top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მამა ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი – სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის წინამძღვარი


სტამბოლის ქართველ კათოლიკე მამათა ფერიქოის სავანემ მრავალი ღირსეული მამულიშვილი მისცა ქართველ ერს. უპირველესად უნდა აღინიშნოს მისი დამფუძნებელი პეტრე ხარისჭირაშვილი და წინამძღვრები: მამა სტეფანე გიორგაძე, მამა ალფონს ხითარიშვილი, მამა ბენედიქტე ვარდიძე (ორგზის წინამძღვარი), მამა პიო ბალიძე (ორგზის წინამძღვარი), მამა შიო (ალიოზ) ბათმანაშვილი, მამა პეტრე ტატალაშვილი. პავლე აკობაშვილი – გამგე სავანისა, მისი უკანასკნელი მკვიდრი და დამცველი, სავანის ქომაგი და მეცენატი, ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე პავლე ზაზაძე.


უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ სავანეში აღიზარდნენ ისეთი საზოგადო მოღვაწენი და მეცნიერები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს, არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში. ესენი იყვნენ: მიხეილ თამარაშვილი – ისტორიკოსი, შალვა ვარდიძე არაბისტი, ბეირუთის უნივერსიტეტის პროფესორი, პეტრე მერაბიშვილი – ეთიოპიაში მოღვაწე ექიმი, მიქელ თარხნიშვილი – ქართველოლოგი, ემანუელ ვარდიძე, დომინიკე მუღაშაშვილი – ჟურნალ „ჯვარი ვაზისას” რედაქტორი, იოანე (მიხეილ) ანტონაშვილი (ანტონოვი) – სარატოვის სასულიერო სემინარიის რექტორი და სხვანი.


ალიოზ (შიო) ბათმანაშვილი იმ ქართველ კათოლიკეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებმაც განათლება სტამბოლის ქართველ მამათა სავანეში მიიღეს, სადაც იგი 1896 წელს, თერთმეტი წლის ასაკში, გაემგზავრა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სავანის წინამძღვრებისა და იქ მოღვაწე პირთა მსგავსად, დღემდე მონოგრაფიულად შეუსწავლელია ალიოზ ბათმანაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობა. სტამბოლის ქართველ მამათა სავანის არქივ-ფონდსა და ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები, ასევე სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი ალიოზ ბათმანაშვილის – სავანის წინამძღვრისა და საზოგადო მოღვაწის, ცხოვრება-მოღვაწეობის მონოგრაფიული შესწავლის საშუალებას იძლევა.

 ალიოზ ბათმანაშვილი სტამბოლში მიავლინა ივანე გვარამაძემ, როგორც თავისი საუკეთესო მოწაფე. ერთ-ერთ წერილში იგი მასწავლებელს სწერდა: „მადლობას გიძღვნი იმისათვის, რომ ჩემი აქ გამოგზავნა ინებეთ“ (ს.ჯი.მ.ხ. ფ. N2695).


როგორც მოძიებული მასალებიდან ჩანს, ალიოზ ბათმანაშვილი სავანეში ჩასვლიდანვე, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. კერძოდ, 1903 წლისთვის მას დამთავრებული ჰქონდა წმინდა ალიოზის სახელობის ე.წ. პატარა სემინარია, იგი ივანე გვარამაძეს სწერდა: „მგონი უნდა იცოდე, რომ ამ წელს პატარა სემინარია გავათავე და 8 სექტემბერს ღვდლის კაბა ჩავიცვი. ვსწავლობ დიდ სემინარიაში. სულ 21 ვართ სემინარიელი" (ს.ჯ.ი.მ.ხ.ფ. N2664, 1903 წ.)

