აშოცკის საავადმყოფოს, „Redemptoris Mater“-ის გახსნიდან 35 წელი გავიდა
2026 წლის 7 ოქტომბერს, სომხეთში, აშოცკის დასახლებაში კათოლიკე ეკლესიის მიერ დაარსებული საავადმყოფოს Redemptoris Mater–ის 35 წლისთავი აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიებაზე იმყოფებოდა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

ეს არის საავადმყოფო, რომელიც სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 1991 წელს, პაპ იოანე პავლე II-ის გადაწყვეტილებითა და „იტალიის კარიტასის“ მხარდაჭერით აშენდა. მასზე გახსნიდან დღემდე კამილიელი ბერები ზრუნავენ.
შენობა ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე, სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონში მდებარეობს. გარშემო არსებული სოფლების ათასობით მცხოვრებისთვის ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ. დაწესებულება მათ სთავაზობს უფასო მკურნალობას, ოპერაციებსა და მობილურ ამბულატორიებს, რომლებიც მსოფლიოს მოწყვეტილ ყველაზე შორეულ სოფლებამდე აღწევს.
იმ კამილიელ ბერებს შორის, რომლებიც პირველები იყვნენ, ვინც საავადმყოფოზე ზრუნავდა, ერთ–ერთია მამა მარიო კუკაროლო.
სრულად გთავაზობთ მის სიტყვას, რომელიც 35 წლის იუბილეზე წარმოსთქვა:
მადლობას გიხდით და მივესალმები თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილეობა ისურვა. განსაკუთრებით – მის აღმატებულება იტალიის ელჩს, ალესანდრო ფერანტის და ქალბატონ შარუნე ლინარტაიტეს; მის ყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოსა და სომხეთის ლათინური წესის კათოლიკეთა ეპისკოპოსს, მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოს. საქართველოსა და სომხეთში სამოციქულო ნუნციუსი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მონსინიორ ანტე იოზიჩი, რომელმაც დღეს ჩამოსვლა ვერ შეძლო, უახლოეს დღეებში გვეწვევა. სომეხ კათოლიკეთა მთავარეპისკოპოსმა, მონსინიორმა გევორგ ნორადუნგიანმა, რომელიც ამ დღეებში რომში სომეხ ეპისკოპოსთა სინოდში მონაწილეობს, თავისი მოადგილე, ღირსი მამა ნერსეს გალსტიანი მოავლინა.
წმინდა იოანე პავლე II-მ მისალმებისა და მადლიერების გამოხატვის შემდეგ ასე განაგრძო თავისი გზავნილი, რომელიც 1991 წლის 7 ოქტომბერს, ზუსტად 35 წლის წინ, საავადმყოფო „Redemptoris Mater“-ის გახსნის აღსანიშნავად წარმოთქვა: „ქრისტესმიერ უსაყვარლესო ძმებო, საავადმყოფო „Redemptoris Mater“, იმ სხვა კეთილ საქმეებთან ერთად, რომელთა გაღებაც კათოლიკურმა ეკლესიამ 1988 წლის ტრაგიკული მიწისძვრით დაზარალებული სომხებისთვის ისურვა, მორწმუნეთა სიყვარულის გამოხატულებაა. რადგან ეკლესია სწორედ ეს არის: ღვთის სიყვარულით ნაშობი საზოგადოება; საზოგადოება, რომელიც სიყვარულში პოულობს საკუთარი არსებობის საზრისს, ერთადერთ საზრუნავსა და ერთადერთ მიზანს“.
ჩვენ, კამილიელმა ბერებმა – მამა ნინო მარტინიმ, მამა მარიანო ფლორიომ და მამა მარიო კუკაროლომ – წმინდა კამილოს სულიერმა შვილებმა, რომლებიც აქ თავად წმინდა იოანე პავლე II-მ გამოგვაგზავნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი სირთულეების გამო, ვეცადეთ, იმ სიყვარულით გვემუშავა, რომლისკენაც წმინდა პაპი მოგვიწოდებდა.
გამოგვივიდა? შესაძლოა, ციფრებმა თავად გვითხრას რამე... 1993 წლის იანვრიდან 2025 წლის დეკემბრამდე საავადმყოფოში 62 459 პაციენტი მოთავსდა. საოპერაციო ბლოკში 32 855 ქირურგიული ჩარევა განხორციელდა, 2003 წლიდან – ლაპარასკოპიულადაც. სტაციონარში მყოფ პაციენტებს 713 744 ინსტრუმენტული გამოკვლევა ჩაუტარდათ. ამბულატორიულ პაციენტებს საავადმყოფოს შიდა კაბინეტებში, მათ შორის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ბინაზე გამოძახებით, 905 724 ვიზიტი და ინსტრუმენტული გამოკვლევა გაეწიათ. მიმდებარე სოფლების 21 ამბულატორიაში ჩატარდა 427 900 ამბულატორიული და 174 390 ბინაზე ვიზიტი. გაკეთდა 82 225 აცრა.
ეს ყველაფერი 2012 წლის დეკემბრამდე ყველა პაციენტისთვის სრულიად უფასო იყო, ხოლო 2013 წლის იანვრიდან დაახლოებით 45%-მა (უპირველეს ყოვლისა, ოჯახებმა, რომლებსაც დისტანციური მხარდაჭერის პროგრამით უშუალოდ ვიცნობთ, დაქირავებულმა პერსონალმა, პედიატრიულ და სამშობიარო განყოფილებებში მოთავსებულებმა, გადაუდებელი დახმარების მიმღებებმა, სოფლის ამბულატორიების პაციენტებმა და სხვებმა) სრულიად უფასო მომსახურება მიიღო, დანარჩენებმა კი გადაიხადეს, შეიძლება ითქვას, საშუალოდ იმის 20%, რასაც სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიხდიდნენ. სამჯერადი კვებითა და მედიკამენტებით ყველა უსასყიდლოდ იყო უზრუნველყოფილი.

