top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა თომა აკვინელი და პაპის უნივერსიტეტი 'Angelicum'

 

2024 წლის 7 მარტს, ეკლესიის დოქტორის, წმიდა თომა აკვინელის გარდაცვალებიდან 750 წლისთავი სრულდება. წმინდა თომა ლათინური შუასაუკუნეების ყველაზე ცნობილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსია.

 


ლიტურგიულ ტრადიციაში, წმინდანის გარდაცვალების თარიღი ასევე მისი მოხსენიების დღეა, თუმცა შემდეგში საეკლესიო რეფორმამ ეს დღე 28 იანვარს გადაიტანა.

 

თომა აკვინელი 1225 წელს, არისტოკრატულ დიდ ოჯახში დაიბადა, რომელიც იმპერატორის საგვარეულოს ენათესავებოდა. მამამისი ლანდოლფო აკვინელი როკაზეკასა და მონტესანჯოვანის გრაფი იყო. სწორედ სამხრეთ იტალიაში, როკაზეკას კოშკში დაიბადა დასავლური ეკლესიის მომავალი დოქტორი და მოძღვარი.  

 

რადგან თომა ვაჟებს შორის ყველაზე უმცროსი იყო, ოჯახური ტრადიციის თანახმად, გადაწყდა იგი მონასტერში მიებარებინათ, რათა მომავალში მონტე კასინოს - დასავლური საქრისტიანოს ყველაზე დიდი მონასტრის - წინამძღვარი გამხდარიყო. მაგრამ ჭაბუკი აკვინელი ურჩი აღმოჩნდა და მშობლების ნებას არ დაემორჩილა. მართალია, მონასტერში ყოფნა ბიბლიური, თეოლოგიური, ფილოსოფიური თუ საბუნებისმეტყველო განათლების შეძენას მოახმარა, მაგრამ მალე, ოჯახისთვის თავზარდასაცემად, თომამ იმხანად აღმოცენებულ დომინიკელთა ორდენს, წმიდა დომინიკეს მიერ დაფუძნებულ უპოვართა საძმოს მიაშურა. არ გაჭრა, არც უფროსი ძმის მიერ შარაგზიდან მოტაცებამ, არც დედის მრისხანებამ, არც შინაურ ტყვეობაში აღმოჩენამ, არც მამისეულ სასახლეში მომხიბლავი ქალებით მისი ცდუნების მცდელობამ.

 

1245 წელს, 20 წლის თომა პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ქრისტიანული თეოლოგიის სიღრმეებს შუა საუკუნეთა ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენლის, წმიდა ალბერტუს დიდის ხელმძღვანელობით დაეუფლა.



სამი წლის შემდეგ, აკვინელი მოძღვართან ერთად პარიზიდან კელნში გადასახლდება, სადაც არა მხოლოდ დიონისე არეოპაგელის ნაწერების შესწავლა გააგრძელა, არამედ იქაურ ახალ უნივერსიტეტსაც ჩაუდგა სათავეში. აქედან იწყება თომას თეოლოგიური ღვაწლი - ღმრთისა და მოყვასის ინტელექტუალური სამსახური, მრავალრიცხოვანი ლექციები, გამოსვლები, დისპუტები, საღმრთისმეტყველო, ბიბლიოლოგიურ, ფილოსოფიურ წიგნთა უსასრულო წყება, უფაქიზესი ლიტურგიკული საგალობლები, ორი უზარმაზარი საუნჯე - „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“ და „თეოლოგიის შეჯამება“, - კაცობრიობის ფილოსოფიური აზროვნების უმაღლესი მწვერვალი.

 

წმიდა თომა აკვინელის აზროვნების მიუწვდომელი სიწმიდე და სინათლე განუყოფელი იყო მისი გულის სიწმიდისაგან - მორწმუნე, ერთგული ქრისტიანის უმანკო და უხინჯო ცხოვრებისაგან. ბიოგრაფებს შემოუნახავთ თომას საუნივერსიტეტო მოღვაწეობის ერთი დეტალი, რომელიც ალბათ, არცთუ უმნიშვნელოა მისი სულიერი პორტრეტის წარმოსადგენადაც. მისი ყოფილი სტუდენტები იხსენებდნენ, რომ საკმარისი იყო ზარის ხმა გაეგონა, ლექციას შუა სიტყვაზე გაწყვეტდა და აუდიტორიიდან გადიოდაო. სწორედ ეს აბსოლუტური დისციპლინა წარმოადგენდა მისი აზროვნებითი სისტემის საფუძველს - აბსოლუტური და უშუალო მზადყოფნის არსს, მთელი სულით, მთელი გულით, მთელი გონებით მიეღო ის, რასაც იგი ჭეშმარიტებად ჭვრეტდა.

