2024 წლის სექტემბერში, ვალის სამრევლოს წინამძღვარი, მამა პაატა ქომოშვილი ტაილანდში, მეგობარი მღვდლის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე იყო მიწვეული. სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყანამ, სასულიერო პირი აღაფრთოვანა. როგორია ტაილანდი თავისი მრავალფეროვნებით, კულტურითა და ტრადიციებით – catholic.ge გთავაზობთ მამა პაატა ქომოშვილის საინტერესო დაკვირვებებსა და შთაბეჭდილებებს.
...ნებისმიერ ქვეყანასთან კონტაქტი, პირველად იმ ქვეყნის მკვიდრთან შეხვედრითა და ურთიერთობით იწყება. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობაც ტაილანდის სამეფოსთან, როდესაც იტალიაში ჩემი სწავლის პერიოდში დავუახლოვდი, რამდენიმე ტაილანდელ მღვდელს, განსაკუთრებით კი ჩემს კურსელს - მღვდელ ტრაირონგ მულტრეეს (ამჟამად უკვე ეპისკოპოსს). ჩვენ ერთად ვსწავლობდით პასტორალურ ლიტურგიას წმ. იუსტინას ინსტიტუტში (ქ. პადოვა). ჩვენი დაახლოება არა მარტო სწავლამ, არამედ ერთი ვიკარიატის საკრებულოებში მსახურებამ და ასევე თბილმა დამოკიდებულებამ განაპირობა. სწორედ, იმ დროიდან დავინტერესდი ამ ქვეყნის კულტურითა და მთელი რეალობით, რომელსაც ბრწყინვალედ გადმოსცემდა, ამოწმებდა და მიზიარებდა ჩემი მეგობარი. დროთა განმავლობაში ძალიან დავახლოვდით, მაგრამ 2018 წელს სწავლის დასრულებისას, ერთმანეთს თბილად გამოვემშვიდობეთ იმ იმედით, რომ კვლავაც შევხვდებოდით ერთმანეთს.
მას შემდეგ გავიდა ექვსი წელი. ჰოდა, ამა წლის 9 ივლისს, დილით ერთი ცნობა თვალებს მიბრწყინებს და გულს მიხარებს, ცნობა რომელიც ვატიკანის ოფიციალური გვერდიდან ვრცელდება და ეხება ჩემს მეგობარს: „მღვდელი ტრაირონგ მულტრეე დაინიშნა ქალაქ სურათხანის ეპისკოპოსად“ (სამხრეთ-აღმოსავლეთ ტაილანდის ქალაქი და დიოცეზი). ცხადია, ემოციებით აღსავსემ მაშინვე მივულოცე მას და განსაკუთრებულად ლოცვაში მოხსენიებას დავპირდი. მან მადლობა გადამიხადა და ჩემი სიხარული კიდევ უფრო გააძლიერა, ეპისკოპოსად კონსაკრაციის ცერემონიაზე ოფიციალური მიწვევით, როგორც მისი კურსის წარმომადგენელი; ძლიერ გამიხარდა და დავპირდი რომ მაქსიმალურად შევეცდებოდი, რომ მისი სიხარული ახლოდან გამეზიარებინა - ჩემი იქ ყოფნით.
დავიწყე მზადება გრძელი, ეგზოტიკური მოგზაურობისთვის. გარკვეულწილად გადავხედე ისტორიას, გეოგრაფიას, კულტურას და ა.შ. რა თქმა უნდა, რეალობის პირად შეხებას და გამოცდილებას ვერაფერი შეედრება. ჰოდა, მინდა ორიოდე სიტყვით ეს გამოცდილება გაგიზიაროთ.
დადგა ნანატრი დღე - 20 სექტემბერი (2024 წ.), მე ჩემ მეგობარ - იაკობ ტუნიევთან (პროფესიონალი ფოტოგრაფი) ერთად გავემგზავრე ტაილანდის სამეფოსაკენ. გრძელი გზის შემდეგ აღმოვჩნდი საოცარ ქვეყანაში, მე მას მეორე წილხვედრი ვუწოდე, მთელი მისი ფართო გაგებით. რატომ წილხვედრი?
