top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორ ვილოცოთ 'იესოს ლოცვა'

'იესოს ლოცვა' ერთი ფორმულის გამეორებაში მდგომარეობს: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“. ეს არის იესოს ლოცვის კლასიკური მოწოდება.


იგი ახალი აღთქმის სიტყვებს ეხმაურება: ბრმის ძახილს - „იესო, ძეო დავითისა, შემიწყალე მე“ (ლუკ. 18,38) და მებაჟის ლოცვას - „ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი“ (ლუკ. 18,13). როდესაც ვიწყებთ ‘იესოს ლოცვას’, უნდა ვილოცოთ ბრმისა და მებაჟის სულისკვეთებით - ვთხოვთ ჩვენს მაცხოვარს წყალობა, რათა მან თვალები აგვიხილოს მისი დიდების დასანახად.‘იესოს ლოცვის’ ზემოხსენებული მოწოდება ორი ნაწილისგან შედგება: 


პირველი ნაწილი მოიცავს იესოსადმი მიმართვას, რომელიც მისი სახელის წარმოთქმითა და მისი ღვთაებრიობის აღიარებით ხორციელდება. შესაბამისად, ის შეიცავს ქებას, თაყვანისცემას, რწმენის აღიარებას.


მეორე ნაწილი წყალობის თხოვნაა. იგი გამოხატავს მონანიებას და თხოვნას ღვთისადმი, რათა შეიწყალოს ადამიანი, რომელიც მის წინაშე ცოდვილად წარდგება.შესაძლებელია სხვა ფორმულების გამოყენებაც: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე“; „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „უფალო იესო ან უფალო იესო ქრისტე“. ყველას შეუძლია აირჩიოს ფორმულა, რომელიც მისთვის ყველაზე შესაფერისია.


დამწყებთათვის სასურველია ‘იესოს ლოცვის’ კლასიკური ვერსია. ‘იესოს ლოცვის’ დროს უნდა გავითვალისწინოთ სამი ელემენტი: არაფერი განვიხილოთ, არაფერზე ვიფიქროთ, არაფერი წარმოვიდგინოთ. საკმარისია მხოლოდ ლოცვის ფორმულის უწყვეტი განმეორება და იმისი გაცნობიერება, რომ ვლოცულობთ ღვთის თანდასწრებით.



მამათა აზრით, ყველა წარმოდგენა, ხილვა თუ აზრი ხელს უშლის ლოცვას, შესაბამისად, გვმართებს მათი თავიდან აცილება, რათა ხიბლმა არ შეგვიპყროს.

ღვთის წინაშე ეს გაბედული ყოფნა საკვანძოა. კარგია ხშირად მივმართოთ ფიქრი ღვთისკენ და გავაცნობიეროთ, რომ შეუძლებელია მის თანდასწრებაში არ ვიყოთ. კონცენტრირებულები ვართ თუ არა, გვახსოვს ეს თუ გვავიწყდება, ღმერთი მაინც მუდამ ჩვენთანაა, რადგან მასში ვცხოვრობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ (საქმ. 17,28).იმისათვის, რომ ნაყოფიერად ვილოცოთ, ღირს ყოველდღიურად გამოვყოთ ლოცვისთვის კონკრეტული დრო. ამ პრაქტიკას ერთგულება სჭირდება. მნიშვნელოვანი შემსუბუქება იქნება განვსაზღვროთ დრო და ადგილი ლოცვისთვის.


თავდაპირველად, კარგია ვილოცოთ 10-15 წუთი. მოგვიანებით შესაძლებელი იქნება ამ დროის გაზრდა. ეს არ არის აუცილებელი ელემენტი, მაგრამ ამ პატარა რიტუალის შესრულება ძალიან გაამარტივებს თვით ლოცვას და სხვა ბევრ რამეს - აღარ ვიფიქრებთ ყოველდღე როდის და სად უნდა ვილოცოთ, რადგან ეს საკითხი წინასწარ განისაზღვრება ყოველდღიური ჩვევით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში უფრო ადვილი იქნება რაიმე გონივრული გადაწყვეტილების პოვნა.


‘იესოს ლოცვა’ შეგვიძლია შევასრულოთ გარკვეული ფორმით (დროის, ადგილისა და შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით) ან მარტივად, თავისუფლად, მკაცრი წესების გარეშე. პირველი მიდგომა ჩვენგან განსაზღვრული მჯდომარე პოზის მიღებას მოითხოვს.მეორე მიდგომისას კი, ლოცვა შეგვიძლია დგომით ან დაჩოქილ პოზაში წავიკითხოთ. უმჯობესია განმარტოებით.



‘იესოს ლოცვა’ შეიძლება შევასრულოთ ჯგუფში, მაგრამ უმეტესად ის ინდივიდუალურად იკითხება. მისი შესრულება შეგვიძლია ხატის წინაშეც. სიტყვები შეიძლება წარმოითქვას ხმამაღლა ან ჩუმად. ასევე შეგვიძლია ჩუმად წარმოვთქვათ გულში, ან სიარულის დროსაც, მგზავრობისას, დასვენებისას, მცირე საქმეების შესრულებისას ან რიგში დგომის დროსაც კი.


იმის მიუხედავად, მას თავისუფლად ვკითხულობთ თუ ფორმალური წესების დაცვით, ლოცვის სიტყვების წარმოთქმაში ხელოვნური არაფერი უნდა იყოს. იგი  უნდა შესრულდეს მარტივად, რწმენითა და მოწიწებით. ეს ააგებს ჩვენს ურთიერთობას იესოსთან, ჩვენს უფალთან და მაცხოვართან. მისი ხელშეწყობაც მოხდება სიჩუმის მეშვეობით. იგი საჭიროა ჩვენი გრძნობების დასამშვიდებლად, რათა ლოცვისას არ გავიფანტოთ. მან ასევე უნდა მიგვიყვანოს გულის დამშვიდებამდე ღვთის წინაშე, რომელიც იქ იმყოფება.


საუკეთესოა ‘იესოს ლოცვის’ წაკითხვა განსაკუთრებით დაძაბულობის, სტრესის ან წუხილის მომენტებში. ყოველთვის, როცა ვიფანტებით, ჩვეულებრივად ვუბრუნდებით ლოცვის სიტყვებს. არ უნდა ვინერვიულოთ ან გამოვიყენოთ კონცენტრაციისკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რადგან მათ განზრახულისგან საწინააღმდეგო ეფექტი ექნებათ. მშვიდად უნდა უგულებელვყოთ მომავალი აზრები თუ წარმოდგენები, კვლავ წარმოვიდგინოთ თავი ცოცხალი ღვთის თანდასწრებაში და შეწყვეტილი ლოცვა ახლიდან დავიწყოთ.


მამა პავლე დილი

"კამილიელი" ბერ–მონაზონი


0 comments

Comments


bottom of page