როგორ გახდა ეს შესაძლებელი? პირველ წლებში – იტალიის „კარიტასის“, მოგვიანებით კი – კამილიელთა ორდენისა და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის (8X1000) დახმარებით; შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, ასობით რიგითი მოქალაქის შემოწირულობებით, რომელთა რიცხვიც სულ უფრო იზრდებოდა: სამრევლოებით, მოხალისეთა ასოციაციებით... პაპმაც არაერთხელ გაუწია პირადი დახმარება თავის საავადმყოფოს, რომელსაც სომხეთში სხვაგვარად „რომის პაპის საავადმყოფოდაც“ იცნობენ. ფინანსური დახმარების გარდა, 2022 წლამდე იტალიიდან (ნაწილი კი საფრანგეთიდან) წელიწადში საშუალოდ 5 ცალი 40-ფუტიანი კონტეინერით (76 კუბური მეტრი) ასობით ტონა პროდუქტი შემოდიოდა: სამედიცინო აპარატურა, საკვები, ტანსაცმელი და ა.შ., უპირველესად კი – მედიკამენტები. ყველაფერი საავადმყოფოს საჭიროებებს ხმარდებოდა, დანარჩენი კი მოსახლეობას ურიგდებოდა მწვავე დეფიციტის შესამსუბუქებლად. შემდეგ, 2022 წლიდან, იტალიასა და სომხეთში შექმნილი სირთულეების გამო, ეს ყველაფერი შეჩერდა.
პრობლემა ცოტა როდი იყო, კერძოდ – მომვლელ პერსონალში წმინდა კამილოს სულისკვეთების გაღვივება: რომ სნეულში ტანჯული ქრისტე დაენახათ და არა უბედური ადამიანი, რომლის ხარჯზეც საკუთარი, თუნდაც რეალური, ეკონომიკური გაჭირვების გადასალახად სარგებელს ნახავდნენ. ასევე მრავალი სხვა სირთულე და ქცევა, რასაც საბჭოთა სისტემის გადმონაშთს ვუწოდებ, სადაც ადამიანმა, განსაკუთრებით გაჭირვებულმა ან ხანდაზმულმა, ყოველგვარი ღირსება და ფასი დაკარგა.
ადგილზე გაწეულ დახმარებაზეც შეიძლებოდა გვეამბო, მაგრამ ამ შემთხვევაში სახარებისეული სიტყვები გვახსენდება: ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს შენი მარჯვენა. ამიტომ რიცხვებს აღარ დავასახელებ: თუმცა მრავალ ათას გოგონასა და ბიჭს, მოზარდსა და მათ ოჯახებს დისტანციური მხარდაჭერის გზით განვითარებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში დავეხმარეთ. ასობით ახალგაზრდამ შეძლო საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, რითაც მათ მომავლის პერსპექტივა გაუჩნდათ. შევიძინეთ ორმოცდაათამდე საცხოვრებელი სახლი და მცირე ბოსელი ხელმოკლე ოჯახებისთვის; გარდა ამისა, დახმარება გაიცა სახლების შესაკეთებლად, ღუმელების, ავეჯის, ძროხების, ცხვრებისა და სხვა საჭიროებების შესაძენად. განგება ყოველთვის გულუხვი იყო.
ეს 35 წელი ნამდვილად არ ყოფილა იოლი, ბევრი სიხარულითა და გარკვეული იმედგაცრუებით სავსე გამოდგა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ. საავადმყოფოს გახსნის დღეს, 35 წლის წინ, მშენებელი კომპანიის, „FratelliDIECI“-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ჯანკარლომ, კითხვაზე პასუხად აღნიშნა: მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, თუ ყურადღებით მოუვლიან, შეიძლება 15 წელიც გაძლოსო. მათ შორის დედა ნოელის წყალობითაც, რომელიც 7 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ კვლავაც ჩვენ შორისაა და ვისაც დამსახურებული ტაში ეკუთვნის, ჩვენ ისევ აქ ვართ, თუნდაც მომავალი გაურკვეველი იყოს – თუმცა მივანდოთ იგი ღვთის ხელს. მადლობა ყველა ქველმოქმედს, რომლებიც მრავალნი არიან, და ჩემს უახლოეს თანამშრომლებს: მამა აკაკის და განსაკუთრებით ექიმ ჰასმიკ ჰამბარიანს.
აშოცკი, 2026 წლის 7 ოქტომბერი
მამა მარიო კუკაროლო





Comments