ომები, მიგრაცია, ერთნაირსქესიანი წყვილები – პაპის აუდიენცია
- 4 minutes ago
- 4 min read
აფრიკიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავში გამართულ აუდიენციაზე, პაპმა ლეონ XIV - მ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხო ძირითადად ომებს, მიგრანციას, ერთნაირსქესიან წყვილთა მიმართ ეკლესიის ხედვასა და სხვა საკითხზებს.

„თან დავატარებ იმ ბიჭის ფოტოს, რომელიც ლიბანში დამხვდა და ახლა კონფლიქტის შედეგად დაიღუპა. ირანში ომის საფრთხე უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა პაპმა აფრიკიდან რომში ფრენისას.
ერთნაირსქესიან წყვილებთან დაკავშირებით, პაპი ლეონ XIV ადასტურებს, რომ წმინდა საყდარი არ ეთანხმება გერმანიაში მიღებულ ფორმალურ კურთხევას, თუმცა ხაზს უსვამს პრინციპს – მივიღოთ „ყველა, ყველა, ყველა“. პაპმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ მიგრანტებს.
აფრიკაში ვიზიტის შეჯამებისას, ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ სამოციქულო მოგზაურობა, უპირველეს ყოვლისა, სახარების ქადაგებაა. მისივე თქმით, პაპის ვიზიტს ხშირად პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ, თუ რას ამბობს პაპი კონკრეტულ ქვეყანაში, აფასებს თუ არა მთავრობას, თუმცა ეს არ არის მისი „უმთავრესი სიტყვა“.
„მოგზაურობა უნდა განიმარტოს, უპირველეს ყოვლისა, როგორც სახარების ქადაგებისა და იესო ქრისტეს კეთილი უწყების გადაცემის სურვილი. ეს არის საშუალება, დავუახლოვდეთ ადამიანებს სიხარულში, მათი ცხოვრების სიღრმეებში, მაგრამ ასევე მათ ტანჯვაშიც“, - განაცხადა ლეონ XIV-მ და აღნიშნა, რომ „ზოგჯერ აუცილებელია გზების ძიება, რათა თავად ხალხს მოვუწოდოთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ“.
მან ასევე დასძინა, რომ სახელმწიფო ლიდერებთან საუბრები მიზნად ისახავს გარკვეული მენტალური ცვლილებების წახალისებას. მეტ ღიაობას საერთო კეთილდღეობის მიმართ და დაფიქრებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვეყანაში დოვლათის სამართლიანი განაწილება.
„თან მაქვს მოკლული ბიჭის ფოტო“...
ირანის კონფლიქტის შესახებ დასმულ კითხვაზე – სურს თუ არა პაპს ამ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა, ლეონ XIV-მ პასუხი ფუნდამენტური საკითხით დაიწყო: - „საჭიროა ახალი დამოკიდებულების, მშვიდობის კულტურის პოპულარიზაცია“.
მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში სხვადასხვა სიტუაციაზე ხშირად პირველი რეაქცია თავდასხმაა, რის გამოც ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება. „ახლახან ვკითხულობდი წერილს, შესაძლოა თქვენც ნახეთ იმ ბავშვების ოჯახებისგან, რომლებიც თავდასხმის პირველივე დღეს დაიღუპნენ. ისინი წერენ თავიანთი ვაჟების, ასულების, შვილების დაკარგვაზე. საკითხავი ის კი არ არის, შეიცვლება თუ არა რეჟიმი, არამედ ის, თუ როგორ დავამკვიდროთ ის ღირებულებები, რომლებისაც გვწამს, ისე, რომ გამოირიცხოს ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი“. - განაცხადა პაპმა.
ისაუბრა რა ირანში არსებულ რთულ ვითარებასა და მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების არასტაბილურობაზე, პაპმა განაცხადა, რომ აუცილებელია ომის საფრთხის შეჩერება და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. „უკიდურესად მნიშვნელოვანია უდანაშაულო ადამიანების დაცვა – ბევრგან ეს ასე არ ხდება. თან დავატარებ ერთი მუსლიმი ბიჭის ფოტოს, რომელიც ლიბანში ჩემი ვიზიტისას დამხვდა და მომესალმა ტრანსფარანტით “კეთილი იყოს შენი მობრძანება, პაპო ლეონ”. მოგვიანებით კი, კონფლიქტის ბოლო ფაზაში, იგი მოკლეს. როგორც მწყემსი, მე ვერ ვიქნები ომის მომხრე“ - თქვა ლეონ XIV-მ.
