top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავი – კონფერენცია ახალციხეში

2 minutes ago
3 min read

13 ნოემბერს, ახალციხეში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წმინდა ფრანცისკე ასიზელს მიეძღვნა. წმინდანის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, ასევე საქართველოში კაპუცინი მისიონერების მოღვაწეობის პერიოდები – იტალიიდან  მოწვეულმა კაპუცინმა ბერებმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ნუგრზარ ბარდაველიძემ წარმოადგინეს.

 


კონფერენცია „ახალციხე ინნის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე გაუძღვა.

სპეციალურად ამ კონფერენციისთვის საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდნენ პოლონელი ბერები, რომის „ანტონიანუმის“ პაპის უნივერსიტეტის პროფესორები: მამა ვიესლავ ბლოკი და მამა დანიელ კოვალევსკი.


შეხვედრის პირველი ნაწილი წმინდა ფრანცისკეს ცხოვრების წლების მოკლე ქრონოლოგიას, განსაკუთრებით კი მის უკანასკნელ წუთებს დაეთმო. მამა ვიესლავ ბლოკმა განიხილა თემა – რაზე ფიქრობდა წმ. ფრანცისკე გარდაცვალებამდე.


მეორე ნაწილი კი მიეძღვნა კაპუცინი ბერების საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლებს. მამა დანიელ კოვალევსკიმ ისაუბრა ისტორიაზე – 1661 წლიდან დღემდე: XVII საუკუნეში კაპუცინების საქართველოში ჩამოსვლაზე, ცხოვრებაზე, განდევნასა და წლების შემდეგ მისიის კვლავ საქართველოში დაბრუნებაზე.


„პირველი ბერები ტფილისში – დღევანდელ თბილისში – 1662 წლის მიწურულსა და 1663 წლის დასაწყისში ჩამოდიან. 1845 წელს ისინი იძულებულნი ხდებიან, ქვეყანა დატოვონ. 168 წლის შემდეგ, 2013 წელს, კაპუცინები საქართველოში კვლავ ბრუნდებიან. ამ ხანგრძლივი არყოფნის პერიოდშიც ქართული კათოლიკური თემები ცხოვრებას განაგრძობდნენ“, – ნათქვამი იყო პრეზენტაციაში.


„მე ადრე არ ვიცნობდი საქართველოში კაპუცინი ბერების მისიის ისტორიას, თუმცა იქნება ენციკლოპედია კაპუცინთა ისტორიის შესახებ და ამ ენციკლოპედიისთვის მე მთხოვეს მომემზადებინა ის თავი, რომელიც შეეხება საქართველოში კაპუცინთა მისიას. აღმოვაჩინე ზღვა მასალა, ძალიან ხანგრძლივი, ღრმა და საინტერესო მისიის შესახებ, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ მაქვს შესწავლილი, კვლავაც ვსწავლობ. ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ის, თუ რამხელა და რამდენად საინტერესო  ისტორია უკავშირდება საქართველოში კაპუცინების ყოფნას, სწორედ ამ მასალის ნაწილზე ვისაუბრე დღევანდელ კონფერენციაზე“, – ამბობს მამა დანიელ კოვალევსკი, რომელიც რომში კაპუცინთა ისტორიის ინსტიტუტის პროფესორია.



კონფერენციის მესამე ნაწილი ქართულ პრესაში წმინდა ფრანცისკე ასიზელის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს მიეძღვნა, რომლის შესახებაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, კათოლიკე ეკლესიაში არსებული „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიის“ წევრმა, ნუგზარ ბარდაველიძემ ისაუბრა.


კონფერენციას ესწრებოდნენ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ასევე კათოლიკე სასულიერო პირები და მრევლის წევრები.


“ამ წელს, წმინდა ფრანცისკეზე დაფიქრება და მისკენ მიმართული ყურადღება მნიშვნელოვანი იყო. მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში, წმინდა ფრანცისკე ახლობელი წმინდანია. აქ, საქართველოში მამა მარეკი დაგვეხმარა წმინდა ფრაცისკეს ფიგურის უკეთ გააზრებასა და დანახვაში, მადლობა მას. დაგვანახა ასევე ისიც, რომ რაც ამ წმინდანზეა ნათქვამი ძალიან ხშირად ზედაპირულია და მისი არსებითი ძალა, როგოროც დღეს თქვენგან მოვისმინეთ სხვა რამეში იყო. მე გამეხარდებოდა, რომ აქ უფრო მეტ ადამინს მოესმინა თქვენი საუბარი, რადგან ეს იქნებოდა ძალიან კარგი საჩუქარი მათთვის, ხოლო ვინც მივიღეთ ეს საჩუქარი უკვე გვაქვს პასუხიმგებლობა რომ ამ საჩუქარით სხვებიც გავამდიდროთ“, – თქვა ეპისკოპოსმა კონფერენციისას.


