ალექსის კარელი: ნობელის პრემიის ლაურეატი ქირურგი, რომელმაც ლურდში იპოვა რწმენა
წარმოიდგინეთ მე-20 საუკუნის დასაწყისის საფრანგეთი, სადაც იმხანად გაბატონებული იყო რაციონალიზმი და მეცნიერული მატერიალიზმი. სწორედ ასეთ გარემოში დაიბადა და გაიზარდა ალექსის კარელი (ლიონი, 1873, - პარიზი, 1944), გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა, მომავალი ქირურგი, სასწაულებრივი ხელებითა და მახვილი გონებით დაჯილდოებული.

ბავშვობაში მიღებული კათოლიკური რწმენა მეცნიერული სკეპტიციზმის გავლენით გაუფერულდა. კარელისთვის რეალური იყო მხოლოდ ის, რისი გაზომვა, დაკვირვება და ლაბორატორიულ პირობებში შექმნა შეიძლებოდა; რელიგია და სასწაულები კი უბრალო ცრურწმენად მიაჩნდა. მისი ნიჭიერება უდავო იყო. მან ქირურგიის სფეროში რევოლუციური მეთოდები შეიმუშავა (სისხლძარღვთა გაკერვისა და ტრანსპლანტაციის დარგში გაწეული საქმიანობისათვის 1912 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემიაც კი მიიღო!).
გამოწვევა: მოგზაურობა ლურდში, როგორც (ცინიკოსი?) დამკვირვებელი
1902 წელს მნიშვნელოვანმა მოვლენამ შეცვალა მისი ცხოვრება, რომელიც აქამდე მყარად იყო ფესვგადგმული მატერიალისტურ რწმენაში. ლიონში სიკვდილის პირას იმყოფებოდა ახალგაზრდა მარი ბაილი, მისი დის მეგობარი, რომელიც მუცლის ღრუს ტუბერკულოზის მძიმე ფორმით იტანჯებოდა. ექიმებმა, მათ შორის, კარელმაც, მისი გადარჩენის იმედი გადაიწურეს. სასოწარკვეთილმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, მარი ლურდში წაეყვანათ, სადაც 1858 წელს ბერნადეტას გამოეცხადა ქალწული მარიამი, რომელმაც მას განუცხადა, რომ იგი იყო „უბიწოდ ჩასახული“. მეცნიერული ცნობისმოყვარეობისა და, შესაძლოა, თანაგრძნობით მოცულმა კარელმა გადაწყვიტა, მომლოცველთა მატარებელს გაჰყოლოდა, როგორც სამედიცინო დამკვირვებელი.
შეჯახება აუხსნელთან: მარი ბაილის სასწაული
მგზავრობა არაკომფორტული იყო. კარელი მატარებელში არსებულ ატმოსფეროს აღწერდა, როგორც „თითქმის ხელშესახები რწმენით“ აღსავსეს, რაც მას გამაღიზიანებლადაც კი ეჩვენებოდა. სიკვდილის პირას მყოფ მარი ბაილს მუცელი საგრძნობლად გაბერვოდა, მაღალი სიცხე და სუსტი პულსი ჰქონდა. თავისი კლინიკური გამოცდილებით, კარელმა დაადასტურა მისი მდგომარეობის უკიდურესი სიმძიმე და შეუქცევადი ხასიათი. ისინი ლურდში 1902 წლის 26 მაისის ღამეს ჩავიდნენ. მომდევნო დღეს მარი აუზის ყინულოვან წყალში არ ჩაუყვანიათ; მას, უბრალოდ, წყალი აპკურეს. კარელი სკეპტიკურად აკვირდებოდა ყოველივეს და ჩანაწერებს აკეთებდა. მაგრამ შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა. კარელისა და სხვა ექიმთა თვალწინ მარის გაბერილმა მუცელმა შესამჩნევად და სწრაფად დაიწყო დაპატარავება, სიცხემ დაუწია და პულსიც ნორმაში ჩაუდგა, სახეზეც ფერი დაუბრუნდა. სულ რაღაც რამდენიმე წუთში, სიკვდილის პირას მყოფი ქალი წამოჯდა, გარკვევით ალაპარაკდა და შიმშილი იგრძნო. კარელმა ის საგულდაგულოდ გასინჯა, თუმცა ვერანაირი სამედიცინო ახსნა ვერ იპოვა. მასიური ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება) გამოწვეული პერიტონეუმის ტუბერკულოზი ასე უბრალოდ, მყისიერად, მკურნალობის გარეშე არ ქრება.
შინაგანი ქარიშხალი: გონება საიდუმლოს წინააღმდეგ
ეს დღე კარელის ცხოვრებაში გარდამტეხი იყო, რამეთუ მისი მსოფლმხედველობის ძირეული გადატრიალება მოხდა. მისი მეცნიერული გონება, რომელიც გაწრთვნილი ჰქონდა ზებუნებრივის უარყოფაზე, სასტიკად შეეჯახა რეალობას, რომლის ანალიზიც მის ხელთ არსებული ხელსაწყოებით შეუძლებელი აღმოჩნდა. თავად კარელი ასე აღწერდა ამ მძაფრ შინაგან ბრძოლას: ერთ მხარეს იყო მისი სამედიცინო ცოდნის უტყუარი მტკიცებულება, მეორე მხარეს კი შინაგანი, ღრმა წინააღმდეგობა, ეღიარებინა, რომ „კათოლიკური სასწაული“ შეიძლებოდა ნამდვილი ყოფილიყო. კარელისთვის მარი ბაილის განკურნება უტყუარ ნიშნად იქცა, ეს იყო პირადი შეხვედრა ღვთის მოქმედებისა სამყაროში; ეს იყო ეგზისტენციალური გამოწვევა: შეძლებდა თუ არა მისი ინტელექტუალური ამპარტავნება, რწმენა ყოვლისმცოდნე მეცნიერებისადმი, გაეძლო ამ მტკიცებულებისადმი? თუ ეყოფოდა მას თავმდაბლობა და აღიარებდა იმას, რომ მიკროსკოპის მიღმაც არსებობს რეალობა?