სიცოცხლის დაცვა ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი, ირანში მორიგი ოპოზიციონერის სიკვდილით დასჯის შესახებ, ლეონ XIV-მ უპასუხა, რომ ის გმობს ყველა უსამართლო ქმედებას - „მე ვგმობ ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევას, ვგმობ სიკვდილით დასჯას. მწამს, რომ ადამიანის სიცოცხლეს პატივი უნდა ვცეთ და რომ ყველა ადამიანს ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე გარანტირებული უნდა ჰქონდეს სიცოცხლის დაცვა და პატივისცემა“. პაპმა განაცხადა, რომ როდესაც რეჟიმი ან სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანებს უსამართლოდ ართმევს სიცოცხლეს, ეს ცალსახად დასაგმობი ფაქტია.
მიგრაცია – რას აკეთებს ჩრდილოეთი სამხრეთისთვის?
ესპანურენოვანმა ჟურნალისტებმა პაპს სთხოვეს მოეხსენებინა კათოლიკეებისთვის მიგრაციის საკითხზე, რომელიც ესპანეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი თემაა. ლეონ XIV-მ ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი მხოლოდ ევროპას არ ეხება, არამედ ჩრდილოეთ ამერიკასაც და იგი გლობალური ფენომენია.
„ჩემი პასუხი იწყება კითხვით: რას აკეთებს გლობალური ჩრდილოეთი იმისათვის, რომ დაეხმაროს გლობალურ სამხრეთს, ანუ იმ ქვეყნებს, სადაც ახალგაზრდები დღეს მომავალს ვერ ხედავენ?“, – მან ასევე დასძინა, რომ ძალიან ხშირად ჩრდილოეთს არ აქვს პასუხი, თუ როგორ შეუქმნას შესაბამისი შესაძლებლობა სამხრეთში ადამიანებს.
პაპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სახელმწიფოს უფლება აქვს, საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით, წესები დაადგინოს.
„მე არ ვამბობ, რომ ყველამ ყოველგვარი წესრიგის გარეშე უნდა შემოაღწიოს, რამაც დანიშნულების ადგილებზე შესაძლოა ზოგჯერ იმაზე უფრო უსამართლო სიტუაციები შექმნას, ვიდრე მათ დატოვეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვკითხულობ: რას ვაკეთებთ ჩვენ, უფრო მდიდარ ქვეყნებში, იმისათვის, რომ შევცვალოთ ვითარება ღარიბ ქვეყნებში?“, – განაცხადა ლეონ XIV-მ.
ბევრისთვის აფრიკა არის ადგილი, საიდანაც სხვა ქვეყნებისთვის მინერალებისა და სიმდიდრის წაღება შეიძლება. ამდენად, მან მოუწოდა გლობალურ საზოგადოებას, გაცილებით მეტი გააკეთონ სამხრეთის ქვეყნების განვითარებაში სამართლიანობისა და თანასწორობის დასამკვიდრებლად, რათა ემიგრაციის აუცილებლობა აღარ არსებობდეს. მან ასევე დასძინა, რომ მიგრაციის საკითხს თან სდევს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაც.
წმინდა საყდრის წინამძღოლმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა უმნიშვნელოვანესი საკითხი: „ისინი არიან ადამიანები და ჩვენ მათ უნდა მოვეპყროთ ადამიანურად და არა ხშირად იმაზე უარესად, ვიდრე ცხოველებს“.
ერთნაირსქესიანი წყვილები - „არ უნდა დავარღვიოთ ეკლესიის რეკომენდაციები“
გერმანელმა ჟურნალისტმა წმინდა მამას სთხოვა შეეფასებინა მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსის, კარდინალ რაინჰარდ მარქსის გადაწყვეტილება, რომელიც მის ეპარქიაში ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვის ნებართვის გაცემას ეხებოდა. ჟურნალისტი ამ საკითხით განსაკუთრებით ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნების კონტექსტში დაინტერესდა.
