top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘იესო არ ისმენს მათ ლოცვას, ვინც აწარმოებს ომებს'- პაპი ლეონ XIV

  • 5 days ago
  • 1 min read

კვირას, 29 მარტს, წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპმა ლეონ XIV-მ ბზობის კვირის ლიტურგია აღავლინა. ქადაგებაში მან მორწმუნეებს მოუწოდა, გაჰყვნენ იესოს, განჭვრიტონ მისი ვნებები და გული, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის სიყვარულის ძღვნად იქცა.



წმინდა მამის რეფლექიის ცენტრშია ქრისტეს სახე, რომელიც გვევლინება, როგორც მშვიდობის მეფე იმ დროს, როდესაც მის გარშემო ომი მზადდება.


„მივაპყროთ მზერა იესოს, როგორც მშვიდობის მეფეს. ის ინარჩუნებს მშვოდბას ძალადობის შუაგულში და კაცობრიობას ნუგეშად სთავაზობს საკუთარ თავს, მაშინ, როცა სხვები მახვილს იმარჯვებენ. როგორც მშვიდობის მეფე, ის იერუსალიმში სახედრით შედის და არა მეომარის ცხენით, რითაც აღასრულებს წინასწარმეტყველებას საბრძოლო იარაღის შემუსვრის შესახებ.


როგორც მშვიდობის მეფე, ის აჩერებს მოწაფეს, რომელმაც მახვილი იშიშვლა და შეახსენებს, რომ ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება.



საბოლოოდ, როგორც მშვიდობის მეფე, იესო არც თავს იცავს და არც ბრძოლაში ებმება, არამედ, უტყვი კრავის მსგავსად, საკუთარ თავს ჯვარზე გასაკრავად გასწირავს. თავისი დუმილით ის გვიჩვენებს ღვთის მშვიდ სახეს, რომელიც უარყოფს ძალადობას და საკუთარი თავის გადარჩენის ნაცვლად, ჯვრიდან  გულში იხუტებს კაცობრიობის ისტორიის ყველა ტკივილს”.


პაპმა ლეო XIV-მ გაიხსენა წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები: „თუმცა ბევრი ილოცეთ, არ მოგისმენთ: ხელები სისხლით გაქვთ სავსე“ (ეს. 1:15).


„იესო მშვიდობის მეფეა, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად“, - თქვა პაპმა. „ის არ ისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს, არამედ უარყოფს მათ. ქრისტე, მშვიდობის მეფე, კვლავ შესძახის თავისი ჯვრიდან: ღმერთი სიყვარულია! შეიწყალე! დაყარე იარაღი! გახსოვდეთ, რომ თქვენ ძმები და დები ხართ!“ - თქვა პაპმა.



ქადაგების დასასრულს, ლეონ XIV-მ ციტირება მოახდინა იტალიელი ეპისკოპოსის, ღვთის მსახურ ტონინო ბელოსი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს „მესამე დღის (აღდგომის დღის) დედაკაცას“ უწოდებდა – „სიკვდილი და უსამართლობა მარადიული არ არის“.


პაპმა გამოთქვა იმედი, რომ ომების ნაპერწკლები მალე ჩაქრება, ღარიბთა ტანჯვა დასრულდება, ხოლო ძალადობის ყველა მსხვერპლის თვალებზე ცრემლს შეაშრობს გაზაფხულის მზე, რომელიც სიცოცხლისა და გამარჯვების სიმბოლოა.


შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page