პაპი ახალგაზრდებს სეულში მსოფლიო დღეებზე იწვევს
22 ოქტომბერს დაიწყო განცხადებები მიღება სეულში, მსოფლიო ახალგაზრდების დღეებზე მონაწილეობის მისაღებად. ამასთან დაკავშირებით, წმინდა მამამ ახალგაზრდებს ვიდეოჩანაწერით მიმართა.

„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, დღეს, როდესაც იხსნება რეგისტრაცია ახალგაზრდების მომდევნო მსოფლიო დღეზე, გულით გიწვევთ თითოეულ თქვენგანს სეულში. ეს არ არის უბრალო მოწვევა ახალი ქალაქის მოსანახულებლად. ეს არის თხოვნა, რომ წახვიდეთ რწმენის, მეგობრობისა და იმედის მომლოცველობაში.
მომლოცველობა იძლევა შესაძლებლობას არა მხოლოდ აღმოაჩინოთ ქრისტიანული სივრცეები სხვადასხვა ადგილას, არამედ იპოვოთ დრო და ადგილი იმისათვის, რომ ღმერთთან შეხვედრა კიდევ უფრო ღრმა იყოს, როგორც პირად დონეზე, ისე ეკლესიის ცხოვრებაში. სეულში თქვენ შეხვდებით ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც წარმოადგენენ ენებისა და კულტურების მშვენიერ და მდიდარ მრავალფეროვნებას. მიუხედავად ამ განსხვავებებისა და თქვენი სხვადასხვაობისა, კიდევ უფრო ძლიერად იგრძნობთ ერთობას, რადგან ჩვენ ყველანი ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრები ვართ.
ამრიგად, ეს მოვლენა გახდება განსაკუთრებული საბაბი, როგორც თქვენი რწმენის გასაღრმავებლად, ისე ქრისტეში თქვენს ძმებთან და დებთან შესახვედრად. ვიმედოვნებ, რომ შეინარჩუნებთ მხიარულ მოგონებებს და დაამყარებთ მეგობრობის კავშირებს, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება.
მაშასადამე, ახალგაზრდობის მსოფლიო დღის თემაა – „გამხნევდით! მე დავამარცხე სამყარო“ (იოანე 16,33). დღეს ჩვენ აღვნიშნავთ წმინდა იოანე პავლე II-ის ლიტურგიკულ ხსენებას, რომელიც დაუღალავად უცხადებდა ყველა ხალხს: „ნუ გეშინიათ. გაუღეთ კარი ქრისტეს“. ეს სიტყვები თითოეული თქვენგანის მიმართაცაა ნათქვამი, ამიტომ წაიღეთ მომლოცველობაში ის, რაც თქვენს გულშია, მათ შორის ოცნებები, სურვილები და იმედები, ასევე ჭრილობები და სირთულეები.
უფალი გელით შეხვედრისა და ურთიერთობის ამ ადგილას. ის თითოეულ თქვენგანს სახელით გიხმობთ და სურს გააღვიძოს თქვენი იმედი და გაჩუქოთ სრული ცხოვრება და სიხარული.
მოხარული ვიქნები, რომ გნახოთ სეულში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ახლობლები“.
პაპი ვიდეომიმართვას საზეიმო ლოცვა-კურთხევით ასრულებს:
„ყოვლისშემძლე ღვთის – მამისა, ძისა და სულიწმინდის კურთხევა გადმოვიდეს თქვენზე და დაიმკვიდროს მარადის. ამენ“.
2027 წლის მსოფლიო ახალგაზრდების დღეები 3-8 აგვისტოს კორეაში გაიმართება. თუმცა მომლოცველობის გზა სეულის შეხვედრამდე ბევრად ადრე დაიწყება: 2027 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე მსოფლიო ახალგაზრდების დღეების მონაწილეები სამხრეთ კორეის თხუთმეტ ეპარქიაში იცხოვრებენ, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ მოემზადნონ მთავარი მოვლენებისთვის, არამედ პირადად გაეცნონ კორეის საეკლესიო თემების ცხოვრებას.
შოთა გიქოშვილი





Comments