წმინდა ფრანცისკეს გარდაცვალებისადმი მიძღვნილი კონფერენცია სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა და ეკლესიის ადმინისტრაციაში არსებულმა „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიამ“ ერთობლივად დააორგანიზეს.



„დღევანდელი კონფერენცია ძალიან კარგად ჩატარდა. მომხსენებლები, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და ასევე ქართველი პროფესორი – ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული თემაზე. ვფიქრობ, რომ ასეთი კონფერენცია აუცილებელიც იყო, რადგან ჩვენ, უფრო კარგად ვიცით თეატინელი ბერების ისტორია საქართველოში, ვინაიდან მათ მისიაში უფრო მეტად ცნობილი პიროვნებები იყვნენ, მაგალითად კასტელი. თუმცა ნაკლებად ვიცნობთ კაპუცინთა მისიას, რომლებიც თითქმის საუკუნე–ნახევარი იყვნენ საქართველოში და ძალიან მრავალფეროვან ეპოქაში მოუწიათ ცხოვრება“, – ამბობს „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიის“ ხელმძღვანელი მამა გაბრიელე ბრაგანტინი.


მისივე თქმით, ორგანიზატორებმა კონფერენციის ადგილად ახალციხე შეარჩიეს, რადგან ეს ქალაქი მაშინ იყო კაპუცინთა მისიის ცენტრი. თუმცა ბერები 1662 წლიდან ახალციხის გარდა, გორში, ქუთაისსა და თბილისშიც მოღვაწეობდნენ.


„მთლიანობაში 23 პრეფექტი იყო საქართველოში კაპუცინთა მისიისთვის გამოგზავნილი. თითქმის 2 საუკუნე იყვნენ ახალციხეში კაპუცინები და მათ გარეშე  ახალციხელების ისტორიას გაუგებარი იქნებოდა. როგორც კასტელის სურათები გვეხმარება, რომ გავიგოთ საქართველოს ისტორია იმერეთში, სამეგრელოსა თუ   გურიაში, ასევე კაპუცინების ისტორია გვეხმარება, რომ გავიგოთ რა ხდებოდა იმ პერიოდში სამხრეთში, დოკუმენტებში არის აღწერილი ეს ამბები“, – ამატებს მამა გაბრიელე.


სწორედ იმიტომ, რომ ახალციხისთვის კაპუცინთა მოღვაწეობას ასეთი მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს, ორგანიზატორებმა კონფერენციის ჩატარება ახალციხეში გადაწყვიტეს, თუმცა საკონფერენციო დარბაზის გამოყოფას არაერთი პრობლემა მოჰყვა. სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების მიზეზით, ეკლესიას უარი უთხრა, როგორც ახალციხის მერმა, ასევე სამცხე–ჯავახთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა. ამის შესახებ catholic.ge–მ კონფერენციამდე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა – რატომ უთხრეს უარი კათოლიკეებს ახალციხის მერმა და უნივერისტეტის რექტორმა საკონფერენციო დარბაზზე


მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ახალციხის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე წერილი გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენები იყო რაბათში ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზის ფოტოები და ეწერა, რომ დარბაზი „ტექნიკურად გაუმართავია“ და „საფრთხის შემცველი“ და ამის შესახებ კათოლიკე ეკლესიას წერილობით აცნობეს, ეკლესიამ კი „მიზანმიმართულად დეზინფორმაცია“ გაავრცელა, თუმცა წერილში, რომლის ნახვაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია (იხილეთ წერილი სტატიაში – რატომ უთხრეს უარი კათოლიკეებს ახალციხის მერმა და უნივერისტეტის რექტორმა საკონფერენციო დარბაზზე) მსგავსი რამ არ წერია. უარის მიზეზად მერი ასახელებს „სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, როგორც სტატიაშია მითითებული, რომელიც ნამდვილად არ მიმდინარეობს. შესაბამისად, არც დეზინფორმაციისა და არც პროვოკაციის მცდელობა კათოლიკე ეკლესიის მხიდან არ ყოფილა.

რაც შეეხება ახალციხეში კაპუცინთა მისიას, იგი არსებობას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ბერი რჩება – მამა მარეკ პჟეჩევსკი, რომელიც ახალციხის სამრევლოს წინამძღვარია. როგორც ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კონფერენციაზე სტუმრად ჩამოსულ კაპუცინ ბერებს უთხრა, ამ ორდენის საქართველოში ყოფნა, მნიშვნელოვანია.


„შეგიძლიათ წაიღოთ, გაიყოლოთ ჩვენი სიტყვა იქ, სადაც ამისი საჭიროებაა, რომ ახალციხეში თქვენი ყოფნა ჩვენი ეკლესიისათვის ძალიან ძვირფასია“.


 თაკო ფეიქრიშვილი

 


 

Comments


bottom of page