ციფრები, რომლებმაც მოლოდინი შეცვალა: რას გრძნობენ რელიგიური უმცირესობები რეალურად?

ადამიანის იდენტობის ფორმირება კომპლექსური პროცესია, თუმცა ეს გზა კიდევ უფრო სპეციფიკურ ხასიათს იძენს, როდესაც კულტურულად დომინანტურ გარემოში რელიგიური უმცირესობის რეალობით იზრდები. ჩემთვის ეს მოცემულობა ბავშვობიდანვე იქცა სოციალური დაკვირვების საგნად.
ადრეული ასაკიდან, როდესაც სამყაროსა და საკუთარი თავის გააზრებას იწყებ, ნელ-ნელა აცნობიერებ იმ უხილავ, ფარულ ბარიერებს, რომლებიც უმცირესობების ყოველდღიურობას ახლავს. სკოლის მერხიდან მოყოლებული ხშირად გიწევს იმ გამოცდილებასთან შეჯახება, რასაც მეცნიერება სოციალურ დისტანციას, იზოლაციას ან იძულებით კულტურული ნორმების ჩრდილში ყოფნას უწოდებს. ეს არ ყოფილა მხოლოდ აკადემიური ინტერესი, ეს იყო პირადი მგრძნობიარე გამოცდილება იმისა, თუ როგორ ცდილობს ინდივიდი შეინარჩუნოს საკუთარი სულიერი იდენტობა გარესამყაროს წნეხის პირობებში.
სწორედ ამ შინაგანმა კითხვებმა და პირადმა გამოცდილებამ მიბიძგა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დასრულებისას, საბაკალავრო ნაშრომისთვის კვლევა ამ მიმართულებით წამეყვანა. ნაშრომის ხელმძღვანელთან ერთად, მიზნად დავისახე საქართველოში რელიგიური უმცირესობების კულტურული ადაპტაციისა და თვითაღქმული სტრესის ემპირიული შესწავლა. როგორც მკვლევარს, რომელიც თავად არის ამ სოციალური ჯგუფის ნაწილი, მქონდა მყარი მოლოდინი, რომ კვლევის შედეგები ზუსტად ასახავდა იმ ფსიქოლოგიურ წნეხსა და დისკრიმინაციას, რომელსაც უმცირესობები ყოველდღიურობაში აწყდებიან. ცხადია, მქონდა წინასწარი ჰიპოთეზები. დარწმუნებული ვიყავი ორ რამეში: ერთი, რომ საქართველოში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ბევრად მაღალი სტრესის დონე ექნებოდათ, ვიდრე უმრავლესობას და მეორე, რომ ისინი ბევრად უფრო ხშირად და მწვავედ იგრძნობდნენ დისკრიმინაციას. მონაცემები შევაგროვე, ციფრები დავთვალე და აქ მოხდა ის, რამაც ჩემი, როგორც მკვლევრისა და როგორც კათოლიკეს, მოლოდინები თავდაყირა დააყენა. სტატისტიკამ ჩემს პირად ემოციებსა და სტერეოტიპებს სრულიად მოულოდნელი პარადოქსით უპასუხა.