უპირველესად თავისუფლების, უბრალოების და ხელუხლებლობის (სიქალწულის) შეგრძნება მქონდა. ისეთის, როგორიც ღმერთმა შექმნა და როგორსაც იგი ისურვებდა. ცხადია, ეს არა მხოლოდ ბუნებასთან მიმართებაში, არამედ თვით ადამიანებთან მიმართებაშიც. ტაი ხომ თავისუფალს ნიშნავს და ეს ხალხი ღიმილის ხალხად იწოდება; რაღა თქმა უნდა, იგულისხმება წრფელი, ღია, თბილი ღიმილი და არა შემუშავებული, „ეტიკეტური“ ღიმილი. ამბობენ, რომ ღიმილი პირველი და უსასყიდლო წამალიაო, ვადასტურებ გამოცდილებით. სხვათა შორის, ღიმილი, როდესაც გულიდან მომდინარეობს, ის აუცილებლად შემოქმედისეულს უკავშირდება, რადგან მან ჩადო ეს ეგზისტენციალური ძალა - სიხარული, რომლის გამოხატულებაც ღიმილია. ვფიქრობ, სახარების დამოწმება ღიმილით იწყება; სხეული ხომ ძლიერი, მეტყველი ენაა. მოკლედ ტაილანდელები, უფრო ზუსტად სიამელები, როგორც მათ უწინ ერქვათ - ღიმილის ერია.
მეორე თვალშისაცემი, რამაც წილხვედრობა მაფიქრებინა ეს წესრიგია. წესრიგიც ხომ თავად აბსოლუტური ჰარმონიული ღმერთისაგან გამომდინარეობს?! რადგან ქაოსი ღვთის მოწინააღმდეგის წესრიგია. ამაზეა მთელი ფილოსოფიური თუ თეოლოგიური ნააზრევი, რომელიც მუდამ აქტუალურია. მეტიც, თვით წესრიგი ხომ ღვთის არსებობის მტკიცებულების ერთ-ერთ გზად ითვლება. ამიტომ, ამ ქვეყანამ, ხალხმა ამ წესრიგით გამაოცა, რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც კი ნაკლებად მინახავს. წესრიგს თან ახლავს დინჯი, აუჩქარებელი, ცხოვრების რიტმი.
მესამე – არის მზაობა დახმარებისთვის. ბევრჯერ გამოვცადეთ, როცა საჭიროებაში ვიყავით და ამას ხედავდნენ ადამიანები, საკუთარი ინიციატივით მოდიოდნენ და გვთავაზობდნენ დახმარებას; მსგავსად, როცა აჩერებ ადამიანს და ეკითხები რამეს, დინჯად, მონდომებით, სიყვარულით გეხმარება, მიუხედავად თავისი საქმისა და გეზისა. ეს საოცარია, მე ამას აღვიქვამ მოყვასის სიყვარულად. იესო ამბობს: „მცირედში ერთგული, დიდშიც ერთგული იქებაო“... ჰოდა ეს გამოვცადე, მათი მხრიდან.
მეოთხე – ზრდილობა, სისუფთავე, მოწესრიგებულობა, ეს ყოველივე განსაკუთრებით დედაქალაქში - ბანგკოკში სიმაღლეზეა. მაგ.: ავიღოთ ტრანსპორტი, კერძოდ მეტრო, ასეთი რეალობა ჯერ არ მინახავს. იგივე სავაჭრო ობიექტებში, საკვებ დაწესებულებებში, ზრდილობიანი, სადა, გახსნილი დამოკიდებულება, მოწესრიგებულობა. თბილი მისალმება, საჭიროებისას დახმარება, ყურადღებიანობა და რომელი ჩამოვთვალო კიდევ?!
მეხუთე – სამოსელი. ზომიერი, მრავალფეროვანი ჩაცმულობა, არანაირი ვულგარულობა, მოხდენილობა, სიკოხტავე. აქვე აღვნიშნავ უფრო ბუნებრიობას, რაც გამოიხატება ნაკლები კოსმეტიკის გამოყენება, ნაკლები პლასტიკური ჩარევა, ნაკლები "სვირინგიანობა" და მსგავსნი.