წმინდა ალიოზის სემინარიის დასრულების შემდეგ, სავანის წინამძღვარმა მამა ალფონს ხითარიშვილმა იზრუნა მის შემდგომ განათლებაზე. სწორედ ამიტომაც სემინარიის კურსდამთავრებულები მიაბარა კაპუჩინებს. ერთი წლის შემდეგ, მამა ალფონსმა თავისი მოწაფეები უკან დააბრუნა და გადაწყვიტა სავანეში გაეხსნა სასწავლებელი და მასწავლებლად მიიწვია იტალიაში მოღვაწე მიხეილ თამარაშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან 1911 წლამდე პერიოდი სტამბოლის სავანეში ალიოზ ბათმანაშვილის ცხოვრების პირველი ეტაპია. ეს იყო მისი მოწაფეობის პერიოდი. როგორც მისი ჩანაწერებიდან ჩანს, 1911 წლის სექტემბრიდან მის ცხოვრებაში დაიწყო ახალი პერიოდი, რამდენადაც 25 სექტემბერს მოხდა მისი მღვდლად კურთხევა. იგი მაშინვე აქტიურად ჩაება სავანის ცხოვრებაში, ცდილობდა გონივრულად გამოეყენებინა იქ ყოფნის პერიოდი, სადაც საფუძველი ჩაეყარა მისი, როგორც მომავალი საზოგადო მოღვაწის აღზრდას. მას სამშობლოშივე ჰყავდა თავისი იდეალი. ეს იყო მისი პირველი მასწავლებელი და ყველასათვის საპატივსაცემო პირი – ივანე გვარამაძე. თავისი მასწავლებლისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ალიოზი მისდამი გაგზავნილ თითქმის ყველა წერილში ამჟღავნებდა. 1907 წელს იგი სწერდა: „თქვენი ბიოგრაფია წავიკითხე ზაქარია ჭიჭინაძისაგან შედგენილი. ძალიან მომეწონა აღწერილი ცხოვრება. იგი მიმიღია გეგმად ჩემის მოქმედებისა. ღვთის სიტყვებთან ერთად მამულის სიყვარულს ვუქადაგებ ჩემს მოსავლელ მრევლს, თუ ღმერთმა ინება ჩემი მღვდლად მოწოდება... თქვენი ნაწერები დია მომწონს. აგრეთვე ძალიან მომწონს თქვენი მოღვაწეობა მწიგნობრობაში და გარდაწყვეტილი მაქვს ამაშიც თქვენ მოგბაძოთ. თქვენსავით დიდის ყურადღებით შევაგროვებ ჩვენი ძველი ცხოვრების ნაშთს. ეს შრომა კიდეც დაწყებული მაქვს. ჩვენი მონასტრის ბიბლიოთეკაში უყურადღებოდ მიყრილნი იყვნენ რამდენიმე ხელნაწერები, მღილთაგან შეჭმულნი და ნოტიობისაგან დაზიანებულნი. ისენი შევაგროვე და სულ გავჩხრიკე. ჯერ-ჯერობით 10 ხელნაწერი მაქვს ხელში. ამათგან ოთხზე თქვენი ხელი აწერია... ძნელად წარმოიდგენთ, რარიგ ნუგეშია მწირ ქართველისათვის, როდესაც იგი ეღირსება მამა–პაპათ დიდებულ ნაშთების ნახვას“.

ალიოზ ბათმანაშვილის წერილებიდან და ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ მას თავისი მასწავლებლის მიმართ მამა–შვილური სიყვარული ჰქონდა. „ახ, რა კარგი იქნებოდა, რომ ხანდისხან ჰაერის გამოსაცვლელად აქეთკენაც გამოივლდეთ, ძალან სასიამოვნოდ დაგვრჩება ჩვენ ყველა მოსწავლე ქართველებს“ (ს.ქ.კ.მ.ს.მ.).


იგი განსაკუთრებით იყო დაინტერესებული იმით, რომ ივანე გვარამაძეს თავისი ხელნაწერები შეეწირა სავანისათვის, რომელსაც სიამოვნებით განათავსებდნენ „ევროპულს გემოზედ აშენებულ სახლში“.

ალიოზ ბათმანაშვილის წერილებიდან და დღიურებიდან ასევე ჩანს მისი დიდი სიყვარული ალფონს ხითარიშვილისადმი, რომლის სავანეში ყოფნის პირველი პერიოდი თითქმის ემთხვევა მის სავანის წინამძღვრობის პერიოდს (1898-1905 წწ). იგი იყო მისი როგორც თანამედროვე, ასევე, როგორც საზოგადო მოღვაწის, შემფასებელიც, ამავე დროს, იმ რვა მოწაფეს შორის, ერთ-ერთი, რომელიც „გაუწვრთნია მამულის სიყვარულში პატრ ალფონსს“.

