top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შიშები, სურვილები და ცდუნებები – „დღიური“ და პაპ ფრანცისკეს მისტიკური სახე

3 minutes ago
3 min read

24 ნოემბერს, ვატიკანის გამომცემლობამ დაბეჭდა წიგნი – მცირე ზომის, მაგრამ შინაარსობრივად მდიდარი პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს ხორხე მარიო ბერგოლიოს, იგივე პაპ ფრანცისკეს უბის წიგნაკის ჩანაწერებს, რომლებსაც იგი 1992–2024 წლებში აკეთებდა.



წიგნი გვიჩვენებს პაპის პირად სახეს – ადამიანს, რომელიც იწერდა საკუთარ შიშებს, თვითკრიტიკასა და უკმარისობის განცდას. ადამიანს, რომელიც სხვადასხვა დროს „ნანახი“ სატანის მუქარებით დაღლილი, ბოლომდე მიენდო ღვთის გულმოწყალებას.

პაპი ფრანცისკე საკუთარ გულს ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნის მკითხველს. აღწერილია მისი  შიშები, ფიქრები, ფარული აზრები, კონტროლს მიღმა დარჩენილი გრძნობები, ასევე ის, თუ როგორ აფასებდა საკუთარ თავსა და ქმედებებს. ჩანს მისი სულიერი „ხილვებიც“ – უფლის ხილვა, რომელმაც მას გულმოწყალედ გაუღიმა, ან ეშმაკის ავისმომასწავებელი ხილვა; ასევე მის მიერ განცდილი კრიზისები, მათ შორის სულიერი კრიზისი, რომელიც წმინდა იოანე ჯვრისას მიერ აღწერილ „ბნელ ღამეს“ ჰგავს –  ეს არ არის ღვთისგან დაშორება, არამედ სულის განძარცვა, რომელსაც მასთან კიდევ უფრო ღრმა ერთობამდე მივყავართ.


ხორხე მარიო ბერგოლიო თავისი შინაგანი ცხოვრების ამ სიმდიდრეს მოკლე ჩანაწერებით აღწერდა და შავ, პლასტმასისყდიან უბის წიგნაკში, წვრილი, დახრილი კალიგრაფიით იწერდა. ამ წიგნაკს იგი ჯერ კიდევ ბუენოს-აირესში იყენებდა, მოგვიანებით კი, წმინდა მართას სახლში ინახავდა.


როგორც წიგნის რედაქტორი, კარდინალი ვიქტორ მანუელ ფერნანდესი ამბობს, „დღიური“ ფრანცისკეს გულსა და სულიერებას ააშკარავებს“.


ამ პირადი ჩანაწერების სახით, მსოფლიოს ეხსნება საგანძური, რომელიც წარმოაჩენს პაპის შინაგან სახეს. იმ პაპისას, რომელიც საკუთარ თავზე ისედაც ყოველთვის ბევრს საუბრობდა.

წიგნის სათაურია „Il Diario personale di Papa Francesco“ („პაპი ფრანცისკეს პირადი დღიური“). ვატიკანის გამომცემლობა Libreria Editrice Vaticana-ს მიერ გამოცემული წიგნი, ამ დღეებში ხუთ ენაზე გამოდის და 94 ქვეყანაში გავრცელდება. წიგნის რედაქტორი, კარდინალი ფერნანდესი, პაპ ფრანცისკეს მრავალი წლის მეგობარია. იგი 2023 წელს არგენტინიდან რომში სარწმუნოების მოძღვრების დიკასტერიის ხელმძღვანელად მიიწვიეს.


ორ სასულიერო პირს შორის გაჩენილმა ნდობამ განაპირობა ის, რომ ამ პირადმა ჩანაწერებმა დღის სინათლე იხილა. ამის შესახებ, კარდინალი ფერნანდესი წინასიტყვაობაშიც წერს და იხსენებს იმ საღამოს, როცა წმინდა მართას სახლში, „ძველი უბის წიგნაკი“ შენიშნა. „თავად გადაწყვიტეთ“, - უთხრა მაშინ ფრანცისკემ კარდინალს. მოგვიანებით ფერნანდესმა ეს საკითხი პაპ ლეონ XIV-სთან საუბრისას წამოჭრა, რომელმაც გამოქვეყნებაზე თანხმობა განაცხადა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, კარდინალმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და შეარჩია ტექსტები, რომლებსაც მკითხველისთვის სულიერი სარგებლის მოტანა შეუძლია.


ყოველგვარი სენსაციურობისა და სულიერი თუ ფსიქოლოგიური ცნობისმოყვარეობის მიღმა, ამ 160 გვერდიანი წიგნის წაკითხვა მკითხველს სულიერად აძლიერებს. წინა პლანზე გამოდის ღვთის მოქმედება მორწმუნე ადამიანის, ამ შემთხვევაში ქრისტეს ნაცვლის ცხოვრებაში. პაპისა, რომლის ადამიანურობაც, მიუხედავად იმისა, რომ მას მუდმივად ხაზს უსვამდნენ, ყველაზე ხშირად სოციალურ ინიციატივებსა თუ არასტანდარტულ ჟესტებამდე დაჰყავდათ, მაშინ როცა სინამდვილეში იგი უბრალოდ ადამიანად გრძნობდა თავს. ადამიანად, რომელსაც მოსმენა შეეძლო, საკუთარ ჭრილობებს ატარებდა და მადლს იყო მოწყურებული. ადამიანად, რომელმაც ლაკონურად ჩაწერა: „მეშინია“, რითაც გამოხატა შიში, რომ ვერ გაუმკლავდებოდა დაკისრებულ როლს ან შესაძლოა მოყვასისთვის „ზიანი მიეყენებინა“, და ამიტომ სთხოვდა უფალს, უმჯობესი იყო „თავისთან წაეყვანა“.