ემპირიული სურათი: საზოგადოებრივი აღქმის საზღვრები
იმისათვის, რომ სურათი მაქსიმალურად ფართო და ობიექტური ყოფილიყო, კვლევისთვის რაოდენობრივი მეთოდოლოგია ავარჩიე და სპეციალურად შემუშავებული ანონიმური კითხვარი გამოვიყენე. მასში მონაწილეობა სულ ას ერთმა სრულწლოვანმა ადამიანმა მიიღო. კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, რესპონდენტთა შორის იყვნენ როგორც სხვადასხვა რელიგიური უმცირესობის (კათოლიკეები, პროტესტანტები, მუსლიმები, ეზიდები, სომხურ-სამოციქულო ეკლესიისა და იეჰოვას მოწმეთა თემის წარმომადგენლები), ისე რელიგიური უმრავლესობის წევრები. ამგვარმა ფართო ჩართულობამ საშუალება მოგვცა, პრობლემისთვის არა ცალმხრივად, არამედ მთლიანი საზოგადოებრივი კონტექსტის ჭრილში შეგვეხედა და დაგვენახა, თუ როგორ აღიქმება სტრესი და დისკრიმინაცია სხვადასხვა პერსპექტივიდან. როდესაც მიღებული პასუხების გასაშუალოებული ქულების სტატისტიკური ანალიზი დავიწყე, აღმოჩნდა, რომ საწყისი ჰიპოთეზები არ დადასტურდა. მონაცემებმა აჩვენა ძალიან საინტერესო კანონზომიერება, სადაც მთავარი ფსიქოლოგიური საიდუმლო სწორედ ჯგუფებს შორის არსებულ აღქმებში გამოიხატა:
სტრესის აღქმა: უმრავლესობის წარმომადგენელთა ხედვით, სხვა აღმსარებლობის ადამიანები საქართველოში მუდმივ და მძიმე სტრესში ცხოვრობენ, მათი შეფასების საშუალო ქულა 3.09 აღმოჩნდა. თუმცა, როდესაც თავად უმცირესობათა წევრები აფასებენ საკუთარ მდგომარეობას, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია და 2.33-ს შეადგენს.
დისკრიმინაცია: ანალოგიური სურათი მივიღეთ აქაც. გარე პერსპექტივიდან, რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი (საშუალო ქულა 2.80), მაშინ, როცა თავად ამ ჯგუფებს შიგნით პრობლემის სუბიექტური განცდა ბევრად მსუბუქია (საშუალო ქულა 2.08).
საინტერესოა ზოგადი ტენდენციაც. საერთო გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ უმცირესობები სტრესს საერთოდ არ განიცდიან, ხოლო თითქმის მესამედი (32,9%) ფიქრობს, რომ საქართველოში რელიგიური ნიშნით ჩაგვრა საერთოდ არ არსებობს. მხოლოდ რესპონდენტთა მცირე ნაწილმა (ორივე შემთხვევაში 2,9%-მა) აღნიშნა უკიდურესად მაღალი სტრესისა და მძიმე დისკრიმინაციის არსებობა. ამ ციფრებმა საგონებელში ჩამაგდო. როგორ ხდება, რომ გარედან, საზოგადოების მხრიდან, ბევრად უფრო მწვავედ ჩანს სხვისი ტკივილი და წნეხი, ვიდრე ამას თავად ჩვენ, არადომინანტური ჯგუფების წარმომადგენლები ყოველდღიურობაში განვიცდით?
სად იმალება საიდუმლო? ადაპტაციისა და შეჩვევის ფენომენი
ამ პარადოქსის მიღმა ადამიანის ფსიქიკის უნიკალური თვისება იმალება, რასაც ცხოვრებაში უბრალოდ შეჩვევისა და გადარჩენის ხელოვნება ჰქვია. როდესაც ადამიანი დაბადებიდან ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში რელიგიური უმრავლესობის გარემოში ცხოვრობს, ის გადის სრულ კულტურულ ადაპტაციას. ყოველდღიური უხილავი ბარიერები, საზოგადოებრივი სტერეოტიპები თუ არასწორი აღქმები დროთა განმავლობაში მისი რეალობის ჩვეულებრივ ნაწილად იქცევა. ადამიანი უბრალოდ ეჩვევა ამ მოცემულობას. ის, რაც გარე დამკვირვებლისთვის, ამ შემთხვევაში უმრავლესობისთვის, მძიმე სტრესად და ჩაგვრად აღიქმება, თავად უმცირესობის წარმომადგენლისათვის წლების განმავლობაში გამომუშავებული მედეგობის წყალობით, ჩვეულებრივ, მართვად ყოველდღიურობად ტრანსფორმირდება.
მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელ რესპონდენტთა გარკვეულმა ნაწილმა სხვის სტრესსა და დისკრიმინაციაზე ასეთი მაღალი ქულები დააფიქსირა, საინტერესო ტენდენციაზე მიგვანიშნებს. მართალია, ეს მგრძნობელობა მთელ დომინანტურ ჯგუფზე არ ვრცელდება და საზოგადოებაში საერთო ემპათიის დონე მაინც დაბალია, მოსახლეობის ეს მცირე ნაწილი მაინც ახერხებს, არ იყოს ბრმა არსებული რეალობის მიმართ. ისინი გარედან აკვირდებიან სტრუქტურულ უთანასწორობას, გარკვეულწილად აცნობიერებენ დომინანტურ პოზიციას და უფრო მეტად წუხან იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ჩვენ, ხანგრძლივი ადაპტაციისა და შეჩვევის წყალობით, შიგნიდან ბევრად მშვიდად ვხვდებით.
გიორგი ლომიძეჟურნალი "საბა", 2026, ოქტომბერი





Comments