კათოლიკური ტაძრების შიდა კედლებზე ხშირად შეხვდებით ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებულ თოთხმეტი ხატს. თითოეული მათგანი იესოს ვნებას ასახავს, ანუ ტანჯვას, რომელიც მან შეპყრობიდან ჯვარზე გაკვრამდე გაიარა. დიდმარხვის პერიოდში, ყოველ პარასკევს მორწმუნეები თოთხმეტივე ხატთან ჩერდებიან და ლოცულობენ. ამბობენ, რომ ასე იმ ტანჯვას იხსენებენ, რომელიც მაცხოვარმა გოლგოთის მთაზე ასვლამდე განიცადა. ლოცვას – „ჯვრის გზა“ ჰქვია და მხოლოდ დიდმარხვაში სრულდება.
"ჯვრის გზა“ დიდმარხვის პერიოდში, თაყვანისცემის ხასიათის ღვთისმსახურებაა. იგი სათავეს იერუსალიმიდან იღებს და ქრისტეს ცხოვრებასა და მის სიკვდილს უკავშირდება.
შუა საუკუნეებში, „ჯვრის გზის“ გავრცელებაზე პასუხისმგებელი იყვნენ ფრანცისკელი ბერები. იმ დროიდან, „ჯვრის გზის“ აღსრულებამ არაერთხელ იცვალა ფორმა.
როგორ აღვავლენთ დღეს „ჯვრის გზას“ და რა არის მისი არსი?
ქრისტიანულ ტრადიციაში, საუკუნეების განმავლობაში, ამ მსახურებამ ბევრი ცვლილება განიცადა.
1741 წელს, წმინდა ლეონარდომ დადგა 14 ბოძი და მათ საფუძველზე დაიწყო „ჯვრის გზის“ მსახურება კოლოსეუმში. შემდგომ იგი იტალიის 547 იმდროინდელ ტაძარში გავრცელდა.
ცნობილია, რომ წმინდა პაპი იოანე პავლე II „ჯვრის გზის“ მსახურებას აღავლენდა ყოველ პარასკევს, ხოლო დიდმარხვის ჟამს – ყოველდღე.
XXI საუკუნეში შეიქმნა ე.წ. ექსტრემალური „ჯვრის გზა“, რაც გულისხმობს არანაკლებ 40 კილომეტრიანი გზის გავლას. ამ გზას, შეჩერებიდან შეჩერებამდე მორწმუნეები სიჩუმეში გადიან.
რამდენი შეჩერებაა ჯვრის გზის პროცესიაში?
კათოლიკე ეკლესიის სწავლების თანახმად, „ჯვრის გზაზე“ 14 შეჩერებაა. ცნობილია, რომ მე–3, მე–4, მე–6, მე–7 და მე–8 შეჩერებები მოგვიანებით, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით დაემატა.
ამჟამინდელ „ჯვრის გზას“, 1991 წელს საფუძველი წმინდა პაპმა, იოანე პავლე II - მ ჩაუყარა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, 2007 წელს იგი პაპმა ბენედიქტე XVI-მ დაამტკიცა.
სწორედ მას შემდეგ გახდა იგი ოფიციალურად ეკლესიისთვის შესასრულებელი ნაწილი. მორწმუნეთა კრებული „ჯვრის გზის“ მსახურებას იწყებს იესოს მსჯავრის დადებიდან, მის ჯვარზე სიკვდილამდე და დასაფლავებამდე. ეს სიმბოლური მსახურება მორწმუნეებს საშუალებას აძლევს შეიგრძნონ და გაიზიარონ უფლის ვნების სიმძიმე და დაუახლოვდნენ ღმერთს.
როდის აღვავლენთ ჯვრის გზას?
მას აღვავლენთ დიდმარხვის ჟამის ყოველ პარასკევს. დიდმარხვა კი ყოველთვის „ნაცრის ოთხშაბათის“ მსახურებით იწყება.
როგორ აღევლინება „ჯვრის გზა?“
„ჯვრის გზის“ მსახურება კათოლიკე ეკლესიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მსახურებად ითვლება. მისი აღვლენისას მორწმუნეები სასულიერო პირებთან ერთად, ლამაზი საგალობლებითა და ლოცვებით გადიან თოთხმეტ შეჩერებას.
„ჯვრის გზის“ აღვლენა შესაძლებელია ასევე სახლში, ინდივიდუალურად, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საშუალება ტაძარში კრებულთან ერთად ყოფნისა. „ჯვრის გზის“ გავლა უნდა იყოს გახსენება იმ უმთავრესი მოვლენისა, რომელსაც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ჰქვია.
შოთა გიქოშვილი
Comments