იგი ასევე იყო ლოცვას, ღვთისმოსაობისა და საყვარელი „ტერეზას“ (წმ. ტერეზა ლიზიელის), წმ. იოსებისა და ღვთისმშობლისადმი მინდობილი ადამიანი –გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მან ღვთისმშობელს სთხოვდა, „მზრუნველობა არ მოეკლო და დახმარებოდა“.


ბერგოლიო თავგანწირვის ადამიანი იყო, განსაკუთრებით ფიზიკური თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იგი ებრძოდა ძლიერ „დაღლილობასა“ და ჯანმრთელობის პრობლემებს, თუმცა სამოძღვრო მსახურების გამო მათ უკანა პლანზე სწევდა.

ჩანაწერებიდან იკვეთება პაპის – „უბრალო ადამიანის“ სახე, რომელიც პირდაპირ საუბრობს, ბრწყინვალე იუმორის გრძნობითაა დაჯილდოებული და ამავე დროს საკუთარ თავში მისტიკურ შტრიხებსაც მალავს. ამაზე მეტყველებს „სულიერი ხილვები“, დაწყებული იმ ხილვებით, რომლებშიც მას ეშმაკი ეცხადებოდა.


„ეშმაკი ვნახე“, – იწერდა იგი ლაკონიურად კალენდარში. ერთხელ იგი „მანქანიდან“ დაინახა, სხვა დროს კი – წირვის დროს „გუნდში“. ვერ ივიწყებდა „მის მრისხანე თვალებს“ და გრძნობდა მის სიახლოვეს, როდესაც იგი „ჩასაფრებული“ იყო და იჭრებოდა პაპის მოგზაურობებისას, მაგალითად, 2018 წელს ჩილეში ვიზიტისას, როცა ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა, აგრეთვე კურიის მართვის პროცესში. ამასთან, იგი მას „წარმართული ცდუნებით“ აცდუნებდა. ბერგოლიო კრიალოსნის მეშვეობით „იბრძოდა“. „მარიამმა გადამარჩინა“, – დაწერა მან.


„დღიურის“ ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი ფრაგმენტია „სულიერი კრიზისის“ აღწერა, რომელსაც, როგორც პაპი ამხელს  იგი პონტიფიკატის დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, 2021 წლის დასაწყისიდან 2022 წლამდე განიცდიდა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, მაგრამ ამავე დროს ძლიერდებოდა „ბოროტი ძალების გადამწყვეტი შემოტევები“.



„თუ ეშმაკი ასე უცერემონიოდ მიტევს, ეს იმიტომ, რომ ბევრი დრო აღარ დამრჩა და მას სურს თავისი მსხვერპლი მოიპოვოს“, – წერდა იგი 2016 წელს. ადამიანურად გამოფიტული ფრანცისკე ბოლომდე მიენდო ღვთის გულმოწყალებას. ღვთისგან იღებდა „ნიშნებსა“ და „იმპულსებს“, რომლებიც განსაცდელების ჟამს მის „ნდობას“ ამტკიცებდა. იგი ამტკიცებდა, რომ სამლოცველოში უფალს ესაუბრა: „გაიღიმა… ვიგრძენი იესოს გულმოწყალე მზერა“.


ამ კრიზისის ნაყოფი იყო „სულიერი განახლება“, რომელიც ჩამოყალიბდა და ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია – ორ დოკუმენტში, რომლებიც მედიის თვალსაზრისით ნაკლებად ხმაურიანი იყო, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმის ფონზე, რასაც პაპი შინაგანად განიცდიდა: სამოციქულო შეგონება „C’est la confiance“, რომელიც წმინდა ტერეზა ლიზიელის დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა (2023), და „Dilexit nos“ (2024) ბოლო ენციკლიკა, რომელიც იესო ქრისტეს გულს მიეძღვნა. ეს არის ორი „დოკუმენტი, რომლებიც ფრანცისკეს გზის ბოლო ეტაპის სინთეზს წარმოადგენს“, – ხაზს უსვამს კარდინალი ფერნანდესი და აერთიანებს „მხურვალე და ნუგეშისმომცემ ნდობას მოყვარული ღვთისადმი“ და „სხვებისადმი თავდადებას“, რაც სწორედ ამ „სულიერი გამოცდილებიდან“ იღებს სათავეს.


აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: 2023 წელს, ახალგაზრდობის მსოფლიო დღეზე ლისაბონში გამგზავრება. ამ ვიზიტის ფარგლებში, პაპი ფრანცისკე ფატიმას ეწვია. ღვთისმშობლის ხატის წინ მას ერთი სიტყვაც არ წარმოუთქვამს. ყველას აინტერესებდა, რატომ. პასუხს ოქტომბრის ჩანაწერში ვპოულობთ: „ვუყურებდი და ვთხოვდი“. იგი ადამიანებს არ ესაუბრებოდა ამ დროს, რადგან ღვთისმშობელს ესაუბრებოდა. და მან უპასუხა.


შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page