ალიოზ ბათმანაშვილი ივანე გვარამაძეს სწერდა: „ჩვენი წინანდელი უფროსი პადრე ალფონსი, ღირსად სახსენებელი, გვეუბნებოდა: ამდენი ხანია მონასტერი არსებობს და ერთი მცირედ დახმარება საქართველოს შვილისგან არ მოსვლია და განა მონასტერი ჩვენთვის არის თუ საქართველოს შვილებისთვის. მე თუ პირადად მონასტერში შევდივარ, ეს მხოლოდ მამულის გარდამეტებული სიყვარულთ არის, თვარემ ქვეყანაში ცხოვრებისა არ მეშინია. თუ საქმე გაჭირდა, ზურგით ბარგს ვატარებ და ლუკმა-პურს მოვიშოვნიდი“ (ს.ჯ.ი.მ.ხ.ფ. N3992).

ამ წერილით ქართველ საზოგადოებას შეახსენებდა საქართველოსათვის სტამბოლში არსებული ქართული სავანის მნიშვნელობასა და, ამასთანავე, სავანეში მოღვაწე პირების ქვეყნისათვის თავგანწირვაზე, რომლებმაც სრულიად ბავშვებმა უარი თქვეს საკუთარ „მე“–ზე და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. მათი უმრავლესობა უცხოეთის ცის ქვეშ ცხოვრობდა ისე, რომ არც კი ღირსებიათ სამშობლოს ხილვა და მშობლიური მიწის გულზე დაყრა.

ალიოზ ბათმანაშვილის პიროვნების, როგორც საზოგადო მოღვაწის სრული გააზრებისათვის, ასევე მნიშვნელოვანია მიხეილ თამარაშვილისადმი მისი დამოკიდებულების წარმოჩენა, რაც კარგადაა ასახული მისდამი მიწერილ წერილებსა თუ დღიურებში. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ თამარაშვილი გაცილებით უფროსი იყო მასზე, ამას ხელი არ შეუშლია მათი თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის. ისინი ხომ ახლო ნათესავები იყვნენ: ალიოზის და, გაიანე, იყო მიხეილის დედა. ე.ი. ალიოზი იყო მიხეილის ბიძა. როგორც ჩანს, ეს ნათესაური სიახლოვე უფლებას აძლევდა ალიოზს, რომ როცა სულიერად გაუჭირდებოდა, გულს თავის დისშვილთან იოხებდა. კონსტანტინეპოლში მყოფი ხშირად ეხმიანებოდა რომში მყოფ მიხეილს. აცნობებდა სავანის მდგომარეობას, ხშირად აზრსაც ეკითხებოდა.

მამა ალიოზმა, სხვა მოღვაწეებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა 1909 წელს სავანეში დაარსებულ აკაკის სახელობის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებაში. ბიბლიოთეკის ფუნქციონირებაზე მას სწორი აზრი ჰქონდა. მიაჩნდა, რომ ეს ბიბლიოთეკა დიდ სამსახურს გაუწევდა, როგორც სტამბოლელ, ისე საქართველოში მცხოვრებ ქართველებსაც, რამდენადაც ბევრ ქართველს უწევდა მამულის დატოვება და გარკვეული დროით, სტამბოლში გაჩერება მათთვის დიდი შემწეობა იყო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება ხდებოდა ძირითადად შემოწირულობის გზით. როგორც სავანეში მოძიებული მასალებიდან ჩანს, ალიოზ ბათმანაშვილი საქართველოში არა მარტო უკავშირდებოდა იმ ადამიანებს და სთხოვდა ბიბლიოთეკისათვის საჭირო წიგნებს, არამედ საგაზეთო კორესპონდენციებით მადლობას მოახსენებდა დახმარებისათვის.


სავანეში დაცულია მამა ალიოზის მრავალი წერილი. ერთ-ერთი წერილში ალიოზ ბათმანაშვილი საუბრობს მეტად საინტერესო საკითხზე. კერძოდ, იმაზე, რომ აღნიშნული ბიბლიოთეკით სარგებლობდნენ სტამბოლში მცხოვრები ქართველი მუსულმანები: „ქართველი მუსულმანები უკვე გამოფხიზლდნენ და ყველას სურს შეისწავლოს დედა ენაზე წერა-კითხვა და საუბარი. მრავალნი უკვე ცალკე გაკვეთილებზე დაიარებიან ცხონებულ პ. ანდრეას სასწავლებელში“ (ს.ქ.კ.მ.სმ ალიოზ ბათმანაშვილის წერილი რედქტორისადმი).


აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ენის შესწავლის მსურველთ სავანეში მოღვაწენი უფასოდ ასწავლიდნენ და ასევე უფასოდ აძლევდნენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ I ნაწილს, რაც მათ დიდ განცვიფრებას იწვევდა. რამდენადაც მრავალნი იყვნენ მსურველნი ქართული ენის შესწავლისა, მამა ალიოზი სილოვან ხუნდაძეს სთხოვდა მის მიერ შედგენილ ქართული ენის გრამატიკას და სხვა სახელმძღვანელოებს.

1911 წლიდან ალიოზ ბათმანაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა. იგი 25 სექტემბერს სტამბოლის ქართველ მამათა სავანეში ქართული რიტით მღვდლად ეკურთხა. მის ჩანაწერში ვკითხულობთ: "28 სექტემბერი. მშობლებს: ჩემი მღვდლად კურთხევა. ნუ კი იდარდებთ, რომ მანდ არ ვარ... 25 სექტემბერს ვეკურთხე. დიდებით წირვა ვთქვი" (ს.ქ.კმ.ს.იმ ალიოზ ბათმანაშვილის ჩანაწერები).


მღვდლად კურთხევა იყო მისი სტამბოლში გამგზავრების მიზანი, რასაც დიდი გარჯითა და ბეჯითი სწავლით მიაღწია. სტამბოლში ყოფნის ხანგრძლივი და უმძიმესი პერიოდი – 1896-1911 წლები, მიზნის ასრულებით დასრულდა. მამა ალიოზი, ჯერ კიდევ 1907 წელს, ივანე გვარამაძეს სწერდა, რომ მღვდლად კურთხევის შემდეგ საქართველოში დაბრუნდებოდა და რომ „თავი სამშობლოსათვის დამედვა“. მას კარგად მოეხსენებოდა საქართველოში რაოდენ დიდი საჭიროება იყო კათოლიკე მღვდლებისა და, მით უმეტეს, ქართულ რიტზე მყოფი მღვდლისა (ს.ჯი.მ.ხ.ფ. N3992, ალიოზ ბათმანაშვილის წერილი ივანე გვარამაძისადმი).

როგორც მოძიებული მასალებიდან ირკვევა, ალიოზ ბათმანაშვილმა თავისი მოწოდება აისრულა და 1911 წლის ბოლოს იგი უკვე სამშობლოში დაბრუნდა. თავდაპირველად, მსახურობდა ქუთაისში, ცოტა მოგვიანებით იყო ახალციხის მრევლის წინამძღვარი. როგორც სასულიერო პირი – მღვდელი, აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მას კარგად ესმოდა, რომ სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ქართველი კათოლიკეებისთვის ქართული რიტის მოპოვება დამოკიდებული იყო ეროვნული ძალების გაერთიანებაზე. მათ შორის საქართველოში მცხოვრები და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი კათოლიკეების ერთობაზე. აქედან გამომდინარე იყო, რომ ალიოზი ყოველთვის ინარჩუნებდა კავშირს სტამბოლის მამათა სავანესთან, რამდენადაც სწორედ ეს სავანე იყო ქართველ კათოლიკეთა და მესხ განმანათლებელთა ერთ–ერთი კერა. 1912-1921 წლებში იგი რამდენჯერმე ჩავიდა კონსტანტინეპოლში.

უნდა აღინიშნოს, რომ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მესხური განმანათლებლობის ორი მძლავრი კერა ფუნქციონირებდა. მესხური განმანათლებლობის მისიას ამ კუთხეში მცხოვრები სარწმუნოებრივად გათიშული ქართველი მოსახლეობის ეროვნული გადაგვარების თავიდან აცილება, მათი კულტურული დაწინაურება, განათლების გავრცელება და ეროვნული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შენარჩუნება-დაცვა წარმოადგენდა. მესხ განმანათლებელთა სამოღვაწეო ასპარეზი იყო სამცხე-ჯავახეთი და კონსტანტინეპოლი.


კონსტანტინეპოლის კერას საფუძველი პეტრე ხარისჭირაშვილმა ჩაუყარა, სამცხე-ჯავახეთში მესხი განმანათლებლები უშუალოდ ივანე გვარამაძის გარშემო იყვნენ შეკრებილნი. (ნ. ყრუაშვილი, ივანე გვარამაძის როლი მესხურ განმანათლებლობაში. თბ. 2008, გვ.20). საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სტამბოლის მამათა სავანეში მოღვაწე პირთა დიდი უმრავლესობა მესხეთიდან იყო.

