top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის დახმარება უკრაინას – პური ბავშვებისთვის, რომლებიც მის მისაღებად რიგში მარტო დგანან

24 minutes ago
3 min read

პაპ ლეონ XIV-ის საქველმოქმედო მისიის ფარგლებში, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად, ქველმოქმედების დიკასტერიის პრეფექტი, მთავარეპისკოპოსი ლუის მარინ დე სან მარტინი, ზაპოროჟიესა და პოლტავას ეწვია. მან საკუთარი თვალით ნახა ომის მძიმე შედეგები და განსაკუთრებით ბავშვების მდგომარეობა: ბევრი მათგანი შიმშილობს და იძულებულია, რთულ ვითარებას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.



ქველმოქმედების დიკასტერიის პრეფექტის, მთავარეპისკოპოს ლუის მარინ დე სან მარტინის ვიზიტი ზაპოროჟიესა და პოლტავაში მიზნად ისახავდა ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარებასა და თანადგომას პაპ ლეონ XIV-ის სახელით.


ქალაქებში ყოფნისას მთავარეპისკოპოსი შეესწრო მძიმე სურათებს: ბავშვები პურის მისაღებად რიგში მარტო იდგნენ; სკოლის ფერად საკლასო ოთახებში კი მოსწავლეები, რომლებმაც ჩვეულებრივი ცხოვრების განცდა დაიბრუნეს, სიხარულს გამოხატავდნენ. მან ასევე იხილა მოხალისეებისა და რელიგიური თემების დაუღალავი შრომა, რომლებიც ომის სისასტიკის მიუხედავად, საქმიანობას მაინც აგრძელებენ.


ზაპოროჟიეში პურის მისაღებად დაახლოებით 2 000 ადამიანი დგას რიგში


მთავარეპისკოპოსი ზაპოროჟიეში 28 ოქტომბრის საღამოს ჩავიდა. ქალაქი მუდმივი დაბომბვის საფრთხის ქვეშ იმყოფება.


ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის სიგნალები თითქმის შეუჩერებლად ისმის. ისმის დრონების ზუზუნი, რაკეტების აფეთქებები და შორიდან საარტილერიო ცეცხლის ხმა.


ბევრ საცხოვრებელ სახლს ომის კვალი ატყვია – აფეთქებების შედეგად ჩამსხვრეულია ფანჯრები, მოსახლეობა კი საკვების ნაკლებობას განიცდის.


პაპის წარმომადგენლობას ადგილზე ხარკოვ-ზაპოროჟიეს ლათინური წესის ეპარქიის დამხმარე ეპისკოპოსი იან სობილო დახვდა.


მეორე დღეს, დიკასტერიის პრეფექტმა, დაახლოებით 100 მორწმუნესთან ერთად, წმინდა წირვა აღავლინა მოწყალე მამის სახელობის საკათედრო ტაძარში. მოგვიანებით, პაპის წარმომადგენელი პურის დარიგებაში ალბერტინელ მამებს შეუერთდა, რათა რიგში მდგომი ადამიანებისთვის პაპის სიახლოვე და თანადგომა ეგრძნობინებინა.


ბავშვები, რომლებსაც ნაადრევად მოუხდათ გაზრდა


დაახლოებით 2 000 ადამიანი სიცივეში მოთმინებით ელოდა საკუთარ რიგს, რათა პური და დაკონსერვებული საკვები მიეღო. მათ შორის იყვნენ ქალები, ხანდაზმულები და, განსაკუთრებით ბევრი ბავშვი, რომლებიც რიგში მარტო იდგნენ და ხელში ცარიელი ჩანთები ეჭირათ. ბავშვებმა ომის გამო უდიდესი ტკივილი გადაიტანეს. მათ ნაადრევად მოუწიათ გაზრდა და იმ მძიმე რეალობასთან შეჭიდება, რომელსაც ომი უქმნის ადამიანს.


ალბერტინელი მამები ყოველ კვირას დაახლოებით 10 000 ადამიანს ურიგებენ პურს. მოხალისეების დახმარებით ისინი პურს თავადვე აცხობენ ახლომდებარე სახლში. გასულ წელს, პაპმა ლეონ XIV-მ, სამოციქულო მოწყალების სამსახურის მეშვეობით, მათ პურის გამოსაცხობად საჭირო ღუმელი გადასცა. იმავე ღუმელს მონაცვლეობით პროტესტანტი ქრისტიანი იყენებენ, რათა იმ თემებისთვის გამოაცხონ პური, რომლებსაც ემსახურებიან. ეს ნათლად აჩვენებს, რომ სიყვარულსა და ქველმოქმედებას საზღვრები არ გააჩნია.


