'წერტილების შეერთება' - მამა გაბრიელე ბრაგანტინი
- 2 minutes ago
- 2 min read
შეაერთე წერტილები: ყველასათვის სახალისო და მარტივი თამაში თავისუფალ დროს, ან ზაფხულში ზღვაზე დასვენებისას... ზოგჯერ შეიძლება ბანალური ჩანდეს, მაგრამ ეს გამორჩეული საქმიანობაა ფილოსოფოსთათვის, თეოლოგებისთვის, მენეჯერებისთვის, მეცნიერთა, პოლიტიკოსთა ან ხელოვანთათვის: ანუ მოაზროვნე ადამიანებისათვის; თუმცა, ხელოსანმაც უნდა მოახერხოს წერტილების შეერთება, რათა გაერკვეს ტექნიკაში და ასევე იქცევა სტუდენტი რთული ტექსტის მნიშვნელობის გასაგებად.

შეიძლება თავად ჩვენც წერტილებად აღვიქვათ თავი, მარტოსულ პერსონაჟებად, წვეთებად ზღვაში, ფოთლებად ქარში, მოგვეჩვენოს, რომ არ შეგვწევს უნარი რაღაც შევცვალოთ, ისეთი რამ შევქმნათ, დროს რომ გაუძლებს, თუნდაც გმირულად გავუმკლავდეთ სამყაროს საფრთხეებს.
წერტილების შეერთება არ არის მხოლოდ პატარების ან დიდების გასართობი თამაში, მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება მითოლოგიური ფიგურების აღმოსაჩენად, არც მხოლოდ სათაურია სტივ ჯობსის ცნობილი სიტყვისა, სტენფორდის კუსდამთვარებულების წინაშე რომ წარმოთქვა: ,,Connecting the dots“ - „შეაერთე წერტილები“.
საშური საქმეა საკუთარ თავსა და საგნებში დაფარული აზრის აღმოჩენა; ეს არის სტიმული, რასაც ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება მუდმივად გვთავაზობს, თუმცა ხშირად მას უგულებელვყოფთ, ან იმიტომ, რომ სხვა საქმეები გვაქვს, ან ვფიქრობთ, რომ ძალისხმევად არ ღირს, რადგან მუდმივად ვჩქარობთ, გამაოგნებელ ხმაურში ვართ ჩაფლულები, უკიდეგანო ინფორმაციის მორევში ჩაძირულები: განცხადებები, მონაცემები, ომები, უწყებები, კრიზისები, ყალბი ამბები, მოწმეობები. ახალი ამბები უსწრაფესად ვრცელდება, მოსაზრებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში ხელიდან გვეცლება.
და მაინც, რაც უფრო მეტს ვეცნობით, მით უფრო მცირდება ჩვენი მახსოვრობისა და გზაკვლევის უნარი. ასეთ დროს თავს იჩენს კონტექსტის შეგრძნების დაკარგვის საშიშროება, იმ უნართაგან ერთ-ერთის, რომელიც ადამიანებს მანქანებისაგან განასხვავებს: ხელოვნურ ინტელექტთან ჩვენი ურთიერთობის პროცესზე დაკვირვებისას ერთი მთავარი რამ იკვეთება: ყოველთვის ჩვენ უნდა შევქმნათ კონტექსტი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღოს შედეგები, რომლებიც ლოგიკურ ჩარჩოში ჩაჯდება. კონტექსტის აღდგენა ნიშნავს გავცდეთ ნაწილობრივ ხედვას და ერთმანეთთან დავაკავშიროთ ელემენტები, უფრო ფართო დინამიკაში ჩავრთოთ ფაქტები, ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ანგარიშგასაწევი და მხოლოდ ხმაურის წარმომქმნელი; ეს ნიშნავს, რომ რეალობის სირთულე შედგება ხილული და უხილავი ურთიერთობებისაგან; ნიშნავს შენელების შესაძლებლობას, თავის დაღწევას წუთიერ მოვლენათაგან, რათა საერთო სურათის აღქმა შევძლოთ. ეკონომიკა და კულტურა, ტექნოლოგია და ურთიერთობები, პოლიტიკა და ყოველდღიური ცხოვრება, ინდივიდუალური არჩევანი და კოლექტიური ტრანსფორმაციები, რელიგიები და საზოგადოება, შემთხვევითობა და განგებულება, დრო და სივრცე: მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს დონეები დაიწყებენ ურთიერთქმედებას, შევძლებთ გავიგოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში.

სტივ ჯობსმა 2005 წელს სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში განმარტა, რომ ნამდვილად შესაძლებელია საგნების მნიშვნელობის ჭეშმარიტად გააზრება ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ელემენტების დაკავშირებით, რომლებიც ერთად დაკვირვებისას გარკვეულ ტრაექტორიას ავლენენ. რადგან ხშირად სწორედ ერთი შეხედვით შორეულ მოვლენებს შორის იმალება ცვლილების არსი. სიღრმისეული ცვლილებები იშვიათად წარმოიქმნება ერთი კონკრეტული მოვლენისგან: ისინი სხვადასხვა ფაქტორის გადაჯაჭვულობის შედეგად წარმოიქმნება: ტექნოლოგიური ინოვაციები, ქცევითი ცვლილებები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, დემოგრაფიული დინამიკა, კულტურული დაძაბულობა. წერტილების დაკავშირების პრაქტიკა ნიშნავს აწმყოს აღქმას ურთიერთობების ეკოსისტემად და არა მოვლენათა არეული თანმიმდევრობის სახით. უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ გაგება სჭიროებს დროს, ყურადღებასა და რეალობის სხვადასხვა დონეებს შორის კავშირების შენარჩუნების უნარს.
„წერტილების შეერთება“ არის მუდმივი ვარჯიში, რომლის მიზანია არ გავჩერდეთ ზედაპირზე, მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს არ დავეყრდნოთ, განვასხვავოთ ხმაური სიგნალისაგან, ფოტო კი მოვლენისაგან. ეს არის პასუხისმგებლობის ფორმა, თუნდაც მორჩილების საწინააღმდეგოდ: შევეცადოთ გავიგოთ, სად ვართ სინამდვილეში, რა ძალები მოქმედებენ და რა ტრაექტორიები ჩნდება. წერტილების შეერთებას დღეს მხოლოდ სარგებელი როდი მოაქვს. ის აუცილებელია, სასწრაფოა, თვით მორწმუნისთვისაც, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სწამს აღდგომის და ესწრაფვის რწმენისა და სიცოცხლის წერტილები ერთმანეთთან შეაერთოს; რათა არ დარჩნენ მხოლოდ წერტილებად, თუნდაც შარავანდედი ადგეთ!
მამა გაბრიელე ბრაგანტინი ჟურნალი "საბა", 2026, აპრილი





Comments