top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დიაკვან კოტე აკოფაშვილის მღვდლად ხელდასხმის თარიღი ცნობილია

ქართველმა კათოლიკე დიაკვანმა, კონსტანტინე აკოფაშვილმა მღვდლად ხელდასხმის თხოვნით საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრატორს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს მიმართა. მისი მღვდლად კურთხევა 2023 წლის 2 სექტემბერს მოხდება.



„სიხარულით გამცნობთ, რომ მივიღეთ დიაკონ კოტე აკოფაშვილის მღვდლად კურთხევის თხოვნა, რომლის ხელდასხმა მოხდება 2023 წლის 2 სექტემბერს, საკათედრო ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ მან კიდევ ერთი წელი უნდა დაუთმოს სწავლას, ახლავე ვმადლობთ ღმერთს, რომ მოუხმო ამ მიწის კიდევ ერთ შვილს და ვლოცულობთ მისთვის“, – განაცხადა 2023 წლის 5 აპრილს, მირონის კურთხევის წირვაზე ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.


კონსტანტინე აკოფაშვილი დიაკვნად 2022 წლის 4 ივნისს, რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ეკურთხა.


მას ხელი დაასხა საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ. წმ. ლიტურგიაზე იმყოფებოდა წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, ასევე საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები.


კონსტანტინე აკოფაშვილი ვალის სამრევლოდან არის. იგი 31 წლისაა, სასულიერო სემინარიაში 17 წლის ასაკში წავიდა, 6 წელი სწავლობდა ყაზახეთის სემინარიაში, სხვა ქართველ სემინარისტებთან ერთად. 2016 წელს მან სემინარიის მიტოვების გადაწყვეტილება მიიღო.


6 წლიანი პაუზის შემდეგ კი, მოწოდება კვლავ აღმოაჩინა და სასულიერო პირად გახდომის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ქუთაისში სტიგმატელ მამებთან ცხოვრობდა.


დიაკვნად კურთხევის შემდეგ იგი იტალიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა.

„ეპისკოპოსის [ჯუზეპე პაზოტო]ლოცვა–კურთხევით წავედი იტალიაში, რათა ავიმაღლო ხარისხი. აქ ვსწავლობ რომში, პაპის სახელობის სალელთა უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე. პირდაპირი თარგმანით ჩემს ფაკულტეტს „ახალგაზრდული სამწყსო ქმედება“ ჰქვია. ვინაიდან ბოლო 3 წელი, საქართველოში „კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრში“, ახალგაზრდებთან ვმუშაობდი, ეპისკოპოსმა როგორც ჩანს, ჩემში შეამჩნია ეს ქარიზმა. ამიტომ ახლა ვსწავლობ ზუსტად იმ ფაკულტეტზე, სადაც ყველა საგანი დაკავშირებულია ახალგაზრდებთან: ახალგაზრდების ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კატეხიზაცია და ა.შ.“, – ამბობს კონსტანტინე.


რომში, პაპის სახელობის სალელთა უნივერსიტეტში სწავლა 2022 წლის სექტემბერში დაიწო. ამბობს, რომ მისთვის ეს ხარისხი მნიშვნელოვანია. იტალიაში მისი ცხოვრების ერთი ნაწილი სწავლას, მეორე კი მსახურებას უჭირავს: „სამრევლოში ვცხოვრობ და როგორც დიაკვანი ისე ვმუშაობ, პარალელურად კი უნივერსიტეტში ვსწავლობ.


დილიდან უნივერსიტეტში ვარ, საღამოს კი სამრევლოში. აქ დღეში ორი წირვაა, კვირას კი, ექვსიც. მინდა მიღებული გამოცდილება ჩემს მომავალ საქმიანობაში ეფექტურად გამოვიყენო“, – ამბობს დიაკვანი კონსტანტინე აკოფაშვილი.


თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page