top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რატომ უთხრეს უარი კათოლიკეებს ახალციხის მერმა და უნივერისტეტის რექტორმა საკონფერენციო დარბაზზე

2 days ago
3 min read

Updated: 5 hours ago

13 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიამ დაგეგმა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებისათვის, საკონფერენციო დარბაზის გამოყოფის თხოვნაზე, კათოლიკე ეკლესიას უარი უთხრეს ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ. ამის მიზეზად, ორივე მათგანმა სარემონტო სამუშაოები დაასახელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი სამუშაოები არცერთ ობიექტზე არ მიმდინარეობს.

 

მარცნივ – პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი სჯსუ–ში / მარჯვნივ – ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი
მარცნივ – პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი სჯსუ–ში / მარჯვნივ – ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი

წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლის იუბილე კათოლიკე ეკლესიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. პაპ ლეონ XIV-ის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 10 იანვრიდან 2027 წლის 10 იანვრამდე გამოცხადებულია წმინდა ფრანცისკეს განსაკუთრებული საიუბილეო წელი. შესაბამისად, საიუბილეო წელს შეუერთდა კათოლიკე ეკლესია საქართველოში. რადგანაც ეს წმინდანი ფრანცისკანელთა ორდენის დამაარსებელია, ხოლო ფრანცისკანელი ბერები ამჟამად მხოლოდ ახალციხეში მყოფებიან, წარსულში კი ამ ორდენის მისიონერები მრავალი წლის მანძილზე, მესხეთში მოღვაწეობდნენ და დიდი წვლილი შეიტანეს ამ კუთხისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში – გადაწყდა რომ კონფერენცია სწორედ ახალციხეში გამართულიყო.


საერთაშორისო კონფერენცია სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა და ეკლესიის ადმინისტრაციაში არსებულმა „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიამ“ ერთობლივად დააორგანიზა. ჩატარების თარიღად განისაზღვრა 13 ნოემბერი. ხოლო საკონფერენციო სივრცის გამოყოფის მიზნით, ორგანიზატორებმა ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართეს, სადაც კათოლიკე ქველმოქმედის, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზია.


"ჩვენ, წლების განმავლობაში, კარგი გამოცდილება გვქონდა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის. გასულ წელს სწორედ ამ დარბაზში ჩატარდა მამა შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ყოველთვის პატივისცემით გვიღებდნენ, მაგრამ ამჯერად, უნივერსიტეტიდან პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ გადაწყდა, რომ წერილი მიგვეწერა ახალციხის ციხისთვის", – ამბობს „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიის ხელმძღვანელი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი.


კონფერენციამდე თვე–ნახევრით ადრე –  2026 წლის 23 სექტემბერს, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ოფიციალური წერილით მიმართა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს და რაბათში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებული საკონფერენციო დარბაზის დათმობა სთხოვა.


ბატონო ვარლამ,

მოგახსენებთ, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, იგეგმება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავს.


როგორც ცნობილია, კათოლიკე მისიონერების, მათ შორის ფრანცისკანელთა ორდენის წარმომადგენლების მოღვაწეობას საქართველოში და განსაკუთრებით, სამხრეთ საქართველოში, ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. წლების მანძილზე მოღვაწე მისიონერებს, თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, გვსურს, აღნიშნული კონფერენცია ჩავატაროთ ახალციხეში, რომელზე დასწრებაც თავისუფალი იქნება დაინტერესებულ პირთათვის.


მოგმართავთ თხოვნით, 2026 წლის 13 ნოემბერს, კონფერენციის ჩასატარებლად, გამოგვიყოთ ახალციხის (რაბათის) ციხის ტერიტორიაზე არსებული საკონფერენციო დარბაზი.


წერილს ხელს აწერს სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე, რომელიც ამავდროულად, კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციის კანცლერია.


