top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV ირანსა და ისრაელს „პასუხისმგებლობისა და გონივრული ქმედებებისკენ“ მოუწოდებს

პაპი ლეონ XIV მოუწოდებს ირანსა და ისრაელს, თავი შეიკავონ სამხედრო ესკალაციისგან და საკითხები დიალოგისა და მშვიდობიანი გზით გადაჭრან.

საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართვისას, პონტიფექსმა გამოთქვა ღრმა შეშფოთება რეგიონში დაძაბულობის გამწვავების გამო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნის საჭიროებას.

 

14 ივნისს, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში აუდიენციის დროს, პაპმა ლეონ XIV–მ ირანისა და ისრაელის ლიდერებს მოწოდებით მიმართა:


„არავინ უნდა ემუქრებოდეს სხვის არსებობას“, — აღნიშნა პონტიფექსმა.

პაპის განცხადებით, „ბოლო დღეებში შემაშფოთებელი ცნობები შემოდის. ირანსა და ისრაელს შორის ვითარება სერიოზულად გაუარესდა. ასეთ მომენტში, მინდა კიდევ ერთხელ, მტკიცედ გავაჟღერო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონივრული ქმედებებისკენ.“


მან ასევე ხაზი გაუსვა მსოფლიოს უსაფრთხოებისკენ მიმართულ ძალისხმევას: „ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს აშენება აუცილებელია და ეს მიზანი უნდა განხორციელდეს ურთიერთპატივისცემით გამართული შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა დამყარდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო სიკეთეზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა.“

 

პაპმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანსა და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გაგრძელდა. 13 ივნისს ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სამხედრო ბაზებზე, რასაც თეირანმა მყისიერი საპასუხო დარტყმებით, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით უპასუხა.


ბოლო მონაცემებით, ისრაელში სამი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა, ხოლო ირანში 78 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 320 ადამიანი დაიჭრა.



Comments


bottom of page