აშშ-ის ეპისკოპოსები მხარს უჭერენ პენსილვანიელი მოზარდის ნეტარად შერაცხვის პროცესს
2026 წლის 17 ნოემბერს, ბალტიმორში გამართული აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის (USCCB) საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე, ეპისკოპოსებმა მხარი დაუჭირეს პენსილვანიელი, 18 წლის მარია მიდლტონის ნეტარად და წმინდანად შერაცხვის საქმეს. მარია 2020 წელს, თავის ტვინის არაოპერაბელური სიმსივნით გარდაიცვალა.

მარია მიდლტონი 2002 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. ის ჩვეულებრივი მოზარდის ცხოვრებით ცხოვრობდა: უყვარდა სპორტი, ირლანდიური ცეკვები, მუსიკა და მეგობრებთან ურთიერთობა. ამასთან, გამოირჩეოდა აკადემიური მოსწრებით, იყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი და ეროვნული საპატიო საზოგადოების წევრი.
ბავშვობიდანვე მარიას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა რწმენას. სამი წლის ასაკიდან დედასთან ერთად ყოველკვირეულად ესწრებოდა წირვას, დოილსტაუნში მდებარე ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის სამლოცველოში. სწორედ იქ ისწავლა მან სავარდისა და "ღვთიური მოწყალების გვირგვინის" ლოცვები.
საშუალო სკოლაში სწავლისას, მარია ღარიბებისთვის ტანსაცმლის შეგროვების აქციებს აწყობდა და თანათავმჯდომარეობდა საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც კიბოთი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იმართებოდა. დღეს ამ ღონისძიებას, მისი ხსოვნის პატივსაცემად, „იმედის მარათონი“ (Hope-A-Thon) ეწოდება.
მის პირად ჩანაწერებში ჩანს, თანდათანობით როგორ უღრმავდებოდა სულიერ ცხოვრებას. 11 წლის ასაკში გაკეთებული მისი პირველი ჩანაწერი მხოლოდ ერთ წინადადებას მოიცავს: „ღმერთი მოწყალეა“. მირონცხების მფარველ წმინდანად, მარიამ წმინდა ჟანა დ’არკი აირჩია და წერდა, რომ მზად იყო სულიერი ბრძოლისთვის.
2019 წლის იანვარში, 16 წლის ასაკში, მარიას ტვინის ღეროს ტერმინალური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მას იმედი და სხვებზე ზრუნვის სურვილი არ დაუკარგავს.
იგი უგანდაშიც იმყოფებოდა. ასევე, როდესაც ფონდ „Make-A-Wish“-ისგან სურვილის ასრულების შესაძლებლობა მიეცა, გადაწყვიტა, ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა და დახმარებოდა მოსწავლეს, რომლის ძმასაც ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ჰქონდა.
COVID-19-ის პანდემიის დროს, როდესაც საზოგადოებრივი ღვთისმსახურებები შეჩერდა, მარიამ ფილადელფიის მთავარეპისკოპოს ნელსონ პერესს წერილი მისწერა და ევქარისტიის მიღების დიდი სურვილი გაუზიარა. მთავარეპისკოპოსი მას პირადად ეწვია და წმინდა ზიარება მიუტანა.
მისი ბოლო წერილობითი სიტყვები იყო: „იფიქრე იმედზე“. მარია 2020 წლის 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.
აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის კანონიკური საკითხებისა და საეკლესიო მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეპისკოპოსმა თომას პაპროცკიმ, ეპისკოპოსებს განუცხადა, რომ ეკლესიას მრავალი ახალგაზრდა წმინდანის სახით განსაკუთრებული კურთხევა მიუღია. მათ შორის არიან წმინდა ჟანა დ’არკი, წმინდა ალოიზიუს გონძაგა, წმინდანები ფრანცისკო და ჟასინტა მარტოები და წმინდა კარლო აკუტისი. მისი თქმით, მარია თანამედროვე ეპოქის იმედის განსაკუთრებულ მოწმობას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცხოვრების საზრისს ეძებენ.
მარიას შუამდგომლობით მიღებული მადლის შესახებ ცნობები აშშ-დან, იტალიიდან, პოლონეთიდან და უგანდიდანაც გავრცელდა. მისი მშობლები, ბრაიანი და სიუზან მიდლტონები, ქალიშვილის ისტორიას ფონდის „Think Hope“ და მათ მიერ გამოცემული წიგნის მეშვეობით საზოგადოებას კვლავ აცნობენ.
საქმის შემდგომი ეტაპი ფილადელფიის მთავარეპარქიაში ეპარქიული მოკვლევის ჩატარებაა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან მარიას ცხოვრებას.
თუ პროცესი წარმატებით გაგრძელდება, მარია მიდლტონი კიდევ ერთი თანამედროვე ახალგაზრდა გახდება, რომლის ტანჯვისა და განსაცდელის დროსაც ღმერთისადმი გამოვლენილი ნდობა მრავალი ადამიანის გულს ეკლესიისკენ მიაქცევს.
თაკო ფეიქრიშვილი




Comments