ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სამძიმარი პატრიარქ შიო III–ს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო სამძიმარს უცხადებს კათოლიკოს პატრიარქს, შიო III–ს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 2026 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
27 ნოემბერს, საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ მართლმადიდებელ პატრიარქს სამძიმრის წერილი გაუგზავნა:
თბილისი, 2026 წლის 27 ნოემბერი
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების ამბავი, რომელიც უფალმა 25 ნოემბერს მიიბარა.
პირადად ჩემი, მღვდლების, ბერ-მონაზვნებისა და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ყველა მორწმუნის სახელით მსურს, თქვენს უწმინდესობას, წმინდა სინოდს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო დასსა და მრევლს, ასევე სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გამოვუცხადო უღრმესი თანაგრძნობა და ლოცვითი ძმური თანადგომა.
მიტროპოლიტი აბრაამი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურა ეკლესიას ეპისკოპოსის ხარისხში: ბოლო პერიოდში იგი დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ქართველ მორწმუნეთა მწყემსი იყო და მზრუნველობით შეეწეოდა სამშობლოსგან შორს მყოფთ. მქონდა შესაძლებლობა, პირადად შევხვედროდი მას რამდენჯერმე იმ წლებში, როდესაც საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილებას ხელმძღვანელობდა. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მასთან ყოველი შეხვედრა მუდამ ნაყოფიერი იყო.
მის სულს მკვდრეთით აღმდგარი უფლის გულმოწყალებას ვავედრებთ, რათა მიიღოს იგი თავისი სასუფევლის ნათელში და მიანიჭოს კეთილი და ერთგული მსახურებისთვის აღთქმული საზღაური. ვუერთდებით საქართველოს მოძმე ეკლესიის ლოცვას და მასთან ერთად ვღაღადებთ: მარადიულია წყალობა შენი, უფალო!
ძმური პატივისცემითა და უფლისმიერი ერთობით,
+ ჯუზეპე პაზოტო,
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა
სამოციქულო ადმინისტრატორი





Comments