‘დავიცვათ ადამიანთა ხმები და სახეები’ – მამა გაბრიელე ბრაგანტინის სტატია
- 19 hours ago
- 2 min read

ასეთი სათაური შეურჩია პაპმა ლეონ XIV-მ გზავნილს, მიძღვნილს კომუნიკაციების მე-60 მსოფლიო დღისადმი, რომელიც 17 მაისს, უფლის ამაღლების დღესასწაულზე აღინიშნება. გზავნილი ადამიანთა შორის ურთიერთობებს, ინსტიტუციების მიმართ ნდობასა და ინფორმაციისა და კომუნიკაციების თემებს ეხება, ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს და შესაძლო საფრთხეს, რაც შეიძლება მოყვეს მის გულუბრყვილო ან განზრახ, თუ კრიმინალური ინტერესებით ნაკარნახევ გამოყენებას.
დღევანდელ საკომუნიკაციო ეკოსისტემებში ტექნოლოგია ურთიერთობებზე აქამდე შეუძლებელი გზებით ახდენს გავლენას - ინფორმაციულ არხებში შინაარსის შერჩევის ალგორითმებიდან დაწყებული, დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მთელი ტექსტებისა და საუბრების რედაქტირებას ახდენს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები დიდ შედეგებს გვაძლევენ, ისინი ვერ ჩაანაცვლებენ ემპათიის, ეთიკისა და მორალური პასუხისმგებლობის უნიკალურ ადამიანურ შესაძლებლობებს. კომუნიკაციის მომავალმა უნდა უზრუნველყოს, რომ მანქანები ადამიანის სიცოცხლის სამსახურში მყოფ ინსტრუმენტებად დარჩნენ.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შექმნას მიმზიდველი, მაგრამ მცდარი, მანიპულაციური და მავნე შინაარსი, ცრურწმენები და სტერეოტიპები და გააძლიეროს დეზინფორმაცია ადამიანის ხმებისა და სახეების მიბაძვით. არსებობს ძნელად სათარგმნელი ინგლისური ტერმინი „uncanny“, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც „შემაშფოთებელი“ ან „იდუმალი“, და გამოიყენება იმ დისკომფორტის აღსაწერად, რომელსაც განიცდით რეალისტურ, მაგრამ არა ,,ადამიანურ“ ციფრულ გამოსახულებასთან ურთიერთობისას. ფორმალური სრულყოფილების მიღმა, რასაც ამჟამად გვპირდება კომპიუტერული ანიმაცია, რაღაც უჩვეულოს ვგრძნობთ: ვცდებით და ვენდობოდეთ იმას, რასაც ვხედავთ, მაგრამ, ამავდროულად, ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ. ტექნოლოგია, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ცდილობდა ჩვენი ყურადღების მიპყრობას სოციალური ქსელების მოდელის მეშვეობით, რათა ის რეკლამის განმთავსებელთათვის მიეყიდა, ახლა, ჩატბოტების გაჩენით, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ჩვენს უფრო მეტად „მიჯაჭვულობას“, ურთიერთობების დამყარებასა და მართვას. ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების ევოლუციას ეს გრძნობა უკიდურესობამდე მიჰყავს. ამ ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფასთან კავშირი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ვსაუბრობთ ადამიანთან, რომელიც უსმენს, რომელსაც ესმის, რომელიც არ განსჯის და ყოველთვის ხელმისაწვდომია.
ამიტომაც, ბუნებრივად მყარდება ამ პროგრამებთან ნამდვილი ურთიერთობა, მათი ნდობა და, შესაძლოა, მარტოსულობის ნაკლებ შეგრძნება. ფაქტები მეტყველებენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, პირადი რჩევებისა და უკუკავშირის მისაღებად ჩატბოტების გამოყენება იზრდება. ხელოვნურ ინტელექტზე გადაჭარბებული დამოკიდებულება ასუსტებს კრიტიკულ აზროვნებას და შემოქმედებით შესაძლებლობებს, ხოლო ამ სისტემების მონოპოლისტური კონტროლი შეშფოთებას იწვევს ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და უთანასწორობის გამო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე საუბრობენ „ხელოვნური ინტელექტის ფსიქოზის“ მზარდ ტალღაზე, რომელიც ხასიათდება დელირიუმის ბოდვითი ფორმებით, რაც გამოწვეულია ასეთ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ხანგრძლივი და ინტენსიური კავშირებით, ისინი აძლიერებენ მცდარ შეხედულებებს და იწვევენ რეალობისაგან სრულ მოწყვეტას. ფსიქოთერაპევტები შეშფოთებულნი არიან ტექნოლოგიის ზედმეტი ჩარევის შედეგებით ისეთ ფრთხილ და რთულ დინამიკაში, როგორიცაა ემოციური და საურთიერთო სივრცე.

პაპი ლეონიც გამოხატავს თავის გზანილში შიშს იმის თაობაზე, რომ ჩატბოტები „ჩვენი ემოციური მდგომარეობების ფარულ არქიტექტორებად“ იქცევიან, იქამდე, რომ „დაიპყრობენ და შეიჭრებიან ადამიანების ინტიმურ სფეროებში“. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, შევჩერდეთ და გადავწყვიტოთ, რომელი გზა ავირჩიოთ ხელოვნური ინტელექტის ჭეშმარიტად ადამიანური გამოყენებისათვის. სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების დანერგვა საგანმანათლებლო სისტემებში, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის შესახებ წიგნიერებაში. როგორც კათოლიკეებს, ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევიტანოთ წვლილი იმის უზრუნველყოფაში, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, შეიძინონ კრიტიკული აზროვნების უნარი და გაიზარდონ სულიერი თავისუფლებით.
მამა გაბრიელე ბრაგანტინიჟურნალი "საბა", 2026, მაისი





Comments