ზეიმი სოხუმის კათოლიკურ ტაძარში
1–ელი ნოემბერი, სოხუმის კათოლიკე თემისათვის განსაკუთრებული დღე იყო. სამწლიანი მოლოდინის შემდეგ, მათ შეძლეს თავიანთი ეპისკოპოსის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს სტუმრად მიღება.

თავად ეპისკოპოსისთვის თბილისიდან სოხუმში ჩასვლა მარტივი არ იყო. გასულ წელს, მან ნებართვა ვერ მიიღო, წელს კი, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვები ჰქონდა, წვიმიან ამინდში საზღვართან 8 საათის გატარება მოუწია.
1–ელ ნოემბერს, სოხუმის სამრევლოში ყველა წმინდანის დღესასწაული აღინიშნა, თუმცა საკრებულოსთვის ეს ასევე მათი წმინდა მფარველის, მოციქულ სიმონ კანანელის დღესასწაულიც იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ უნდა ეზეიმათ, თუმცა ზეიმი გადაიტანეს.
ისევე, როგორც სხვა რელიგიურ დღესასწაულებზე, ამ დღესაც ყველაფრის ცენტრი იყო საზეიმო წმ. წირვა, რომლის დროსაც საკითხავები მრევლის წევრებმა წაიკითხეს.
ქადაგებაში, ეპისკოპოსმა ისაუბრა ბიბლიურ ნაწილზე – „ურიცხვი სიმრავლე ხალხისა, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“. მეუფე ჯუზეპემ აღნიშნა, რომ კაცობრიობის ღმერთი არის მაცხოვნებელი ღმერთი, რომელსაც უსაზღვრო მზერა აქვს. Ჩვენ კი, მის ხატად შექმნილები, მუდმივად ვგრძნობთ მასთან შეხვედრის სურვილს.
“წმინდანი არის ის, ვინც მუდამ გრძნობს თავს ღვთის სიყვარულში, ვისაც სურს ღმერთთან ყოფნა და ამიტომ ეძებს ბედნიერებას, სიხარულს, იესოს – მისი ძის მსგავსებაში და სულიერი ნეტარებების გზებით დადის. სოხუმის საკრებულო კი დაკავშირებულია პირველი ეკლესიის წმინდანთან, მფარველ მოციქულთან სვიმონ კანანელთან”.
ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა მამა იეჟი პილუშს იმ სიყვარულისა და თავდადებისთვის, რომლითაც ის მიუხედავად მრავალი სირთულისა, ამ პატარა ძვირფას მარგალიტსა და დიდებულ კათოლიკურ ეკლესიას ემსახურება და უძღვება.
საკრებულო იმედოვნებს, რომ ეპისკოპოსი მათ უფრო ხშირად ეწვევა და პირობას დებს, რომ ილოცებს მათთვის.
სოხუმის სამრევლო




Comments