პასუხად, 2026 წლის 12 ოქტომბერს, ახალციხის მერმა უნივერსიტეტს წერილი დაუბრუნდა, სადაც რექტორი – ლექტორად მოიხსენია, სივრცის გამოყოფაზე კი უარი თქვა, ახალციხის ციხეზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო:


შპს სულხან - საბა ორბელიანის

უნივერსიტეტის ლექტორს აკაკი ჭელიძეს

ბატონო აკაკი,


ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა თქვენი 23. 09 2026 წლის #717 03/26 წერილი, სადაც ითხოვთ ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზს სამეცნიერო კონფერენციის ჩასატარებლად.


გაცნობებთ, რომ ახალციხის ციხეზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვერ უზრუნველყოფს დარბაზის გამოყოფას.


ციხის რა ტერიტორიაზეა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს ხელს უშლის თუ არა საკონფერენციო დარბაზის ფუნქციონირებას – ამის შესახებ მერი წერილში არაფერს აკონკრეტებს. გარდა ამისა, ახალციხის ციხის ან მერიის გვერდებზე, არსად არ არის მითითებული, რომ ციხის ტერიტორიაზე სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, Catholic.ge–ს რედაქცია ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც აღმოჩნდა, რომ საკონფერენციო დარბაზის მიმდებარედ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს.


ცნობისთვის, უკვე წლებია ახალციხის ციხის დირექტორი  ზაზა თამარაშვილია, ცნობილი კათოლიკე მღვდლის, მეცნიერისა და ისტორკოსის, მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი.

2011 წელი, რომი, მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე, სადაც თამარაშვილები კათოლიკე ეკლესიის მხარდაჭერით, რომში იმყოფებოდნენ.


მას შემდეგ, რაც ახალციხის მერიამ კათოლიკე ეკლესიას უარი უთხრა, ეკლესიამ საკონფერენციო დარბაზის თხოვნით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ მიმართა, ამჯერად საქმეში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის მცველები – პავლე ზაზაძის ოჯახი ჩაერთო, რომლებიც დღემდე ხშირად არიან დამფინანსებლები და მხარდამჭერები სამცხე–ჯაავხეთის უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო მიმართულებებისა.


თავდაპირველად, უნივერსიტეტი დათანხმდა პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზის გამოყოფას, თუმცა კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალა. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ მამა აკაკი ჭელიძეს სატელეფონო ზარით შეატყობინა, რომ საკონფერენციო დარბაზს ვერ დაუთმობდნენ, რადგან საპირფარეშოს რემონტი იყო დაგეგმილი.


ისევე, როგორც ახალციხის ციხის შემთხვევაში, 12 ნოემბრის მონაცემებით,

უნივერსიტეტის მეორე კორპუსის არცერთ საპირფარეშოში სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, ზუსტად 13 ნოემბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის იგივე შენობის 208–ე აუდიტორიაში დაგეგმილია ფილმის ჩვენება, სახელწოდებით „მამა“. 14–15 ნომბერს კი მეწარმეთა ტრენინგები, რომლის შესახებაც უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდი გვამცნობს.


 

"სამწუხაროა, რომ ახალ რექტორთან ვერ მოგვარდა სიტუაცია და ვერ გავაგრძელეთ მანამდე არსებული თანამშრომლობა. არადა, ვფიქრობდით, რომ წინა წლებში დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდებოდა", – ამბობს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.


წმინდა ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებით 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციისთვის საქართველოში ჩამოვლენ და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კაპუცინთა ორდენის წევრები, ისტორიკოსები და რომის „ანტონიანუმის“ პაპის უნივერსიტეტის პროფესორები – მამა ვიესლავ ბლოკი და მამა დანიელ კოვალევსკი, ასევე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე.


კონფერენცია 13 ნოემბერს, 14:00 საათზე  „ახალციხე ინნის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.


ახალციხის მერისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებებში კი, კითხვის ნიშნები ჩნდება – ვინ მიიღო გადაწყვეტილება ერთნაირი და არარსებული მიზეზების გამო კათოლიკე ეკლესიისთვის უარი ეთქვათ?


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page