ამ წელს, კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიები აღდგომას ერთსა და იმავე დღეს, 20 აპრილს აღნიშნავენ. ეს ფაქტი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ წელს ნიკეის კრებიდან 1700 წელი შესრულდა. სწორედ ამ კრებამ დაადგინა IV საუკუნეში, რომ ყველა ქრისტიანს აღდგომის დღესასწაული ერთ დღეს უნდა ეზეიმა.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანები, მათ შორის მართლმადიდებლები და კათოლიკეები, აღდგომას ერთ დღეს არარეგულარულად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ. მაგალითად, ბოლო 25 წელში, კათოლიკე და მართლმადიდებელმა ეკლესიებმა აღდგომა ერთსა და იმავე თარიღით აღნიშნეს: 2001, 2004, 2007, 2010, 2011, 2014 და 2017 წლებში.
ზოგადად კი, აღმოსავლური ეკლესია (მაგ. მართლმადიდებელი), დასავლურისგან (მაგ. კათოლიკური) განსხვავებით აღდგომას მოგვიანებით, ყველაზე დიდი ინტერვალით ხუთი კვირის შემდეგ აღნიშნავს.
ამასთან, აღდგომის ერთად აღნიშვნის იდეამ ამ ბოლო წლებში დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან 2025 წელს აღინიშნება ნიკეის კრების 1700 წლისთავი. ეს კრება IV საუკუნეში გაიმართა და იგი ქრისტიანებს ერთიანობისკენ მოუწოდებდა, რათა ყველა ქრისტიანს ერთად, ერთი თარიღით ეზეიმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
მიუხედავად განსხვავებული თარიღებისა, დღესასწაულის არსი ყოველთვის იყო და დარჩება იგივე: ქრისტემ თავისი მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და გაგვიხსნა ზეცის კარი, საუკუნო სიცოცხლისკენ.
აღდგომის აღნიშვნის ტრადიცია
ქრისტიანობის პირველივე წლებში გაჩნდა აღდგომის თარიღის განსაზღვრის სხვადასხვა ტრადიცია, რომელიც მოგვიანებით გაღრმავდა. ეს გამოიწვია იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრის გამოყენებამ.
პასექის აღნიშვნის საწყისები მომდინარეობს ბიბლიიდან, სადაც ნათქვამია, რომ ნისანის* მე-14 დღეს მოემზადებინათ საპასექო მსხვერპლშეწირვა “უფლის პატივმისაგებად, რომელმაც ეგვიპტეში გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს, შემუსრა ეგვიპტელები და იხსნა ჩვენი სახლები” (გამ. 12.27).
· ნისანი არის გაზაფხულის პირველი თვე და ასევე ებრაული ლიტურგიული წლის პირველი თვე. ებრაული კალენდარი, რომელიც დაფუძნებულია მთვარეზე და იწყება ახალმთვარეობას. თვის შუა რიცხვებში, 14-დან 15-ის ღამეს, სავსე მთვარეა. სწორედ გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობაზე აღინიშნება აღდგომა.
პასექი იგივე ებრაული სიტყვა „ფესახი“ ნიშნავს „გასვლას“ და აღნიშნავს ეგვიპტეში ისრაელის ტყვეობის მოვლენას, რომელიც გამოსვლის წიგნშია აღწერილი.
როდესაც ეგვიპტელებმა უარი განაცხადეს ისრაელიანების მონობიდან გათავისუფლებაზე, ღმერთმა მათ სასჯელი გამოუგზავნა. ათი სასჯელიდან ბოლო იყო ადამიანისა და პირუტყვის პირმშოთა დახოცვა. ეს არ შეხებია ისრაელიან ხალხს, რომლებმაც „ღვთის ჩამოვლისას“ კრავის სისხლით მონიშნეს თავიანთი სახლების კარები.
ამ მოვლენის აღსანიშნავად ებრაელები დღესაც პასექს ზეიმობენ, ნისანის თვის მე-14 ან მე-15 დღეს, გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობაზე. სადღესასწაულო ვახშამი (ებრ. seder) იწყება შებინდების შემდეგ, ზუსტად სავსემთვარეობის დღეს, მიუხედავად იმისა, თუ კვირის რომელი დღეს უწევს.

