი საჩუქარი ჩამოიტანა. მათ შორის იყო ვატიკანის სახელმწიფოს საფოსტო მარკა და თემატური ბროშურა, რომლებიც უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ცხოვრებაში სამ მნიშვნელოვან მოვლენას ეძღვნებოდა. გამოშვება ვატიკანის ფოსტასთან თანამშრომლობით მომზადდა. 



​პაპმა ასევე მიიღო უკრაინაში გამოშვებული სპეციალური საფოსტო მარკა საკუთარი გამოსახულებით. როგორც მთავარეპისკოპოსმა შევჩუკმა განმარტა, ეს არის „წმინდა საყდრისადმი მადლიერების გამოხატვა მისი ჰუმანიტარული მისიისთვის“. 

​საჩუქრებს შორის ასევე იყო ფოტოალბომი სათაურით „იმედის მომლოცველნი“, რომელიც მიეძღვნა უკრაინული საზოგადოების შეხვედრას პაპთან და წიგნი „ჰემინგუეიმ არაფერი იცის“, რომლის ავტორიც რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანი არტურ დრონია. 


წინა შეხვედრები 

​ლეონ XIV-ისა და მთავარეპისკოპოს შევჩუკის პირველი ოფიციალური შეხვედრა 2025 წლის 15 მაისს შედგა, როდესაც ახლად არჩეულმა პაპმა მთავარეპისკოპოსი სამოციქულო სასახლეში მიიღო. 


​28 ივნისს პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაემგზავრა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობის მისაღებად. მაშინ, ბავშვების, ხანდაზმულების, წყვილებისა და უპირველეს ყოვლისა, ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების დედების ცქერისას, მან მწუხარება გამოთქვა „უაზრო ომის“ გამო. 


​2026 წლის 12 თებერვალს სამოციქულო სასახლეში კიდევ ერთი კერძო აუდიენცია გაიმართა. მაშინაც მთავარეპისკოპოსმა შევჩუკმა პაპს გადასცა 400 სამხედრო ტყვეს სია.

​ამის შემდეგ მთავარეპისკოპოსი ვატიკანში დაბრუნდა სამიტზე, რომელიც „Amoris laetitia“ (სიყვარულის სიხარული) სამოციქულო დარიგების გამოქვეყნების ათი წლისთავისადმი იყო ორგანიზებული და რომელზეც აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიების მეთაურებიც იყვნენ მიწვეულნი. 


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page