მამა ალიოზ ბათმანაშვილის სამშობლოში (1912-1922წწ.) მოღვაწეობის შესწავლის საშუალებას იძლევა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული მასალები, ასევე იმ პერიოდის ქართული პერიოდიკაც. იგი ივანე გვარამაძის გარდაცვალების შემდეგ, დაბრუნდა მშობლიურ კუთხეში და მისი საქმის ერთ-ერთი გამგრძელებელი გახდა. ანუ ყველაფერს აკეთებდა, რომ დაეცვა ქართველი კათოლიკე მრევლი, მათი ინტერესების დამცველი იყო ყველგან: ეკლესიაშიც და მის გარეთაც, რამდენადაც მის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ეროვნულობა ედო საფუძვლად. იგი ერთ-ერთი პირველი მღვდელთაგანი იყო, რომელიც წინ აღუდგა ეკლესიაში გაბატონებულ წესს: საეკლესიო დავთრებში ქართული გვარების დამახინჯებით შეტანას. მას დავთრებში ახალდაბადებულთა, დაქორწინებულთა და გარდაცვლილთა გვარი სწორედ ქართულად შეჰქონდა.

 მშობლიურ კუთხეში დაბრუნებული მამა ალიოზ ბათმანაშილი მღვდლად გამწესდა ახალციხეში – პატრებიანთ ეკლესიაში, სადაც გარკვეული დროით მოღვაწეობდა წმ. ჯვრის ეკლესიაში. 1920 წლის მდგომარეობით იგი წმ. სავარდის ეკლესიაში მსახურობდა. უნდა ითქვას, რომ მამა ალიოზის სამოღვაწეო ასპარეზი მხოლოდ ეკლესია არ იყო. იგი აქტიურ საზოგადოებრივ-საქველმოქმედო საქმიანობითაც იყო ცნობილი.

1918 წლის მდგომარეობით, ალიოზ ბათმანაშვილი რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების ქართული სახალხო სკოლის გამგეობის თავმჯდომარე იყო. იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა ახალციხის გიმნაზიაში, სადაც ასწავლიდა საღმრთო ისტორიასა და ლოცვებს.

ალიოზ ბათმანაშვილს სამშობლოში მოღვაწეობა მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოუწია. ეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდია და არანაკლებ რთული მდგომარეობა შეიქმნა სამცხე–ჯავახეთში მის შემდგომ წლებშიც. როგორც მოძიებული მასალებიდან ირკვევა, იგი აქტიურად იყო ჩართული კუთხის პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ. ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილეა 1918 წლის 9 აპრილს ახალციხეში შექმნილი „ქრისტიან ბავშვთა კავშირისა”, სადაც იგი ან კავშირის მეთვალყურეა და მისი ერთ-ერთი მიზანი გლახაკების დახმარებაა, რასაც ახერხებდა სოფლად – გლეხებისაგან სანოვაგის შეგროვებას და მათთვის გადაცემას. როგორც ჩანს, სანამ დასახელებული კავშირი ქმედით ღონისძიებებს განახორციელებდა, მოსახლეობას წინასწარ მიმართა თხოვნით თანამშრომლობისათვის (L. ჯიმ დფ N70, ერისტიან ბავშვთა კავშირი).


ალიოზ ბათმანაშვილმა შალვა ვარდიძესთან (სტამბოლის ქართული მონასტრის გამგე და წარმომადგენელი) ერთად შეადგინა პროექტი, რომელიც განსახილველად გადაეცა კომიტეტს. პროექტში ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ საკითხებზე: შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მრევლს სურსათი ექვსი თვის განმავლობაში უნდა შეეძინა ფასდაკლებით. კომიტეტის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო ერთი ექიმი, რომელიც მიხედავდა ავადმყოფებს და მოამარაგებდა წამლებით. უნდა შემდგარიყო უსახლკაროდ დარჩენილი ქართველი გლეხების სია, რომელთაც გადაეცემოდათ „ექვსი თვის საცხოვრისი სამეურნეო იარაღითურთ." ასევე უნდა მოქცეოდნენ იმ ქართველ მაჰმადიანებს, რომლებსაც არ დაუტოვებიათ თავიანთი სოფლები. კომიტეტს უნდა ეზრუნა გლეხების საკუთარ მიწაზე დაბრუნებაზე გადამწვარი სოფლების აშენების შემდეგ. (ს.ჯი.მ. დფ N70, პროვეტი შედ გენილია ალ. ბათმანაშვილისა და შ. ვარდიძის მიერ).

