top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორ გადაიხადეს ერეკლე II-ს პანაშვიდი ხიზაბავრის კათოლიკურ ტაძარში

  • 6 minutes ago
  • 4 min read

დაბა და სოფელი

(მოწერილი ამბები)



ხელოვნური ინტელექტის ფოტო
ხელოვნური ინტელექტის ფოტო

სოფ. ხიზაბავრა, (ჯავახეთი). 11 და 25 იანვარს 1898 წ. გარდახდილ იქმნა პანაშვიდი ჩვენს ეკკლესიაში ღვაწლმოსილის მეფე ერეკლე II-ს გარდაცვალების და დაკრძალვის ასის წლის შესრულების გამო. მწირველმა პატივცემულმა მამა მიხეილ ვარძელაშვილმა ქართულის სახარების წაკითხვის შემდეგ აუხსნა ხალხს, რომ ერთმა ღირსეულმა ქართველმა შემომიკვეთა წირვა და პანაშვიდი გარდავიხადო განსვენებულის საქართველოს მეფის ერეკლეს სულის საოხად, რადგან დღეს სწორედ ასი წელიწადი შესრულდა მას აქეთ, რაც მთელ კავკასიის ქრისტიანთა მფარველი მეფე ერეკლე II გარდაიცვალაო.


„ძმანო და მამანო! თქვენმა მამა-პაპამ კარგად იცოდა, ვინც იყო ასპინძის გმირი ირაკლი და თქვენც გაგონილი გექნებათ უთუოდ. ეს ის მეფე იყო, რომელიც ქრისტესათვის და ქრისტიან ხალხის დასახსნელად, მთელი თავისი სიცოცხლე ებრძოლა ქრისტეს მტრებს: ოსმალოს ანუ თათრებს, ყიზილბაშს (სპარსეთს) და დაღესტანის ლეკებს. როგორც მშობელ მამას, ერეკლე მეფეს გული უკვნესავდა, რომ ჩვენი მამანი აქ ოსმალთა სულში იტანჯებოდნენ, ამიტომაც განუწყვეტლად ებრძოდა ოსმალეთს ჩვენ გამოსახსნელად. მარტო ის გაიხსენეთ, ძმებო, რამდენი ასი და ათასი სული ქრისტიანე გაჰქცევია აქედგან შეუწყალებელ მტრის ხმალს და საქართველოში მეფე ერეკლეს შეფარებია თავისის ცოლ-შვილით, სადაც ჩვენ ქართველებს-კათოლიკეებს თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული. სულგრძელი მეფე როდი სდევნიდა ჩვენებს, იმის კალთის ქვეშ შეხიზნულთ, რომ ისინი კათოლიკეები იყვნენ, პირიქით, ნებას აძლევდა დასახლებულიყვნენ, სადაც უნდოდათ იმისს სამეფოში და ეცხოვრათ მშვიდობიანად. არა თუ ჩვენ ქართველი კათოლიკობა, არამედ ქართველი მაჰმადიანი, მეფე ერეკლეს თავის შვილებად მიაჩნდა. მაშ, ვინ იფიქრებდა იმას, თუ არა ამაგდარელი მამა, რომ სიკვდილის წინადაც კი იზრუნა ჩვენთვის და რაც თვითონ ვეღარ მოასწრო, რუსს ხელმწიფეს უანდერძა: „შენ ჩემზე ძლიერი ხარ და ქრისტიანი ხალხი ახლა შენ დაიხსენ თათრების ხელიდგანაო“.


ერეკლე მეფე, ძმებო, იყო თავდაპირველი იმის მიზეზი, რომ დღეს ადამიანურად ვცხოვრობთ და ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი რჯული და ჩვენი ცხოვრება–ქონება უზრუნველყოფილია. მაშ, ვილოცოთ, ძმებო, განსვენებული მეფის ერეკლეს სულის შესანდობლად“, – დააბოლოვა სიტყვა მწირველმა მღვდელმა.

ხალხი, დიდი თუ პატარა, დიდის გულმოდგინებით უსმენდა მამა ვარძელაშვილს სიტყვას და როდესაც დაათავა, მოხუცებულნი ჩამოვიდნენ პატარა სკამებიდგან და მოწიწებით დაიჩოქეს, ახალგაზდობა დადგა მაღალ ჩოქზედ და დაიწყეს დიდებულ მეფის სულისათვის ლოცვა.


