top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

23 აპრილი – დონ დამიანე სააკაშვილის გარდაცვალების დღე


23 აპრილს, კათოლიკე ეკლესია საქართველოში დონ დამიანე სააკაშვილს იხსენიებს. იგი ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის წინამძღვარი იყო. 23 აპრილი მისი გარდაცვალების დღეა.


კათოლიკე მისიონერებმა საქართველოში მოღვაწეობა მე-13 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყეს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორდენების შემოსვლით და მათი ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგად, საქართველოში დაარსდა კათოლიკური ეკლესია.


ძლიერი კათოლიკური კერა შეიქმნა ქუთაისში, ქალაქში კათოლიკეთა რიცხვი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც სოლომონ მეორემ ამ აღმსარებლობის მოქალაქეები ახალციხიდან ქუთაისში გადმოასახლა და მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე დაასახლა. მათ ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავეს.


მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფო სუვერენიტეტი დაკარგა, კათოლიკური ეკლესიის უფლებებიც შეილახა. რუსეთის თვითმპყრობელურმა მთავრობამ 1844-1845 წლებში კათოლიკე მისიონერები დასავლეთ ევროპის აგენტებად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ამ გარემოებამ ქართველი კათოლიკეები აიძულა, მეტად ეზრუნათ სასულიერო კადრების მომზადებისთვის. სწორედ ამ პერიოდში აღიზარდნენ ღირსეული პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი სიტყვა თქვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.


მე-19 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე გახლდათ კათოლიკე მოძღვარი დონ დამიანე სააკაშვილი. იგი დაიბადა 1865 წლის 21 ივნისს ქ. ქუთაისში, ქართველი კათოლიკეების იაკობ სააკაშვილისა და მაგდალინა ლაჩინაშვილის ოჯახში. ისინი 1860-იანი წლების დამდეგს გორიდან ქუთაისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.


ქუთაისის კათოლიკური დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, დამიანემ სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც 1883 წელს დაასრულა. როდესაც დამიანეს უახლოესმა ნათესავმა, იმხანად ეკლესიის წინამძღვარმა და რომის აკადემიის ღვთისმეტყველების კანდიდატმა, კავკასიის კათოლიკეთა ეკლესიის ვიზიტატორმა, დონ ივანე ანტონოვმა მას სწავლისადმი განსაკუთრებული სურვილი და მონდომება შეამჩნია, 18 წლის ყმაწვილი სასწავლებლად რომს გააგზავნა.


რომიდან დაბრუნების შემდეგ, დონ დამიანე სააკაშვილს სასულიერო სემინარიაში პროფესორობა შესთავაზეს, მაგრამ მას გული ყოველთვის მრევლის მსახურებისკენ მიუწევდა, ამიტომ დიდი სიხარულით ეკურთხა მღვდლად და ეს ღვთის წყალობად ჩათვალა. 1892-1903 წლებში იგი ტირასპოლის ეპარქიის სხვადასხვა სამრევლოში მსახურობდა. ახალგაზრდა მოძღვარი, სადაც კი მოღვაწეობდა, ყველგან სიყვარულსა და სათნოებას ნერგავდა, ზრუნავდა მოსახლეობის განათლებისათვის; საკუთარი ფიზიკური შრომით, რომელსაც ის ეწეოდა ეკლესიების კუთვნილ დამხმარე ნაგებობათა მშენებლობასა და ეზო-გარემოს კეთილმოწყობაში, მისაბაძ მაგალითს აძლევდა მრევლის წევრებს და მათ საყოველთაო აღიარებას, დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა.


1893-1894 წლებში მისი ხელმძღვანელობით აიგო კათოლიკური ეკლესიები პერეკოპსა და ბერდიანსკში. ასევე, მის სახელს უკავშირდება 1903 წელს ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის იდეა.


ამავე 1903 წელს, დონ დამიანემ, საქართველოში მოგზაურობისას, მეგზურობა გაუწია კათოლიკური სამყაროს გამოჩენილ მოღვაწესა და ქართველი ერის დიდ გულშემატკივარს, ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოსს, ბარონ დე როპპს. ეს მოგზაურობა თავის წერილში აღწერილი აქვს საზოგადო მოღვაწეს, საქართველოში კათოლიკობის ისტორიის მკვლევარს ზ. ჭიჭინაძეს.


1905 წლიდან 1939 წლამდე დონ დამიანე ქუთაისის კათოლიკური მონასტრის წინამძღვარია. იგი მღვდელმსახურებას ბრწყინვალედ უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში; თეოლოგია-ფილოსოფიასთან ერთად, მან ბრწყინვალედ იცოდა საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, ზედმიწევნით ფლობდა უცხოურ ენებს: იტალიურს, ფრანგულს, პოლონურს, ლათინურსა და რუსულს; თავისუფლად ქადაგებდა იტალიურ და პოლონურ ენებზე; იყო ენციკლოპედიური განათლების, ჭეშმარიტად გამორჩეული ინტელიგენტი; დღენიადაგ სრულყოფდა საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას; თავდადებით ემსახურებოდა ყველა ადამიანს, ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად.


საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, რომის მისიამ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა შეწყვიტა. პაპის რწმუნებული, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ნატალე გაბრიელ მორიონდო 1921 წლის მარტში იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. კათოლიკეების მიმართ ანტირელიგიურმა ისტერიამ განსაკუთრებული ძალით იფეთქა, რადგან ისინი “იმპერიალისტური ევროპის” პოტენციურ მოკავშირეებად ჩათვალეს. მათი ეკლესიები დაანგრიეს, ან არადანიშნულებისამებრ გადააკეთეს; სასტიკი რეპრესიებისა და შანტაჟის პირობებში უხდებოდათ ცხოვრება სიკვდილს გადარჩენილ მღვდლებს: დამიანე სააკაშვილს, ემანუელ ვარდიძეს, კონსტანტინე საფარაშვილს. მათ აქტიურად დევნიდა ბოლშევიკური რეჟიმი.


ეკლესიის დახურვის შემდეგ, დონ დამიანე სიცოცხლის ბოლომდე დარაჯად მუშაობდა ქუთაისის უბიწოდ ჩასახვის საყვარელ ეკლესიაში და დიდი რუდუნებით უვლიდა მას. სამშობლოსა და მრევლის წინაშე ვალმოხდილი მოძღვარი 1943 წლის 23 აპრილს, 79 წლის ასაკში აღესრულა. მიუხედავად ომის უმძიმესი დღეებისა, მის გასაცილებლად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.


ეკლესიის ვრცელ გალავანში, ღია ცის ქვეშ, გაისმა კომპოზიტორ ი. კონკონეს დიდი წირვის გულში ჩამწვდომი, ნაცნობი მელოდიები, ისე, როგორც მისი უკანასკნელი წირვის აღვლენისას.


სახელოვანი მამულიშვილი დიდი პატივით დაკრძალეს იქვე – ეკლესიის ეზოში, მისივე გაშენებულ ბაღში.


ჟურნალი "საბა", (აპრილი, 2013)


მოამზადა ნინო ჟღენტმა

გთავაზობთ, "ქუთაისი პოსტის" მიერ მომზადებულ ვიდეოს, დონ დამიანე სააკაშვილის შესახებ.

catholic.ge

bottom of page