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, თბილისის ქართული საქველმოქმედო საზოგადოების მიერ ბავშვთა თავშესაფარი იქნა დაარსებული ქალაქ ახალციხეში. ადგილობრივი ინტელიგენცია ამ ამბავს მოწონებით შეხვდა. ბავშვთა თავშესაფარი ერთგვარი სკოლა-ინტერნატი იყო, სადაც განთავსებულნი იყვნენ საომარი მოქმედების ზონიდან გამოყვანილი ქართველ მაჰმადიანთა ობლად დარჩენილი ბავშვები, თავშესაფარს მზრუნველობას უწევდა ზაქარია დიდიმამიშვილის მიერ დაარსებული კოოპერატივი „მესხეთი“. დაობლებულ მაჰმადიან ქართველ ბავშვებს ქართულ ენაზე ასწავლიდა პატრი ალიოზ ბათმანაშვილი იქამდე, სანამ 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით თავშესაფარი მოიშალა და აღსაზრდელები ოსმალებმა თურქეთში წაიყვანეს.

XX საუკუნის დასაწყისში, რევოლუციის დამარცხების შემდგომ, ქართული ტიპიკონისათვის ბრძოლა კვლავ ახალი ძალით განახლდა. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო ახალგაზრდობა. მამა ალიოზი, როგორც ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პროგრესულად აზროვნებდა და ღიად ემხრობოდა ქართული კათოლიკური ეკლესიის ბრძოლას ქართული ტიპიკონის მოპოვებისათვის. ალიოზმა ქუთაისში ქართულად იქადაგა.


როგორც მამა ალიოზის საარქივო მასალებიდან ჩანს, ის არ უშინდებოდა წინააღმდეგობებს. ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მიაჩნდა, რომ ქართველი კათოლიკენი აუცილებლად მოიპოვებდნენ ქართულ ტიპიკონს. იგი მამა პიო ბალიძეს ერთ-ერთ წერილში სწერდა: „თუ დღეს არა, ხვალ მაინც ქართული ტიპიკონი გამეფდება ჩვენში. ეს აუცილებლად მოხდება. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ აუცილებლობად მიაჩნდა მოსახლეობის მომზადება და სავარდის ძმობის ჩამოყალიბება: „კათოლიკობა მაშინ აყვავდება თუ ეს ძმობა გაცხოველდა. მაშინ ძმა- დებს გავაცნობ ქართულ ტიპიკონს. ეს არც ძალიან გაგრძელდება. ამ წელსვე შეიძლება მოეწყოს." (ს.ქ კ.მ.ს.მ ალიოზ ბათმანაშვილის წერილი პიო ბალიძისადმი)

1922 წლის დასაწყისში სტამბოლის ქართველ კათოლიკე მამათა სავანეში წინამძღვრის მორიგი არჩევნები ჩატარდა. წინამძღვრად არჩეულ იქნა ალიოზ (შიო) ბათმანიშვილი. მამა ალფონს ხითარიშვილის კიდევ ერთ-ერთი მოწაფე. ამდენად, მამა ალიოზ ბათმანაშვილის ცხოვრებაში 1922 წლიდან ახალი პერიოდი დაიწყო. მას კვლავ მოუხდა სამშობლოს დატოვება და სტამბოლში გამგზავრება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მამა ალიოზმა სტამბოლში გამგზავრების წინ მოითხოვა საკმაოდ დიდი რაოდენობის წიგნების გატანის უფლება. იგი ერთ–ერთი იმათთგანი იყო, რომელიც აქტიურად იღწვოდა სავანეში აკაკის სახელობის ბიბლიოთეკის დაარსებისათვის და ზრუნავდა მისი წიგნადი ფონდის გამდიდრებისათვის. წიგნებთან ერთად ასევე მოითხოვა 70-მდე გაზეთის: კომუნისტის, ტრიბუნის, მუშის – წაღების უფლებაც. მათი საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენდა და დიდი შენაძენი იყო სავანისათვის.