ეკლესია, რომელიც თავად იქცევა პურად


საკვების დარიგებისა და შეკრებილ ადამიანებთან ერთად ლოცვის შემდეგ, დელეგაციამ მოინახულა სახლი, სადაც მოხალისეები პურის მომზადებას ყოველ დილით, გამთენიისას, ოთხ საათზე იწყებენ.


მთავარეპისკოპოსმა მარინ დე სან მარტინმა მათთან ერთად გაატარა დრო და პურის მომზადების სხვადასხვა ეტაპშიც მიიღო მონაწილეობა. შემდეგ მან დალოცა სასულიერო პირები, მოხალისეები და დაახლოებით 20 ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომლებსაც ეს სახლი მასპინძლობს.


პაპის სახელით მთავარეპისკოპოსმა მათ კონკრეტული ფინანსური დახმარებაც გადასცა, რათა ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდეს.


პური, რომელსაც ღამით ამზადებენ და დილით არიგებენ, ეკლესიის სიყვარულისა და მსახურების უბრალო, მაგრამ ავთენტური ნიშანია. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია თავად იქცევა თავისი ხალხისთვის განტეხილ პურად.


სკოლები, რომლებიც ბავშვებს იმედის ადგილს სთავაზობენ


მომდევნო გაჩერება ზაპოროჟიეს გარეუბანში მდებარე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დონეცკის საეგზარქოსოს ჰუმანიტარული ცენტრი იყო.


დელეგაციას საეგზარქოსოს მმართველი, ბერძნულ-კათოლიკე ეპისკოპოსი მაქსიმ რიაბუხა დახვდა.

ღვთისმშობლის – მარადიული შემწეობის სახელობის ეკლესიასთან დაკავშირებული ცენტრი აერთიანებს საბავშვო ბაღსა და დონ ბოსკოს დაწყებით სკოლას. საბავშვო ბაღში ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები დადიან. აღმზრდელები მათ მიწისქვეშა სივრცეებში, დაბომბვებისგან დაცულ გარემოში, დიდი მზრუნველობით უვლიან.


ზრუნვა სკოლის მოსწავლეებზე


გასაკვირია, მაგრამ ამ მძიმე პირობებშიც ბევრი ბავშვი კვლავ იღიმის. ეს იმის დასტურია, რომ სიყვარულსა და მზრუნველობას ომის დროსაც შეუძლია ბავშვობის დაცვა. დაწყებითი სკოლაც მიწისქვეშაა განთავსებული. საკლასო ოთახებს ფანჯრები არ აქვს, თუმცა ბავშვების მრავალფეროვანი ნახატები მათ ნათელ და ხალისიან გარემოს სძენს. ზედა სართულებზე კი ყველაფერი მზად არის იმ დღისთვის, როდესაც მშვიდობა საბოლოოდ დაბრუნდება.


პაპის წარმომადგენელმა ამ თემსაც გადასცა დახმარება, იმ იმედით, რომ ადგილობრივი საზოგადოება შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და მომავლის იმედით ცხოვრებას.


დახმარება ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს


ხანგრძლივი დღის დასასრულს, სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დელეგაცია პოლტავაში ჩავიდა, რომელიც ხარკივსა და დნიპროს შორის მდებარეობს. აქაც პაპის წარმომადგენელმა მოსახლეობას წმინდა მამის სახელით კონკრეტული დახმარება გადასცა.


უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის დონეცკის საეგზარქოსო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს, მათ შორის დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკისა და ლუჰანსკის ოლქებს. ამ ტერიტორიების ნაწილი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს.


შეხვედრაზე დამსწრე მღვდლებმა ადგილობრივი თემების საჭიროებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც დაბომბვის ქვეშ მყოფი სოფლებიდან გარბიან.


ბევრი მათგანი სახლს მხოლოდ ერთი პატარა ჩანთით ტოვებს, რომელშიც მთელი თავისი ქონება ეტევა. ამჟამად ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს შორისაა მედიკამენტები, ზამთრის თბილი ტანსაცმელი, გათბობისთვის საჭირო გენერატორები და ბავშვის საფენები.


თაკო ფეიქრიშვილი

წყარო: www.vaticannews.va

Comments


bottom of page