ხანგრძლივი გზა სინათლისკენ
კარელი წმიდანად მაშინვე არ ქცეულა. მან განვლო ნელი, მტკივნეული და გულწრფელი გზა. მარი ბაილის განკურნება (რომელმაც შემდგომში კიდევ მრავალი წელი იცოცხლა ჯანმრთელად და თავი რელიგიურ ცხოვრებას მიუძღვნა) გარკვეულ ბიძგად იქცა, თუმცა რწმენის გზაზე მხოლოდ ემოციური ზემოქმედება არ კმაროდა. კარელი ცოდნას დაეწაფა. მან მეცნიერული სიზუსტით გამოიკვლია ლურდში მომხდარი სხვა მსგავსი შემთხვევები. თავისი უზადო ინტელექტი იმ სულიერი განზომილების გააზრებას მიუძღვნა, რომელიც მისთვის უკვე უდავო ჭეშმარიტება გახდა. წლების განმავლობაში გაწეულმა კვლევამ, ფიქრმა და ლოცვამ ის კათოლიკურ სარწმუნოებას დაუბრუნა. ეს იყო გააზრებული და არა ბავშვური დაბრუნება; დაბრუნება, რომელიც გონებას კი არ უარყოფდა, არამედ მას რეალობის უფრო ფართო და ღრმა ხედვაში აერთიანებდა. მან იესო ქრისტეში დაინახა ღვთაებრივი გამოცხადების სისავსე, ადამიანური სახე იმ ღმერთისა, რომლის ძალაც ლურდში საკუთარი თვალით იხილა. მისი რწმენა არ ყოფილა „ნახტომი შეუცნობელში“, არამედ გააზრებული და თავისუფალი პასუხი იმ სიყვარულზე, რომელიც მან ასე ხელშესახებად შეიგრძნო. 1941 წელს მან გამოაქვეყნა ახალი წიგნი, სახელწოდებით „ლოცვა“, სადაც იკითხება ერთი გასაოცარი ფრაზა: „ადამიანს ღმერთი ისევე სჭირდება, როგორც წყალი და ჟანგბადი“.
განსაცვიფრებელია, თუ როგორ აღწერს თავის მოქცევას წიგნში ,,მოგზაურობა ლურდში“ (1949), რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა, დაწერილი მესამე პირში, ფსევდონიმით „Lerrac“ (მისივე სახელი უკუღმა), ნაწარმოების ერთ-ერთ ყველაზე პოეტურ მონაკვეთში: ...სწორედ მაშინ, როცა ბაზილიკისკენ მიმავალ კიბეზე ადიოდა, ექიმი ზღურბლთან შეჩერდა. „სინათლისა და ოქროს ბრწყინვალებაში აჟღერდა ორგანი და გუნდური ხმები. ერთი გლეხის გვერდით ჩამოჯდა და დიდხანს დარჩა გარინდებით, უძრავად, თავი ხელებში ჩაერგო და ღამის საგალობლებით ტკბებოდა, ვიდრე მისი სულის სიღრმიდან არ აღმოხდა ეს ლოცვა: „ტკბილო ქალწულო, ტანჯულთა შემწეო, დამიფარე. მე მწამს შენი (...) შენი სახელი ცისკრის მზეზე უფრო ტკბილია. შეიფარე მოუსვენარი ცოდვილი, ქარიშხლიანი გულით... ჩემი ინტელექტუალური ამპარტავნების ღრმა და მკაცრი რჩევების ქვეშ იმალება ჯერ კიდევ ჩახშობილი, ყველაზე მომხიბვლელი ოცნება: მწამდეს შენი, მიყვარდე ისე, როგორც სპეტაკი სულის მქონე ბერებს უყვარხარ“.
მოამზადა მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ ჟურნალი "საბა", 2026 ოქტომბერი





Comments