მამა ალიოზ ბათმანაშვილის წინამძღვრობის დასაწყისი დაემთხვა საქართველოში ახალი სოციალისტური ხელისუფლების დამყარებას. 1921 წლის თებერვალში წითელმა არმიამ მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ოკუპაცია. საქართველოს ეროვნული მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და საზღვარგარეთ გაეგზავნა. მთავრობა სამი თვის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა. მთავრობას გაჰყვა ინტელიგენციის (მეცნიერების, მწერლების) დიდი ნაწილი. ისინი ფიქრობდნენ, რომ საფრანგეთში დროებით დამკვიდრდებოდნენ, იქიდან ევროპული სახელმწიფოების დახმარებით გაარძელებდნენ ბრძოლას დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

თურქეთში – სტამბოლში მყოფ ეროვნულ მთავრობას საცხოვრებლითა და ყველა საჭიროებით დახმარება გაუწია ქართულმა სავანემ. მთავრობის წევრებმა მაშინღა შეძლეს სავანის მამათა გაცნობა და მათი ღვაწლის შეფასება. მამა ალიოზის დღიურებში ბევრი საინტერესო ცნობაა შემონახული „ვინახულე მინისტრი ერაძე და ვ. ჯუღელი – დანარჩენი ქართველებით მასთან რომ დგანან. ჯუღელის დაკვირვებით კათოლიკე სამღვდელოება ბევრათ მაღლა დგას მართლმადიდებლობასთან შედარებით. სინანულს გამოსთქვამს რომ არ ვიცნობდით თავის დროზე ამ მონასტერს, რომელმაც ეგოდენი დაგვავალა გაჭირვების დროსო." (ს.ქ.კ.მ.ს.), დღიური უმ- ფროსისა. ალიოზ ბათმანაშვილი)

მამა ალიოზის დღიურებიდან კარგად ჩანს, რომ თურქეთში და ევროპაში მყოფი ემიგრანტი ქართველების თავშესაყარი სტამბოლის მამათა სავანე იყო და ამასთანავე, სავანეში მოღვაწენი ცდილობდნენ აქტიურად ჩართულიყვნენ პოლიტიკურ საქმეებში.


1923 წლის 19 მაისს მამა ალიოზი წერს: „სავანეში იყვნენ სპ. კედია და შ. ქარუმიძე. მთხოვეს იმათთან ერთად სათავეში ჩავდგომოდი საქართველოს განთავისუფლების საკითხს. მთელი მოძრაობის ფარული წინამძღვრები ვიქნებითო. პასუხად გავეცი, რომ ჩვენი კანონი გვიკრძალავს პირდაპირ პოლიტიკაში ჩარევას, რომ ესრეთ უფრო თვალსაჩინო სამსახურს მივაგებთ სამშობლოს“. (ს.ქ.კ.მ.ს.მ ალიოზ ბათმანაშვილის დღიური, 1923წ.) მართალია საეკლესიო კანონის მიხედვით სასულიერო პირებს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა ეკრძალებოდათ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ თავიანთი უფლებებისა და შეხედულებების ფარგლებში არ იყვნენ ჩართული მიმდინარე მოვლენებში. ამას ადასტურებს მათი თანამშრომლობა და ხშირი შეხვედრები ემიგრანტ ქართველებთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლების განამავლობაში სავანეში აღინიშნებოდა 26 მაისი.


1923 წლის 26 მაისს აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. წირვა ჩატარდა ჩუმი, ქართული გალობით, იქადაგა სავანის წინამძღვარმა მამა ალიოზმა. „სიტყვა წარმოსთქვა მ. გვარჯალაძემ. მან დაჰგმო ბოლშევიკური მიმართულება და აღნიშნა ევროპელთა სიმპატია ჩვენი საკითხისადმი." სიტყვა წარმოუთქვამთ აგრეთვე ოფიცერ წულუკიძეს და სპ. კედიას.

სტამბოლის ქართულ სავანეში მამა ალიოზის წინამძღვრობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სამშობლოში დაბრუნებულს ბოლშევიკური მთავრობა სასტიკად გაუსწორდა: 1927 წლის 16 ოქტომბერს იგი თბილისში დააპატიმრეს. "1928 წლის 16 იანვარს რსფსრ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 5მ-ე მუხლების შესაბამისად მიესაჯა ათი წლით პატიმრობა ამინისტიის გამოყენების გარეშე“.