ლეონ XIV-ს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ეკლესიაში ერთიანობა ან განხეთქილება არ უნდა ფოკუსირდებოდეს სექსუალობის საკითხებზე. „ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც ეკლესია მორალზე საუბრობს, მისი ერთადერთი თემა სექსუალობაა. სინამდვილეში კი არსებობს გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამართლიანობა, თანასწორობა, მამაკაცებისა და ქალების თავისუფლება და რელიგიური თავისუფლება, რომლებსაც ამ კონკრეტულ საკითხზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს“, – განაცხადა პაპმა.
„წმინდა საყდარს უკვე ჰქონდა საუბარი გერმანელ ეპისკოპოსებთან და ნათლად განაცხადა, რომ არ ეთანხმება ერთნაირსქესიანი წყვილების ან არარეგულარულ სიტუაციაში მყოფი წყვილების ფორმალურ კურთხევას, გარდა იმისა, რაც მკაფიოდ იყო დაშვებული პაპ ფრანცისკეს მიერ. კერძოდ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს დალოცვა. ისევე, როგორც მაშინ, როდესაც მღვდელი ლოცავენ ყველას წმიდა წირვის დასასრულს.
პაპ ფრანცისკეს ცნობილი გამოთქმა 'ყველა, ყველა, ყველა' (tutti, tutti, tutti) გამოხატავს ეკლესიის რწმენას, რომ ყველა მიღებულია, ყველა მოწვეულია, ყველა მოწოდებულია იესოს მიმდევრობისა და საკუთარ ცხოვრებაში მოქცევის (სინანულის) ძიებისკენ“, – განაცხადა ლეონ XIV-მ.
„ამ კონტექსტის მიღმა გასვლამ ჩემი აზრით დღეს უფრო მეტად შეიძლება განხეთქილებისკენ წაგვიყვანოს, ვიდრე ერთიანობისკენ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები ერთიანობის ასაშენებლად იესო ქრისტეზე და იმაზე, რასაც იესო ქრისტე გვასწავლის. ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე”, – თვქა წმინდა მამამ.
ვატიკანის დიპლომატია რეჟიმების მიმართ
ფრანგმა ჟურნალისტმა იკითხა, ხომ არ ფიქრობს პაპი, რომ მისი ყოფნა ავტორიტარული ქვეყნების ლიდერების გვერდით, გარკვეულწილად მათი ხელისუფლების ლეგიტიმაციას ახდენს?
პაპმა უპასუხა, რომ ეს მართლაც შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნას ინტერპრეტირებული, თუმცა როგორც მან დასაწყისშივე აღნიშნა, სამოციქულო მოგზაურობის მთავარი მიზანი არის ადამიანებთან შეხვედრა კონკრეტულ ქვეყნებში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ სისტემის დიდ მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც წმინდა საყდარი ხშირად დიდი მსხვერპლის ფასად ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან.
„ზოგჯერ ეს არის ურთიერთობები ქვეყნებთან, რომლებსაც ავტორიტარი ლიდერები მართავენ, თუმცა ეს იძლევა მათთან დიპლომატიურ დონეზე, ფორმალური გზით საუბრის შესაძლებლობას“.
პაპმა თქვა, რომ საჯარო დეკლარაციები თუ კრიტიკა ყოველთვის არ ისმის, მაგრამ „ძალიან დიდი სამუშაო ტარდება კულისებს მიღმა სამართლიანობის ხელშესაწყობად, ჰუმანიტარული საქმიანობის მხარდასაჭერად, ისეთი სიტუაციების მოსაგვარებლად, როგორიცაა პოლიტიკური პატიმრების საკითხი,მათი გათავისუფლების გზების მოსაძებნა, ან შიმშილის, დაავადებებისა და სხვა სირთულეების დაძლევა“.
„წმინდა საყდარი, მრავალ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებით, სინამდვილეში ცდილობს გამოიყენოს სახარება ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად“.
შოთა გიქოშვილი




Comments