გათავდა წირვა. საყდრიდგან დაიწყო დენა ხალხმა: ახალგაზდობა გამოცვივდა და წამსვე ერთი მეორეს ეკითხებოდა:


„ბიჭო, სანდრო! გახსოვს ჩვენი პაპაი რომ იტყოდა ხოლმე, ერეკლე ხანი ერთი ღამე აქ იყო ხიზაბავრაში? დღეს ბატონმა რომ ქადაგებაში თქვა, ეს ი ერეკლე ხანი ხო არ იყო?“


— რა კაცი, კი იტყოდა ხოლმე, ასპინძას ძრიელ გაიმარჯვაო: უთვალავი ლეკი და თათარი დაჰხოცაო“...


„მოიცათ, ბიჭო, მართლა! დავეკითხოთ ტეფო-ბიძას, იმან იცის მაგისთანა ამბები... აგერ კიდეც მოდის, მაგრამ როგორღაც დაღონებულია და იქნება არა გვითხრას–რა!“


– ტეფო ბიძა! ტეფო ბიძაჯან, შენი ჭირიმე! მისცვივდნენ ახალგაზდები, გარს შემოერტყნენ და ხვეწნა დაუწყეს: ერთი გვითხარი, ტეფო ბიძა, დღეს რო ი ბატონმა *). ბატონს ქართველი კათოლიკენი მღვდელს უძახიან. სთქვა ის ერეკლე ხო არ იყო, აი ასპინძის ბოლოს თათრები რო ჟლიტა და ჟლიტა?


მოხუცებულმა სიამოვნებით შეხედა თავისის ცოცხალის თვალებით ახალგაზდებს და გვიამბო:


„ჰო, ბიჭებო! ის ერეკლე ხანია... მაშინ ჩვენში თათრობა იყო. იმან მოინდომა ჩვენი და სხვა ჩვენსავით შევიწროებულ ხალხის განთავისუფლება. ამოიარა ბორჯომის ხეობა, აწყვრიდგან გადმოიარა ელლაზედ (ელლაზი-მთა; აწყვრიდგან ზემოთ მარჯვენა მხრით მტკვრისა, სადაც ძევლად და ახლაც გადადის მოკლე გზა ასპინძიდგან აწყვერს). ჩამოვიდა ასპინძას და აქ დახვდა ურიცხვი ლეკი, თათარი... საშინელი ჩხუბი მოუხდათ და რაც ლეკ-თათარი იყო, ამოწყვიტა, გაჭჟლიტა. იქიდგან ერეკლე ხანმა ჩვენ სოფელზედ ამოიარა, აქ ერთი ღამე დარჩა თურმე, ჯავახეთიდგან წალკაზედ გადაიარა და ჩავიდა ტფილისს ქალაქს.

ერეკლე ქართველი იყო?  – დაეკითხა ვიღაცა ჯგუფიდგან.

— ჰო, შვილო, ქართველი იყო! ჩვენის სასხლის და ხორცისა... იმ დროს აქ თათრობა იყო! თათრები ჩვენ გურჯებს გვეძახდნენ, ათას ნაირად გვტანჯავდნენ. რა ვუყოთ, შვილო, მაშინ გვინდოდა ჩვენში თათრები არ ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ და ქართველ მეფეებს ვერ შეეძლოთ ყოველ დღე იმათთან ეჩხუბათ ჩვენის თავისუფლებისათვის...

— აქედგანაც თქვენ შეეშველებოდით მეფეებს არა?! დაეკითხა მოხუცს ერთი ახალგაზრდათაგანი.

— შევშველებოდით!! მწუხარის ღიმილით წარმოსთქვა მოხუცმა და ჩაიქნია თავი. როგორ შევშველებოდით, როდესაც ათასნაირი ტანჯვა და მწუხარება გეყენა, რომელთაც მეც ცოტა მოვესწარი. ჩვენი ქრისტიანე სოფლები სავსე იყო ლეკითა და ენგიჩრებით: გვართმევდნენ, რაც რამ გვებადა; გვაგინებდნენ რჯულს, პირს, ენას, ხატს, გვატანდნენ ძალას, რომ გველაპარაკა თათრულად, გვეწამა მაჰმადი და გვეგმო ქრისტე, ჩვენი ქალი და რძალი ორმოებსა და ჭურებში დამწყვრეული იყო იმათი შიშით. უწინ, შვილო, ხალხი იმალებოდა დარნებში (მაღაროებში). აი თათარ პეტეთ სახლებს ქვეშ რომ დარნებია, მანდ საყდარივით ჰქონდათ. მაგათი ერთი ტოტი მტკვრამდი ჩადის (2-3 ვერსი სიშორე), იქ ჩადიოდნენ დარნით და იჭერდნენ თევზს; ერთი ტოტიც ნიგჯორის მაღაროებისაკენ მიდის (1 — 1,5 ვერ. სიშორე).