გადასახლებულ იქნა სოლოვეცკის განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკში. 1930 წელს იგი გადაიყვანეს კუნძულ ანზერზე, სადაც 1932 წლის 5 ივლისს დაპატიმრებულ იქნა კათოლიკური სასულიერო პირების ჯგუფურ საქმეზე, რომელთაც ბრალდებოდათ „ანტისაბჭოთა დაჯგუფების შექმნა, რომელიც აწარმოებდა ანტისაბჭოთა აგიტაციას. გამოძიებამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს „სასჯელის მოხდის ბოლომდე მისი განცალკევებით დატოვების თაობაზე"- 1937 წელს გადაიყვანეს ციხის რეჟიმზე. მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ „სოლოვკაში ყოფნის დროს, იგი შედიოდა როგორც აქტიური წევრი მღვდლების კონტრრევოლუციურ ჯგუფში, ავლენდა ანტისაბჭოთა განწყობას, ყაზარმებში ეწეოდა ღვთისმსახურებას. სისტემატურად გამოდიოდა მღვდლების წინაშე კონტრრევოლუციური სიტყვით".


1937 წლის 14 ოქტომბერს ლენინგრადის ოლქის სახკომ საბჭოს მიერ მას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა. იმავე წლის 1–ელ ნოემბერს იგი დახვრიტეს სანდორმოხის გზაზე მედვეჟეგორსკოლთან.


საბრალმდებლო დასკვნიდან, რომელიც შიო ბათმანაშვილს წაუყენეს 1937 წლის 11 ოქტომბერს, მოვიყვანთ ამონარიდს „ქალაქ კონსტანტინეპოლის უბიწოდ ჩასახვის სახელობის ქართულ-კათოლიკურ მამათა მონასტრიდან წინამძღვრად ყოფნის პერიოდში, თავს უფლება მისცა მონასტრის საკუთრებაში მყოფ შენობებში, რომლებიც განთავსებულია ზემოთაღნიშნული მონასტრის ტერიტორიაზე, შეეკრიბა ქართული კონტრრევოლუციური ემიგრაცია, რომელიც გამოაძევეს სამშობლოდან გასაბჭოების დროს 1921 წელს. ემიგრანტები მონასტერში დარჩნენ 1923 წლის ჩათვლით. იმ შენობების გარდა, რომელიც ემიგრანტებს გადასცეს საცხოვრებლად, მონასტრის ადმინისტრაციამ რამდენიმე წლის განმავლობაში, ანტისაბჭოთა ორგანიზაციას ასევე გადასცა მონასტრის საკუთრებაში მყოფი სტამბა. რომელსაც ისინი იყენებდნენ ანტისაბჭოთა ბროშურების, გაზეთებისა და სხვა მასალის დასაბეჭდად, რაც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად და დისკრეტიზაციისათვის. კითხვაზე – აღიარებს თუ არა მოქალაქე ბათმანაშვილი, რომ სტამბის ემიგრანტებისათვის გადაცემა იყო პოლიტიკური შეცდომა, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ემიგრანტებისათვის სტამბის გადაცემას პოლიტიკურ შეცდომად არ მიიჩნევდა". (შიო გიორგის ძე ბათმანაშვილი, ენციკლოპედია)


მამა შიო ბათმანაშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც შეიწირა კომუნისტურმა რეჟიმმა. ციმბირში ასევე გადაასახლეს სტამბოლის მონასტერში აღზრდილი მღვდლები: კონსტანტინე საფარაშვილი, ემანუელ ვარდიძე, ანდრია აფრიამაშვილი და სხვები. მათ თავისუფალ საქართველოში დაბრუნება სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

ამრიგად, ალიოზი (შიო) ბათმანაშვილი XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე ერთ-ერთი ღირსეული საზოგადო მოღვაწე იყო. რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართველი ხალხის განათლებასა და კულტურულ დაწინაურება. კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც კი, მათი რელიგიური რწმენის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. იყო სტამბოლის ქართული სავანის ღირსეული წინამძღვარი. ქართველ კათოლიკეთა მოძღვარი, ქომაგი და დამცველი. მისი მოღვაწეობა დღემდე უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, ქართულ პრესაში და სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არაფერი თქმულა. თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით იმსახურებს, რომ მას იცნობდეს ქართველი საზოგადოება. წინამდებარე სტატიით გვინდა პატივი მივაგოთ ღირსეულ ქართველ მამულიშვილს.


ნატო ყრუაშვილი

"ლიტერატურული მესხეთი"/ 2020

Comments


bottom of page