მეექვსე და ძალიან მნიშვნელოვანი – რელიგიათაშორის არათუ შემწყნარებლური, არამედ, მეტიც კარგი ურთიერთობა. და ეს მაშინ, როცა ტაილანდის მოსახლეობის 90% ბუდისტია, 5-6% მუსლიმი, და დანარჩენი სხვა რელიგიები. მათ შორის კათოლიკე არის 0,02%, რაც დაახლოებით 350 ათას შეადგენს. განსაკუთრებით ეს ხელშესახები იყო როცა ჩემი მეგობრის ეპისკოპოსად ხელდასხმის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ: მაღალი რანგის ბუდისტი ბერები, მუფთები და სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებისა და კონფესიების ლიდერები. ისინი დაესწრნენ დილიდან დაწყებულ სხვადასხვა ღონისძიებას: ეპისკოპოსთან შეხვედრა, კულტურული ღონისძიება, კარდინალის მიღება, ეპისკოპოს ტრაირონგის ისტორიის პრეზენტაცია და სხვა. მეტადრე კი, ეპისკოპოსად ხელდასხმის ევქარისტიაზე ყოფნა, ყველა ეს ლიდერი ესწრებოდა თავიდან ბოლომდე. მოკლედ მქონდა შეგრძნება, რომ ღმერთი ნამდვილად ერთია ადამიანთა ცხოვრებითაც.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი ტაილანდის სამეფოში ყოფნის მთავარი მიზანი იყო, მეგობართან ყოფნა და მისი სიხარულის გაზიარება. ეპისკოპოს ტრაირონგთან შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო, მიუხედავად უთვალავი საქმისა და უამრავი სტუმრისა, ჩვენ გვქონდა პირადი საუბრისა და გაზიარების მომენტიც. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უმცირესობის მიერ დამოწმებული რწმენა ძალიან ძლიერია. ეს გამოიხატებოდა დღესასწაულის უმაღლესი დონის ორგანიზებასა და ყველასადმი დამოკიდებულებაში. ასეთი ლამაზი, კოხტა და დიდებული ლიტურგია მხოლოდ ვატიკანში თუ მინახავს. ეს არ იყო მხოლოდ გარეგნული, ფასადური, არამედ რწმენითა და მოწიწებით აღსავსე ღვთიურ-ადამიანური აქტი.
ორიოდე სიტყვა იქაურ კათოლიკე ეკლესიაზე. ტაილანდში სულ 14 დიოცეზია და ეპისკოპოსების უმრავლესობა ადგილობრივია. მთავარი არის ქ. ბანგკოკის არქიეპარქია, რომელსაც არქიეპისკოპოსი-კარდინალი ხელმძღვანელობს. აქვთ დაფუძნებული ადგილობრივი კონგრეგაციები, შესაბამისად აქვთ ასევე მისიები სხვადასხვა ახლომახლო ქვეყნებში. ლიტურგიასა და არქიტექტურაში შეინიშნება ინკულტურაცია, რაც დასაფასებელია. ასევე განვითარებულია და კარგად მუშაობს ყმაწვილების განათლების სისტემა, კონკრეტულად მცირე სემინარიები, და რელიგიურ ორდენებსა და კონგრეგაციებს მინდობილი ბავშვები აღსაზრდელად; მოწოდებებიც თვალსაჩინოა. შემაჯამებლად, რომ ვთქვათ ეკლესია მზარდია.
ცხადია ღმერთისა და ადამიანის შემოქმედებაც დიდ სიმაღლეზეა (ბუნება და არქიტექტურა); სწორედ ამ ყოველივემ, რაც გადმოგეცით და მრავალმა ენითაღუწერელმა ფაქტმა მაფიქრებინა, რომ ტაილანდი წილხვედრია, სამოთხეა, წალკოტია. ასეთი ოლისტიკური მოწონებითი შთაბეჭდილება, ჯერ არცერთ ქვეყანას არ დაუტოვებია. უდიდესი მადლობა ღმერთს ამ ქვეყნის, ხალხის და სრულიად ამ შესაძლებლობისათვის! დიდი მადლობა ასევე ჩემს მეგობარს - ეპისკოპოს ტრაირონგს და ჩემს მეგობარ თანამგზავრს - იაკობ ტუნიევს! მადლობა ყველა მასპინძელსა და ყველას ჩემი სიხარულის გამზიარებელს.
მამა პაატა ქომოშვილი
Comments