ერთი კვალიც გოგალათ ნაფუზრებისაკენ მიდის (ეს დარნები ეხლაც არის). თითონ ეს ალაგები ტყე იყო უდაბური: ამიტომაც ნადირითა და თევზით – იკვებებოდნენ და ისე ატარებდნენ თავისს სიცოცხლეს. დარნებს დიდრონის - ქვის კარებით ჰკეტავდნენ, რომ ლეკი და თათარი არ შესულიყო. აი, ჩვენის - საყდრის ქვეშ რომ დარნის ფეხი გამოდის, ქვის კარი ეხლაც საღია და პატარა ნახვრეტები აქვს გამოსაყურად და სასროლად. ბევრი დაიღუპა სულითაცა და ხორცითაც: იღებდა იმათ რჯულს - იმიტომ, რომ ჯილდოდ აძლევდნენ სოფლებს, მიწას, დიდკაცობას და ვინც არ იღებდა იმათ რჯულს, იმათ ჰხოცდნენ. ბევრიც მირბოდა და ასე სულ მალვით ტყე-ტყე ქართლში გადადიოდა, ეხიზნებოდა ცოლ-შვილით ქართველ მეფეებს, რომელნიც იფარავდნენ და აძლევდნენ თავისუფლებას. იმ ყიამათში და გაჭირვებაში თურმე ვინც იტყოდა მე სომეხი ვარო და მიეღო სომხის რჯული და ენა, თათრები იმას ხმას არ გასცემდნენ.


— კმარა, გაათავე, პაპა! ვერ უყურებ, გავიყინენით, წავიდეთ, ბიჭებო, პური ვჭამოთ და მერმე მოვგროვდეთ ოდაში, ტაფო–ბიძამ გვიამბოს, რაც დარჩა.


ხელოვნური ინტელექტის ფოტო
ხელოვნური ინტელექტის ფოტო

ამ სიტყვებზედ დაიშალნენ და ყველა თავისთვის წავიდა. მეც გავყევი. გზაზედ მივდიოდი და გატაცებული ვიყავი მოხუცის ლაპარაკით. კერ დავმშვიდებულიყავი. სულ ვფიქრობდი მოხუცის ნაამბობზედ. ცოტაოდენი ან–ბანი ვიცი და ერთი ნომერი „ივერიისა“, სხვისას წყალობით, წავიკითხე, რომ სომხები ამბობენ, კათოლიკენი სომხები არიანო; არ ვიცი, მართალია იმათი ნათქვამი თუ არა, მაგრამ მოხუცის ნაამბობი კი აშკარადა ჰყოფს, რომ მართალი არ უნდა იყოს. თუ რომ ჩვენი კათოლიკენი ვერ მორიგდნენ თათრებთან და დარნებში დაიწყეს ცხოვრება, ოღონდ კი დაეცვათ ქრისტეს რჯული და დედა-ენა, რატომ ახლა მე, როდესაც თავისუფლება მაქვს, არ ვიცავ ჩემს რჯულს — დედა ენას, როდესაც სომხები ერთის ცალიერ სიტყვით მხდიან სომხად. ითვისებენ მამა პაპის საფლავებს, ხორცსა და სისხლს, რად ვაძლევ ნებას ძალად გაიტაცონ ჩემი სახელი: ეს ხომ უსამართლობაა. რად მხდიან ეხლანდელ დროში სომეხს, როდესაც უწინ დარნებში მცხოვრებნი არც-კი იკადრებდნენ სომხად ხსენებას? ყველამ იცის, რომ მაშინ სომხებს თავისუფლება ჰქონდათ და ქართველები კი ოსმალოს დროს სიმწუხარეში ვსცხოვრობდით. რადა მხდიან სომეხს და მიკრძალავენ ვილოცო მამა-პაპის საფლავი იმ ენით, რომლისათვისაც ტანჯულ-წამებულან ჩემნი მამა-პაპანი? რად ასრულებინებენ სომხურად ეკლესიის მსახურნი წირვა-ლოცვას, რომლისაც არაფერი ესმის ერს? ვეკითხებოდი ყოველ ამას ჩემს თავს და პასუხი ვერ მეპოვა.


ხიზაბავრელი ქართველი კათოლიკე

ა. ხუციშვილი


1898 წელი, N25, გაზეთი "ივერია"

Comments


bottom of page