15 წლის შემდეგ პირველად, მამა იან სნეჟინსკის საფლავზე
მამა იან სნეჟინსკი ის პოლონელი მღვდელმსახურია, რომელიც საბჭოთა საქართველოში, ერთადერთ მოქმედ კათოლიკურ ტაძარში მოღვაწეობდა... იგი 2011 წლის 4 ოქოტომბერს, პოლონეთში გარდაიცვალა. ალექსანდრე ჯარიაშვილი კი პირველი ქართველია, რომელმაც მამა იანის საფლავზე მისი სულის მოსახსენიებელი ლიტურგისთვის იზრუნა. გთავაზობთ ალექსანდრე ჯარიაშვილის სტატიას.

––––
მამა იანი (იან სნეჟინსკი) ერთ-ერთი გამორჩეული კათოლიკე პოლონელი მღვდელია, რომელიც საქართველოში 25 წელი მსახურობდა. მან მთელი ცხოვრება წმინდა ეკლესიის მსახურებასა და კათოლიკური განათლების გავრცელებას მიუძღვნა კომუნისტების მიერ ღვთისგან გაუცხოებული ხალხისთვის. იმ პერიოდში, იგი იყო ერთი სულიერი კათოლიკე მამა: ქართველების, სომხების, ასურელების, პოლონელებისა და გერმანელებისთვის.
მისი თანამედროვეები მას იცნობდნენ, როგორც გულმოდგინე მოძღვარსა და მქადაგებელს, რომელიც გამოირჩეოდა კათოლიკური შეხედულებების სიმტკიცითა და სიმკაცრით, საქართველოსადმი სიყვარულით და უბრალო ხალხთან სიახლოვით.
მამა ემანუელ საფარიშვილისა და მამა იან სნეჟინსკის წყალობით, საბჭოთა ეპოქაში, მთელს ამიერკავკასიაში ერთადერთი მოქმედი კათოლიკური ეკლესია იყო. მათი მეშვეობით, თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ეკლესია ერთი დღითაც არ დახურულა.
მამა იანის მოღვაწეობასა და მის წვლილზე ქართული კათოლიკურ ეკლესიის ისტორიაში ბევრი დაიწერა, განსაკუთრებით Catholic.ge-ზე, მაგრამ თითქმის არავინ იცის, სად არის დაკრძალული, რადგანაც მისი განსასვენებელი შორეულ პოლონურ სოფელში მდებარეობს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ დადის. მამა იანმა სიცოცხლის ბოლო წლები ზუსტად იქ, “Sanktuarium Matki Bożej Bolesnej” მონასტერში გაატარა. ხუთი წლის წინ, მისი გარდაცვალებიდან 10 წლისთავზე, პირველად შევძელი მამა იანის საფლავის შესახებ ინფორმაციის მოძიება, საფლავის პოვნა და მონახულება და იმ ბერებთან საუბარი, რომლებიც მასთან ბოლო წუთამდე იყვნენ, თუმცა ვერ მოვახერხე წლისთავის სათანადოდ აღნიშვნა.
წელს, 4 ოქტომბერს, მისი გარდაცვალებიდან 15 წლისთავზე, დავბრუნდი მის საფლავთან და მისი სულის მოსახსენებელი წირვა ვითხოვე ახლომდებარე, ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის ეკლესიაში, რის შემდეგაც, მოძღვარ მამა გრეგორთან ერთად, სასაფლაოზე წავედით.
მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ იმ დღეს მამა იანის დეიდაშვილი, კათოლიკე მონაზონი, დედა ვალენტინაც უკრაინიდან ჩამოვიდა.
ეკლესია და სასაფლაო ხალხმრავალი იყო. მამა გრეგორმა, ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა, ძალიან საინტერესო ქადაგება წაიკითხა მამა იანზე, განსაკუთრებით მის მოღვაწეობაზე საქართველოში. ქადაგება ვიდეოზე ჩავწერე, ამჟამად კი ითარგმნება ქართულად და მალე გამოქვეყნდება.
წირვის მერე, სასაფლაოზე მოსახსენიებელი ლიტურგია აღევლინა და შესრულდა „სავარდი“ ლათინურ, პოლონურ და ქართულ ენებზე.
ეს იყო განსაკუთრებული დღე, რადგან 15 წლის შემდეგ, პირველად მის
საფლავთან, მამა იანი დიდი პატივით გავიხსენეთ.
მამა იანის მოკლე ისტორია, მათ შორის მისი მოღვაწეობა საქართველოში, ამოტვიფრულია მარმარილოს საფლავის ნიშანზე, რომელიც მორთული იყო სანთლებით, ყვავილებით, პოლონური და ქართული დროშებით.
მამა იანის ხსოვნა ეკლესიაში შემონახულია, როგორც გულმოდგინე მოძღვრისა, რომელმაც მთელი ცხოვრება ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.
ალექსანდრე ჯარიაშვილი




Comments