აღდგომის დღესასწაული პირველი საუკუნის ქრისტიანებში
წმიდა იოანეს სახარების მიხედვით, ქრისტე ჯვარს ეცვა მაშინ, როცა საპასექო სერობაზე ებრაელები ცხვარს კლავდნენ. იერუსალიმში მცხოვრები პირველი ქრისტიანული საკრებულო ქრისტეს სიკვდილის დღეს სწორედ ებრაული პასექის ზეიმზე აღნიშნავდა, ანუ 14 ნისანზე (მარტი), იმის მიუხედავად თუ იგი კვირის რომელი დღე იქნებოდა. მოგვიანებით, ზოგიერთ საკრებულოში, აღდგომა გადაიტანეს გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის შემდეგ კვირას, რამაც II საუკუნის შუა ხანებში ორი განსხვავებული ტრადიციის ჩამოყალიბება გამოიწვია. რომში საპასექო მწუხრი აღინიშნებოდა კვირა დღეს, როგორც ქრისტეს აღდგომის ნიშანი, ხოლო აღმოსავლეთი აქცენტს აკეთებდა უფლის ვნებასა და სიკვდილის დღეზე და აღნიშნავდნენ ებრაელების პასექის დღესასწაულზე.
აღდგომის თარიღის გამოთვლა
თავდაპირველად, ქრისტიანები აღდგომის აღსანიშნავად საკუთარ გამოთვლებს არ აწარმოებდნენ. ისინი ელოდებოდნენ ებრაელების მიერ დანიშნულ პასექის დღესასწაულის თარიღის დადგენას. აღდგომის თარიღის დამოუკიდებლად გამოთვლა ქრისტიანებმა დაახლოებით III საუკუნეში დაიწყეს.
ამ საკითხზე მუშაობდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს მეცნიერები, რომის იმპერიის ასტრონომიულ და მათემატიკურ კვლევის ცენტრთან ერთად. აღსანიშნავია, რომ II საუკუნეში იქ მოღვაწეობდა უდიდესი ბერძენი ასტრონომი პტოლემე. ალექსანდრიის პატრიარქმა აღდგომის თარიღი ჯერ ეგვიპტეს გამოუცხადა, შემდეგ კი აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც გაგზავნა.
იულიუსის და გრეგორიანული კალენდარი
შუასაუკუნეების ევროპა სარგებლობდა იულიუსის კალენდრით, რომელიც დამტკიცდა ჩვ.წ.-მდე 46 წელს, იულიუს კეისრის მიერ. კვლევისას შეინიშნა, რომ ეს კალენდარი ყოველ 128 წელიწადში 1 დღით ჩამორჩებოდა ასტრონომიულ დროს, ამიტომ გადაწყდა მისი ჩანაცვლება უფრო ზუსტი კალენდრით.
1582 წელს პაპმა გრიგოლ XIII-მ გამოაცხადა რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა კალენდარული თარიღების ჰარმონიზაციას წლის ასტრონომიულ მოვლენებთან. მაგალითად, გაზაფხულის ბუნიობასთან და ა.შ. ასე შეიქმნა გრიგორიანული კალენდარი, რომელიც მიიღეს კათოლიკურმა ქვეყნებმა და დროთა განმავლობაში პროტესტანტულმა ქვეყნებმაც. თუმცა, ის არ მიიღეს მართლმადიდებლურმა და სხვა აღმოსავლურმა ეკლესიებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი, იულიუსის კალენდრით განსაზღვრავენ აღდგომის თარიღს. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ თარიღის დადგენის ტრადიციას მართლმადიდებლები დღემდე ინარჩუნებენ.
ორ კალენდარს შორის განსხვავება 13 დღეა. ამიტომ აღმოსავლურ ეკლესიებში, დასავლეთთან შედარებით, ზოგიერთი ფიქსირებული დღესასწაული შედარებით გვიან აღინიშნება. მაგალითად შობა, რომელსაც დასავლეთის ქრისტიანები 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ხოლო აღმოსავლეთის – 7 იანვარს. თუმცა აქაც საუბარი არ არის ყველა აღმოსავლური წესის ეკლესიაზე. ე.წ. მოძრავი დღესასწაულების შემთხვევაში, რომელთაგან ერთ-ერთი აღდგომაა, საქმე სხვაგვარადაა.
შოთა გიქოშვილი
Comentarios