top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘იმედის სახლის’ ახალი სიცოცხლე

6 minutes ago
2 min read

"იმედის სახლი" საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას და კომპლექსურ სოციალურ სივრცეს წარმოადგენს, რომელიც ოც წელზე მეტია ბათუმში ფუნქციონირებს და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა-ზრუნვის პროგრამების განხორციელებას ემსახურება.


მიმდინარე წლიდან კი "იმედის სახლის" კარები უკვე მოზარდებისთვის გაიღო და ბავშვთა დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი.


აღნიშნულ სივრცეში საქართველოს კარიტასმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, გახსნა მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომლის მიზანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვებისათვის უსაფრთხო, მზრუნველი და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შექმნა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება გახლავთ.


სააღმზრდელო დაწესებულებაში 6-დან 18-წლამდე მოზარდები უზრუნველყოფილი არიან კვებით, ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით; მათზე ყოველდღიურად ზრუნავენ კვალიფიციური სპეციალისტები, უწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას; სავალდებულო განათლებასთან ერთად, კარიტასის აღსაზრდელებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ დამატებით საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებში, რაც მათ საბაზისო უნარების განვითარებაში დაეხმარება და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაში შეუწყობს ხელს. 



28 სექტემბერს მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი სამედიცინო, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის პროგრამის გაცნობა გახლდათ. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, „საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტი; გიორგი მეხატიშვილი, „საქართველოს კარიტასის“ აღმასრულებელი დირექტორი; დამსწრე აუდიტორიას ახალი სოციალური პროგრამის თემატური შინაარსი და მიმდინარე საქმიანობა დეტალურად გააცნეს „საქართველოს კარიტასის“ ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მენეჯერმა, თამარ შარაშიძემ და საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელ-პედაგოგებმა, ხოლო პროექტის მნიშვნელობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

 

ღონისძიების განსაკუთრებით ემოციური მომენტი იყო იტალიიდან ბატონი რობერტოსა და ქალბატონი ჯოვანას ონლაინ ჩართვა. სწორედ მათ გადასცეს  ეს სახლი „საქართველოს კარიტასს“ ტრაგიკულად გარდაცვლილი შვილის, ახალგაზრდა სპორტსმენის, ტომაზო ბუტურას, ხსოვნის პატივსაცემად, რაც ქართულ-იტალიური მეგობრობის მაგალითს, სოციალური ფილანთროპიის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს და, სწორედ აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, დღეს ,,იმედის სახლი“ უკვე ბავშვთა ზრუნვის ახალ კერად იქცა, სადაც ჯანსაღი და სიყვარულით სავსე ოჯახური გარემო ახალგაზრდებს განათლების მიღების, საზოგადოებაში ინტეგრირების, სრულფასოვანი თვითრეალიზების შესაძლებლობას მისცემს და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გაუხსნის გზას.


ილია გუჩმანიძე

ჟურნალი "საბა", 2026, ნოემბერი

Comments


bottom of page