 

სრულიად გასაოგნებელია წმიდა თომას შრომისუნარიანობა. თავისი მიწიერი სიცოცხლის 49 წლის განმავლობაში იგი განუწყვეტლად მოგზაურობდა, მონაწილეობდა საეკლესიო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაუღალავად და შეუსვენებლივ ასწავლიდა უნივერსიტეტებში. სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე იგი ჩავიდა ნეაპოლში, რათა პაპის ნება-სურვილის თანახმად, იქ დომინიკური უნივერსიტეტისთვის ჩაეყარა საფუძველი.

 

თანაშემწე მას მხოლოდ ცხოვრების უკანასკნელ წლებში უწევდა დახმარებას და ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ მან საკუთარი ხელით შექმნა ის უზარმაზარი წერილობითი მემკვიდრეობა, რომლის სრული აკადემიური გამოცემა დღემდე არაა დამთავრებული და რომელიც ჯერჯერობით 48 ტომს მოიცავს.

 

იგი დაუღალავად იცავდა ქრისტიანული უპოვრობის პრინციპებს. სწორედ ფრანცისკელთა და დომინიკელთა ორდენების გადასარჩენად, შესანარჩუნებლად მიემართებოდა იგი ლიონის საეკლესიო კრებაზე, როცა სიკვდილმა მას გზად უსწრო, ცისტერციართა მონასტერში მოსასვენებლად გაჩერებულს, პატარა ქალაქ ფოსანოვაში, ტერაცინოს მახლობლად.

 

წმიდა თომა აკვინელი 1274 წლის 7 მარტს გარდაიცვალა.

 

1323 წლის 18 ივლისს თომა აკვინელი რომის კათოლიკე ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. 1879 წლის 4 აგვისტოს კი გამოცხადდა, რომ კათოლიკე ეკლესიის ფილოსოფიური მოძღვრება შეიძლება გადმოცემულ იქნეს მხოლოდ თომიზმის - თომა აკვინელის მიერ ჩამოყალიბებული აზროვნებითი სისტემის საფუძველზე.


პაპის უნივერსიტეტი “Angelicum”

 

წმიდა თომა აკვინელის სახელობის პაპის უნივერსიტეტი (Pontificia Università S. Tommaso d'Aquino in Urbe), ხალხში ცნობილია, როგორც “Angelicum”. დომინიკელთა საერთაშორისო სასწავლებელი განლაგებულია ქალაქ რომის ცენტრალურ უბანში და მასში ფუნქციონირებს: თეოლოგიის, ფილოსოფიის, კანონიკური სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები, ასევე არის რელიგიური მეცნიერებები უმაღლესი სასწავლებელი - Mater Ecclesiae.

 

Angelicum - ის დაარსება იწყება შუა საუკუნეების დომინიკელთა საგანმანათლებლო სახლიდან XIII საუკუნეში (1265) წ. რომში, სადაც წმიდა თომა აკვინელი ასწავლიდა ბერებს, რომლებიც ემზადებოდნენ მღვდლობის სანის მისაღებად. მასში სწავლდობდა კათოლიკე ეკლესიის არაერთი ცნობილიო მღვდელი თუ ბერ-მონაზონი, მათ შორის იყო კაროლ იოზეფ ვოიტილა (წმ. პაპი იოანე პავლე II).



დღეისათვის, უნივერსიტეტში 1200-მდე პროფესორი და სტუდენტია მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს იტალიურ და ინგლისურ ენებზე.

 

Angelicum -  ადამიანებს ისეთ განათლებას სთავაზობს, სადაც რწმენა და გონება ერთად ჰარმონიაში არიან. იგი სტუდენტებისგან ქმნის სათნო ლიდერებს, რომლებიც ხელს უწყობენ ევანგელიზაციასა და ადამიანის სრულფასოვან განვითარებას. აქ ისწავლება წმიდა თომა აკვინელის სიბრძნე. სტუდენტები, პროფესორები და უნივერსიტეტის თანამშრომლები მონაწილეობენ დომინიკელთა სწავლებაში, ლოცვაში, კრებულსა და ქადაგებებში.


მოამზადა შოთა გიქოშვილმა

 

コメント


bottom of page